“მარტოობის ასი წელიწადის” მიხედვით Netflix სერიალს გადაიღებს
“მარტოობის ასი წელიწადის” მიხედვით Netflix სერიალს გადაიღებს.
კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, “50-ზე მეტი ხნის განმავლობაში ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც მარკესის ოჯახმა წიგნის ეკრანიზაციაზე თანხმობა განაცხადა”.
“მარტოობის ასი წელიწადი”, რომელიც თავდაპირველად 1967 წელს, ესპანურ ენაზე გამოსცეს, ნობელიანტი მწერლის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. წიგნის სიუჟეტი გამოგონილ “მაკონდოში” ვითარდება, რომლის ინსპირაციადაც ჩრდილოეთ კოლუმბიას მოიაზრებენ, სადაც მარკესმა ბავშვობა გაატარა.
ჩილელი პოეტის პაბლო ნერუდას სიტყვებით, “მარტოობის ასი წელიწადი” “ესპანური ენის ერთ-ერთი უდიდესი შედევრია სერვანტესის დონ კიხოტის შემდეგ.”
მარკესი კოლუმბიელი ხალხის სიამაყეა. 2014 წელს, 87 წლის ასაკში მწერლის გარდაცვალების შემდეგ კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და მთელ ქვეყანაში დროშები დააშვებინა.