სალონური საოპერო წარმოდგენებით “ოპერა რეგიონებში” მთელ საქართველოს მოივლის
“ოპერა რეგიონებში” ახალგაზრდა ქართველი ოპერის რეჟისორის, ირინა გაჩეჩილაძის პროექტია, რომლის ფარგლებშიც, 11- 24 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში ე. წ. სალონური საოპერო წარმოდგენები გაიმართება. მსმენელი გაეცნობა იტალიური წარმოშობის ამერიკელი კომპოზიტორის, ჯან კარლო მენოტის 28-წუთიან მინი-ოპერას “ტელეფონი”.
საოპერო წარმოდგენის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოება მოისმენს რამდენიმე არიას და კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს. პროექტის მთავარი მიზანია საოპერო მუსიკის პოპულარიზაცია. რეჟისორის თქმით, მას განსაკუთრებით აინტერესებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები და საქართველოს ის რეგიონები, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.
პროექტი განხორციელდა თბილისში ავსტრიის საელჩოს პატრონაჟით და მისი მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ირინა, ეს სპექტაკლი თავდაპირველად ევროპის რამდენიმე ქალაქში დაიდგა. რამდენად წარმატებით ჩაიარა პრემიერებმა?
“ტელეფონი” ვენის “ფოლქსთეატრის” მცირე სცენაზე, ლონდონში “სალონურ ოპერაში” და ბრატისლავაში “ზიჩი პალასში” იყო წარმოდგენილი. საბედნიეროდ, მსმენელმა იმდენად კარგად მიიღო, რომ ლონდონში, მეორე სპექტაკლზე გაცილებით მეტი მაყურებელი მოვიდა, ვიდრე ადგილები იყო გათვალისწინებული. ვენაში კი დარბაზი იმდენად გადაივსო, რომ მსურველებს ვერ იტევდა… სწორედ ვენის პრემიერის შემდეგ დაიბადა იდეა, ეს სპექტაკლი საქართველოში წამომეღო და რეგიონებში მეჩვენებინა.
რამდენად გავრცელებულია მინი ოპერის მოდელი სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ნიუ-იორკში, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდით?
ზოგადად, პატარა ოპერები დიდ ოპერებს ვერ უწევენ კონკურენციას. სწორედ ამიტომ მივეცი ჩემს დადგმებს სალონური სახე და ისინი იმართება ისეთ შენობებში, რომელთა დაქირავება ძვირი არაა. დეკორაცია იმდენად მცირეა, რომ ერთ ჩემოდანში ეტევა. საოპერო დადგმებში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სიამოვნება ორკესტრია. ჩემს წარმოდგენას კი მუსიკალურად მხოლოდ ერთი პიანისტი და ერთი ჩელისტი აფორმებენ. მონაწილეობს ორი მომღერალი (სოპრანო და ბარიტონი) და ერთი მსახიობი. ასეთ წარმოდგენას მინიმალური დანახარჯი სჭირდება და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სალონურ ოპერას მომავალი აქვს.
საიდან დაგებადათ იდეა?
იდეა ორ ძირითად მოტივს აერთიანებს: ეს არის დამწყები საოპერო მომღერლებისთვის საკუთარი თავის გამოხატვისა და განვითარების საშუალების მიცემა და საოპერო მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში.
რა გზა გაიარეთ ოპერის რეჟისორობამდე?
ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი ისრაელში ვცხოვრობდი და ქორეოგრაფიას ვსწავლობდი. გადავიღე ასევე ქორეოგრაფიული ფილმებიც. ისე მოხდა, რომ ცნობილმა ქართველმა ტენორმა ბადრი მაისურაძემ ნახა ჩემი ფილმები და მირჩია შემეცვალა მიმართულება და ოპერის დადგმა მეცადა. მანვე მირჩია ჩამებარებინა მოსკოვში, თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში. ასეც მოვიქეცი და დავამთავრე ოპერის რეჟისურის ფაკულტეტის მაგისტრატურა.
როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა სტუდენტობის შემდეგ?
