რე|ბანკი – ახალი საცალო საბანკო მომსახურების ბრენდი საქართველოში
“რე|ბანკი პაშა ბანკის ქვე-ბრენდია, რომლის მიზანია გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში.
თავად ბრენდის კონცეფციაზე სარეკლამო სააგენტო Windfors’-მა იმუშავა და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ფილიალების დიზაინი საკმაოდ კარგად ეხამება იმ საერთო სადა, მარტივ სტილს, რომელიც გვქონდა ჩაფიქრებული.
პირველ ეტაპზე შეიქმნა ე.წ. ბრენჩბუქი, რომელზე დაყრდნობითაც აიწყო თითოეული ფილიალის ინტერიერის დიზაინი. ამ ნაწილზე ვითანამშრომლეთ თინათინ ძირკვაძესთან.
ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობა იყო, რომელსაც წინ უძღოდა პაშა ბანკის კორპორაციული და SME სეგმენტისთვის ზაარბრუკენის მოედანზე გახსნილი ახალი ფილიალი, ბანკისთვის საკმაოდ გამორჩეული ინტერიერით. მის შესახებ სტატია დაახლოებით სამი თვის წინ გამოქვეყნდა at.ge-ზე.
დიდი იმედი გვაქვს, რომ რე|ბანკის ფილიალებიც მომხმარებლების მოწონებას დაიმსახურებს და ის კომფორტული გარემო, რის შექმნაშიც ბრენდის კორპორაციული ფერებიც გვიწყობს ხელს, ბევრ კმაყოფილ კლიენტს უმასპინძლებს.
თინათინთან ერთად ჩვენ ამ მომენტისთვის კიდევ ერთ მსხვილ პროექტზე ვმუშაობთ – ჩვენი ახალი სათავო ოფისი მზადების ბოლო ეტაპზეა და მალე Axis Towers-ში გადავინაცვლებთ,“ – ამბობს ანანო ქორქია, პაშა ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
თინათინ ძირკვაძე, დიზაინერი: “ჩემი მიზანი იყო, შემექმნა სასიამოვნო გარემო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბანკის თანამშრომლებისათვის.
ერთიანი სივრცის დაგეგმარებისას გამოვიყენე შირმები, რომელიც კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის და სივრცის ზონირების საშუალებას იძლევა.
ბრენდის მკვეთრი ფერები დასამახსოვრებელ და გამორჩეულ ხასიათს უსვამს ხაზს. რე|ბანკის ინტერიერი შეესაბამება მისი სერვისების და მომსახურებების პრინციპებს – მარტივი, თანამედროვე, კომფორტული და სასიამოვნო.”
რე|ბანკის საცალო საბანკო მომსახურების პრეზენტაცია 9 აგვისტოს გაიმართა.
ბანკი პირველ ეტაპზე მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.
“ჩვენი სურვილია, მომხმარებლებს შევთავაზოთ ურთიერთმოგებიანი ფინანსური გადაწყვეტილებები ყოველგვარი დაფარული, დამატებითი ხარჯების გარეშე და მათი ყოველდღიურობა უფრო ბედნიერი გავხადოთ,“ – ამბობს შოთა იოსელიანი, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი საცალო ბიზნესის მიმართულებით.
რე|ბანკის ფილიალები ეტაპობრივად გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორსა და ზუგდიდში.
ბანკის ოთხი ფილიალი უკვე ოპერირებს თბილისში – პეკინის 19-ში, ომარ ხიზანიშვილის 15-ში, ჯავახეთის 75-სა და ბათუმში, ილია ჭავჭავაძის 53-ში. სხვა ფილიალების გახსნა კი უახლოეს მომავალში იგეგმება.