fbpx

ევროპული სეზონის გარიჟრაჟზე – ანუ „ლივერპულიდან“„ლივერპულამდე“!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 1 ივნისს „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემ ჰოთსფური“ 2:0 დაამარცხა, მერსისაიდელთა მორიგ ტრიუმფამდე სულ რაღაც ორთვე-ნახევარი იყო დარჩენილი. 

იურგენ კლოპის ბიჭებმა 14 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩში უკვე ლონდონის „ჩელსის“ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგეს და გამარჯვებით გახსნეს ევროპული ფეხბურთის 2019/2020 წლების სეზონი, რომელიც მომავალ წელს ჩვეულებრივზე მეტხანს გასტანს და დასრულდება არა ჩემპიონთა ლიგის ფინალით, არამედ ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრით 12 ივლისს ლონდონში უემბლის სტადიონზე…

ევროპის სუპერთასს ორგვარი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ის გასული სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩია, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები უპირისპირდებიან. მეორე მხრივ კი ამ შეხვედრამდე 5 დღით ადრე „ლივერპულმა“ პრემიერლიგის პირველ ტურში „ნორვიჩი“ გაანადგურა.  

აქედან გამომდინარე, „ჩელსისთან“ მოგება ქრონოლოგიურად თავისუფლად შეგვიძლია ახალ სეზონს მივაკუთვნოთ, რომლის გარიჟრაჟზეც „ლივერპული“ ბრწყინვალედ გამოიყურება.

იურგენ კლოპის გუნდმა ისევე როგორც შარშან, წლეულსაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო და პრემიერლიგის გათამაშებას პირველი ოთხი ტურის შემდეგ 100%-იანი  მაჩვენებლით ლიდერობს. 

შარშანდელი სეზონის შემდეგ „ლივერპული“ ახალი ფეხბურთელებით არ გაძლიერებულა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელ იურგენ კლოპთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ ამჟამინდელ შემადგენლობას თავი ნამდვილად არ ამოუწურავს, განვითარების პოტენციალი სახეზეა და დღესდღეობით მსოფლიოში შეიძლება არც კი მოიპოვებოდეს ყველა რგოლში ისე თანაბრად დაკომპლექტებული გუნდი, როგორიც  „ლივერპულია“.

როდესაც 2015 წელს იურგენ კლოპმა მერსისაიდული კლუბი ჩაიბარა, იმავე სეზონში გუნდი ევროპის ლიგის ფინალში „სევილიასთან“ დამარცხდა. გერმანელ მწვრთნელს საყვედურობდნენ დაცვითი ხაზის სისუსტესა და არასტაბილურობას. დღეს კი „ლივერპულის“ დაცვის ცენტრში ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დაიკია, რომელიც აგვისტოში უეფა-მ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ცნო. 

 

 2018/2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ვირჯილ ვან დაიკი

 

ვან დაიკი, მართლაც რომ გამორჩეული მოთამაშეა როგორც თავისი ფიზიკური აღნაგობით, ისე ფსიქოლოგიური მდგრადობით, რადგან შეუძლებელია გავიხსენოთ ამ ფეხბურთელის უხეშობა მინდორზე ან ეპიზოდი, როდესაც რომელიმე ფეხბურთელმა მას გვერდი აუარა. 

თუკი შესაძლებელი იყო ასეთი რამ, ფეხბურთის გულშემატკივარს „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა გაბრიელ ჟეზუსმა გაახსენა, რომელმაც 4 აგვისტოს პირველმა შეძლო ვან დაიკის მოტყუება უკანასკნელ 65(!) მატჩში.

ინგლისის სუპერთასზე შეხვედრის ძირითადი დროის ანგარიშით 1:1 დასრულების შემდეგ, პენალტები „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს და „ლივერპული“ „სიტისთან“ კვლავ დამარცხებულის როლში გამოვიდა.  

როგორი იქნება მერსისაიდული კლუბისთვის წლევანდელი სეზონი? შარშან მან პრემიერლიგის სათავეში 2018 წლის ბოლომდე გაძლო. Boxing Days-ზე კი მდევარმა „მანჩესტერ სიტიმ“ ის დაამარცხა, გადაუსწრო და საბოლოოდ პრემიერლიგის ტიტული ერთი ქულის უპირატესობით მოიგო.

„ლივერპულის“ შარშანდელ სეზონს ომიც შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან გუნდს თავს უმძიმესი ბრძოლები გადახდა. დავიწყოთ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მან ისე დაძლია, რომ გასვლაზე სამივე შეხვედრა წააგო. 

მაისში კი შედგა დაუვიწყარი ნახევარფინალური მატჩები „ბარსელონასთან“, როდესაც „კამპ ნოუზე“ 0:3-ის წაგების შემდეგ, „ლივერპულმა“ შინ სასწაულებრივად 4:0 მოიგო და ფინალში აღმოჩნდა. ამგვარად, მერსისაიდულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ტურნირი 4 წაგებით მოიგო. 

სტატისტიკა იქით იყოს და „ლივერპულს“ სეზონი ტრიუმფალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაეთვლება, თუკი თავის ისტორიაში პრემიერლიგის პირველ ტიტულს მოიპოვებს. ლიგის მოგების შემდეგ კი გულშემატკივრები თავიანთი გუნდისგან ინგლისის ჩემპიონობას უკვე განსაკუთრებით ითხოვენ.

„ლივერპულს“ ტრიუმფისთვის მთელი სეზონის მანძილზე თავდამსხმელთა ტრიოს – სალაჰი, ფირმინო, მანე – უმაღლეს დონეზე თამაში სჭირდება. რომელიმე მათგანის ფორმიდან ამოვარდნის ან ტრავმის შემთხვევაში კი ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ ყოველთვის მზად არიან „ბარსელონასთან“ დუბლის შემსრულებელი დივოკ ორიჯი ან საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ჯერდან შაჩირი.