სწავლის დამთავრების შემდეგ მომეცა საშუალება ერევანში დამედგა ჩემი პირველი სპექტაკლი, მოცარტის ოპერა “დონ ჟუანი”. შემდეგ დავტოვე პოსტსაბჭოთა სივრცე და გავემგზავრე ამერიკაში. კერძოდ კი პრინსტონში დავდგი პუჩინისა და რაველის ოპერები. გარდა ოპერისა, ასევე ვმუშაობ დრამატულ სპექტაკლებზეც, ძირითადად, ნიუ-იორკში: იქ დავდგი ჩეხოვის „თოლია“, ბორის აკუნინის „ჰამლეტი. ასევე “ვერსია“, თანამედროვე ამერიკელი დრამატურგების პიესები. ნიუ-იორკშივე ჩავატარე ქართული დრამატურგიის ერთთვიანი ფესტივალი, რომელზეც 9 ქართველი მწერლის 11 პიესა იყო წარმოდგენილი.
დავუბრუნდეთ “ტელეფონს”… მისი წარმომავლობისა და სიუჟეტის შესახებ გვიამბეთ.
ჯან კარლო მენოტი იტალიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორია და ის მიჩნეულია ამერიკული ოპერის ფუძემდებლად. ოპერა “ტელეფონი” გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწერა და მისი ლიბრეტოს ავტორიც მენოტია. სიუჟეტი დღესაც ძალიან აქტუალურია და სასიყვარულო სამკუთხედს ეხება. სამ სუბიექტს შორის “მურმანის ეკალი” ტელეფონია… სწორედ ტელეფონი უშლის წყვილს ხელს. სიუჟეტი მარტივია: ბიჭი მიდის გოგონასთან ხელის სათხოვნელად და ამას ვერ ახერხებს, რადგან ის მუდმივად ტელეფონით საუბრობს. ბოლოს ახალგაზრდა კაცი ბინას ტოვებს და ხელის თხოვნას მხოლოდ მას შემდეგ მოახერხებს, როდესაც ქუჩიდან დაურეკავს შეყვარებულს.
რატომ დაიბადა იდეა გეჩვენებინათ ეს სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქში?
გარდა რეჟისორისა, მაქვს ასევე ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და გულწრფელად მწამს, რომ ხელოვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს ადამიანურ ურთიერთობებშიც. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში სპექტაკლის ჩვენება ჩემი ყველაზე დიდი ინტერესია. ხელოვნებას ნამდვილად შეუძლია ჩვენი გაერთიანება და არაერთი პრობლემის გადაჭრა. გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა ადამიანები მეტად ეზიარონ საოპერო ხელოვნებას და კლასიკურ მუსიკას. ეს სპექტაკლები მეტწილად იმ ადამიანებზეა ორიენტირებული, ვინც ვერ ახერხებს ასეთი ტიპის სპექტაკლებზე დასწრებას.
დაბოლოს, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს სპექტაკლში მონაწილეობენ?
სპექტაკლში რამდენიმე მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები და მომღერლები: ვენიდან (ავსტრია) სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, აგრეთვე ჩელისტი ჰეზერ ლესლი ჰოლანდიიდან. საქართველოდან მონაწილეობენ ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი ფილიპე გრეჩულევიჩი და ჩელისტი გიორგი კიკაბიძე.
“ოპერა რეგიონებში” სექტემბრის განმავლობაში წარმოდგენებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამართავს:
11 სექტემბერი – ბათუმი, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლა, დიდი საკონცერტო დარბაზი
14 სექტემბერი – ზუგდიდი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე
15 სექტემბერი – ჭიათურა, ა. წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი
16 სექტემბერი – თბილისი, კულტურის ცენტრი “მუზა”
18 სექტემბერი – დუისი (პანკისის ხეობა), კულტურის სახლი
19 სექტემბერი – ნიქოზი, კულტურის ცენტრი
20 სექტემბერი – რუსთავი, დრამატული თეატრი
24 სექტემბერი – ახალქალაქი (ჯავახეთი), კულტურის სახლი