fbpx

ფესტივალ “საჩუქარის” 2019-ის პროგრამიდან: რა იქნებოდა, ქალებს რომ ემართათ მსოფლიო?


გააზიარე სტატია

 

WHAT IF WOMAN RULED THE WORLD 

„ომის ოთახი“ დიდი მიზნების მისაღწევად სტრატეგიული შეხვედრის ადგილს ნიშნავს. 

ამსტერდამსა და ნიუ-იორკში განათლებული, წარმოშობით ებრაელი ხელოვანი იაელ ბართანა პირველი იყო, ვინც „ომის ოთახში“ ქალები შეკრიბა, რომ მსოფლიოს სიმულირებული დასასრულის ბოლო წუთებში გადასარჩენად  გამოსავალი ეპოვათ. 

„რა იქნებოდა, ქალებს რომ ემართათ მსოფლიო?“ – ასე ერქვა ბართანას სპექტაკლს და მან გლობალურ  სცენებზე გამორჩეული ისტორია შექმნა გასულ წლებში.

პოლიტიკური, სოციალური თუ  ისტორიული დილემის გვერდით ხელოვნება ყოველთვის იყო სივრცე და სტრატეგიული შეხვედრის ადგილი დიდი მიზნების მისაღწევად, სადაც პლანეტის ყველა კუთხიდან, ჩვენ შემთხვევაში – ქალების ერთად შეკრება შეიძლება.

 

2019 წლის ფესტივალ „საჩუქარის“ პროგრამა ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო პლატფორმას კავკასიაში საკუთარი უახლესი შემოქმედების წარსადგენად 6 გამორჩეულ რეჟისორ ქალს სთავაზობს.


…და კიდევ ერთ მამაკაცს, რომელმაც ცხოვრება და ბიოგრაფია მსოფლიო დრამატურგიაში ქალი გმირების ფენომენის ამოხსნას მიუძღვნა და უზარმაზარი  ავტორიტეტი შეიქმნა თანამედროვე თეატრის ისტორიაში.

მაგი მარენის, ვიქტორია ჩაპლინის, ქეროლინ კარლსონის, კარლოტა ფერერის, როსიო მოლინას, ნატალია მენენდესის და ანდრი ჟოლდაკის ნამუშევრების ნახვას ქართველი მაყურებელი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის 2019 წლის პროგრამით შეძლებს რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის თეატრებში 19 ოქტომბრიდან – 19 ნოემბრამდე. 

რა მოხდებოდა, თუკი ჩვენი, აქ შეკრებილი ქალების, უახლესი ხელოვნება მსოფლიოს უკეთესობისკენ, გონიერებისკენ, შერიგებისკენ მოუხმობდა? ამაზე აუცილებლად დაგაფიქრებთ შუბერტის კომპოზიციები და ბეკეტის დიდებულ სიჩუმეში გათამაშებული მაგი მარენის დრამა, სადაც თიხაში ამოთხვრილი ათი მოცეკვავე გამოსავალს ეძებს. 

იმ პატრიარქალურ გარემოში, სადაც წესრიგი შიშით მყარდება, „ქალის თავისუფლებაზე“ მხოლოდ მამაკაცი მსახიობების სიმღერა ისმის; აკაპელის, 5 გიტარის და აკუსტიკური დრამის საშუალებით შექმნილი ტრადიციული ფლამენკოს ელექტრონული როკი კი ერთი ქალბატონის დეკადანსია, რომელსაც სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე გზას ცეკვა უკარნახებს. 

დაბოლოს… ანდრი ჟოლდაკის „მეფე ლირი“, რომელიც მის ქართულ ინტერპრეტაციაში ქალია, მდიდარია თავისი ისტორიებით, სამეფო ნანგრევებში გაჭედილი – ხლართებსა და მძვინვარებას შორის, რომელიც სამარადისოდ დაწყევლილია, რომ ახსოვდეს საკუთარი თავი. 

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების, კრიტიკული აღიარებისა და მაყურებლის უდიდესი სიყვარულის მფლობელი 7 გამორჩეული ხელოვანი თბილისში ჩამოდის იმისთვის, რომ  ფესტივალზე წარმოდგენილ მათ უახლეს ნაწარმოებებს ქართულ საზოგადოებაშიც გაუჩნდეს გულშემატკივარი და შემფასებელი. 

ამით მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები ახალ პუბლიკას, 

ქართველი მაყურებელი კი – მსოფლიო აუდიტორიაში ღირსეულ ადგილს მოიპოვებს  და მონაწილეობას მიიღებს იმ სტრატეგიულ შეხვედრაში, რომელიც დიდი მიზნების მისაღწევად იმართება ხოლმე.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის 2019 წლის სრული პროგრამა, ინფორმაცია ბილეთებისა და  ფესტივალის სააბონემენტო სისტემაზე სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.