fbpx

როგორ შევქმნათ კოლაჟი – მარიამ კაჭარავას გამოცდილება


გააზიარე სტატია


გრაფიკული დიზაინერის, მარიამ კაჭარავას ინტერესი ციფრული კოლაჟის ხელოვნების მიმართ 8 თვის წინ პირველი ნამუშევრის  შექმნით, სპონტანურად დაიწყო. „ეს არ იყო ჩემი გააზრებული ინტერესი, რადგან იმ დროს საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ციფრული კოლაჟის ტექნიკა დამოუკიდებელი მიმდინარეობა ან საერთოდ, ცალკე პროფესია იყო. უბრალოდ მჭირდებოდა ემოციის გამოხატვის საშუალება და სწორედ  პირველი კოლაჟის დასრულების შემდეგ დავინტერესდი ამ საქმით“, – ამბობს მარიამ კაჭარავა, 20 წლის გრაფიკული დიზაინერი.

 

 

ციფრული ინდუსტრიის საბაზისო და პროფესიული კურსის დასრულების შემდეგ, გრაფიკულმა დიზაინერმა თეორიული, ტექნიკური ცოდნის საფუძველზე, საკუთარი ინდივიდუალური ხელწერის, იდეების, ფორმებისა და ფერების ძიება დაიწყო. მან თავისი  ონლაინ პლატფორმა შექმნა და ნამუშევრების ექსპონირება VIVIENN-ის ფსევდონიმით დაიწყო.

 

  • W

 

  • W3

 

  • „პოლუსები“

 

ნამუშევრისთვის საჭირო სხვადასხვა ელემენტს, დეტალს მისი საყვარელი ცნობილი ფოტოგრაფების გამოსახულებებიდან არჩევს, ცდილობს, ვინტაჟური და თანამედროვე ფოტოგრაფია დააბალანსოს, თუმცა უპირატესობას მაინც ძველ ფოტოებს ანიჭებს. 

როგორც თავად ამბობს, როცა ძველს – „ანტიკვარულს“ ეხება, მას ეპოქის სულისკვეთება და ის ისტორიული ენერგეტიკა მოაქვს, რომლის ნაწილიც თავად ხდება. „ჩემი თვალი და გონება ფოტოებზე აღბეჭდილ, ზოგჯერ ეპოქებში აცდენილ პერსონაჟებს, ობიექტებს, ისტორიებს შორის ქსელებს აბამს, ერთმანეთს აკავშირებს და თითქოს დაკარგული ნაწილებიც ერთმანეთს პოულობენ. 

„სურათი რომ შეიკრას“, ყველაფერი ერთ სტილში მომყავს, მაგრამ საბოლოოდ მთავარი მაინც ის არის, რომ ამდენი სრულიად აცდენილი ობიექტის ერთად ყოფნით გაჩნდეს ტკივილის, ცოდვების, იმედგაცრუების, სიყვარულის ან სრული მწუხარებს განცდა“, –  განმარტავს მარიამი.

 

  • New* Stories S

 

  • NEW* Promises S

 

  • Love Room

ადამიანური ცოდვები, რევოლუციები საკუთარ ცხოვრებასა და საზოგადოებაში, სხვების გავლენა საკუთარ ქმედებებზე, კომპლექსები, დამოკიდებულება სიამოვნებასა და ტკივილის მიმართ, ურთიერთობები, დროის ცვლილება და მისი შედეგები – ეს ის თემებია, რომელიც მარიამის ინტერესის საგანს წარმოადგენს. 

არტისტის კოლაჟები მისი პირადი რეალური თუ გამოგონილი ისტორიების ვიზუალიზაციის  მცდელობაა, რომელთა თხრობას სიმბოლური, მეტაფორული ხერხებით ახდენს, შესაბამისად, დამთვალიერებელს საკუთარი თავის პოვნისა და ინდივიდუალური ინტერპრეტირების შესაძლებლობა აქვთ.  

 

  • Echo Ego & Revolutions

 

  • R2

 

  • PHOBIAS

 

მარიამის სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპს გულისხმობს. ჯერ ფერებს არჩევს, შემდეგ სხვადასხვა ობიექტს მეტაფორულ, შინაარსობრივ დატვირთვას აძლევს. მაგალითად, სოკო მისთვის შხამიანი ფიქრების ასოციაციას იწვევს, ღრუბელი  ტკივილის სიმბოლოა, ძაფები კი იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. 

ასევე საინტერესოა ისიც, რომ ქალი და მისი სხეული კოლაჟების ერთ-ერთი მთავარი თემაა. არტისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა, ქალებს ისევ აქვთ კლიშეები, კვლავ უჭირთ საკუთარი თავის და სხეულის შეყვარება, სრული გათავისუფლება, ავიწყდებათ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნიან, რომ კანი, რომელშიც ცხოვრობენ, მშვენიერია. 

„ჩემი ქალები ბოლომდე შიშვლდებიან სამყაროს მიმართ, მათ არაფერი აქვთ დასამალი“,  – ამგვარად აღწერს მარიამი სიშიშვლის კონცეფციას და მისი ნამუშევრების ეროტიკულ კონტექსტს ემანსიპაციის მიზნებს უკავშირებს.

 

  • Iguazú ‘2

 

  • Iguazú

 

  • The crisis ‘1Dfail

მარიამ კაჭარავას კოლაჟების ონლაინ პლატფორმა 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.