უცნაურია, მაგრამ „ბარსელონასთან“ კიდევ ერთი დუბლის ავტორი – ნახევარდაცვის ბურჯი ჯორჯინიო ვიინალდუმი ასევე ითავსებს ხოლმე ფორვარდის ფუნქციებს და მასაც გააქვს გადამწყვეტ სიტუაციებში გოლები, როგორც ეს „ბარსელონასთან“ მოხდა. ჰოლანდიელმა ლეგიონერმა თავდამსხმელის თვისებები ნაკრების მაისურით ერთა ლიგის შეხვედრებში გამოავლინა, რაც ნარინჯისფერთა მწვრთნელ რონალდ კუმანის დამსახურებაა.

 

„ლივერპულის“ ფეხბურთელები „ბარსელონასთან“ გამარჯვებას ზეიმობენ

 

„ლივერპულმა“ ისევე როგორც შარშან, ევროპული სეზონის გარიჟრაჟი წლეულსაც წარმატებით განვლო. კარსმომდგარი ორკვირიანი პაუზა კი უკვე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს დაეთმობა, სადაც ბუნებრივია, რომ საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება.

ევროპის უმთავრეს სანაკრებო ფორუმზე მოსახვედრად ჩვენს გუნდს ერთა ლიგაზე ორი მატჩი აქვს მოსაგები. შესარჩევი ციკლიდან ტურნირის დასკვნით ეტაპზე გასვლა კი პირველი სამი მარცხის შემდეგ უკვე წარმოუდგენლად იქცა საქართველოს ნაკრებისთვის.

5 სექტემბერს ვლადიმერ ვაისის გუნდი თურქეთში ამხანაგურ შეხვედრაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი სენსაციის შემოქმედ კორეის რესპუბლიკის ნაკრებს შეხვდება. ეს ის გუნდია, რომელმაც იმ პერიოდისთვის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ჯგუფში ჩატოვა.

ამის შემდეგ კი ჩვენი ნაკრები 8 სექტემბერს დანიის ნაკრებს შინ დაუპირისპირდება. მნიშვნელოვანია, თუკი ნაკრებში სათანადო დონეზე ჩატარდება ფსიქოლოგიური სამუშაო და თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე გაათვიცნობიერებს, რომ შესარჩევი ციკლიდან ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრა სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი სტატისტის როლში იმყოფებოდეს და  მონაწილეობა არ მიიღოს ჯგუფში ადგილების გადანაწილებაში.

ამ თვალსაზრისით როგორ არ გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების ასპარეზობა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, როდესაც დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით გუნდმა შინ იტალიელებთან ფრედ – 0:0 ითამაშა და რობერტო ბაჯო და მისი თანაგუნდელები  რუსეთის ყინვაში გაუშვა სათამაშოდ საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად. 

ევროპის ჩემპიონატის D საკვალიფიკაციო ჯგუფიდან 3 გუნდი – ირლანდია, დანია და შვეიცარია აცხადებს ტურნირის დასკვნით ეტაპზე გასვლის პრეტენზიას, ადგილი კი ორია. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს არ დაემსგავსოს და რომელიმე ფავორიტი მაინც გაამწაროს თავისი თამაშით. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკრები ისეთივე უფუნქციო იქნება, როგორც ქართული კლუბები, რომელთაც გვიჩვენეს, რომ უფსკრული ვერა და ვერ ივსება ჩვენსა და განვითარებად ევროპულ ფეხბურთს შორის და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჩვენთვის ძალზედ ნაადრევია.

განსაკუთრებით მოულოდნელი და საწყენი იყო გასვლაზე მოგებული მატჩის შემდეგ „საბურთალოს“ შინაური ფიასკო ერევნის „არარატთან“, რომელსაც იქამდე სომხეთის ჩემპიონატში ორად ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. საქართველოს პირველობა კი მარტიდანაა დაწყებული და აქედან გამომდინარე „საბურთალო“ გაცილებით მომგებიან პოზიციაში იმყოფებოდა.

თუკი ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა ევროპული სეზონი ტრადიციულად მის გარიჟრაჟზევე დატოვა, სხვებისთვის ბრძოლა ეშხში სულ მალე შევა და „ლივერპულიც“ ეცდება, რომ მადრიდის „რეალის“ მსგავსად,  ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტული შეინარჩუნოს. 

 

სალაჰმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა „ნაპოლის“ კარში, რამაც „ლივერპული“ მერვედფინალში გაიყვანა

 

„ლივერპული“ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართავს გასვლაზე. თუკი შარშან ჩემპიონთა ლიგაზე მერსისაიდული კლუბი სიკვდილის ჯგუფში აღმოჩნდა „პარი სენ ჟერმენთან“  და ზემოთ ხსენებულ „ნაპოლისთან“ ერთად, წლეულს იურგენ კლოპის გუნდს შედარებით იოლი მეტოქეები ჰყავს ავსტრიული „რედ ბულის“ და ბელგიის „გენკის“ სახით. 

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის „მანჩესტერ სიტიზე“ უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან პეპ გვარდიოლას ბიჭებიც მაინცდამაინც რთულ ჯგუფში არ აღმოჩენილან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. მისი მეტოქეები ბერგამოს „ატალანტა“, დონეცკის „შახტარი“ და ლიგის ასპარეზობიდან  „საბურთალოს“ გამთიშველი ზაგრების „დინამო“ იქნებიან.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.