რესტორნები ქალაქის მთავარ სიმბოლოებთან – თბილისში, სიეტლში, პრაღაში, ბერლინსა და პარიზში
თბილისის ყველაზე მაღალ და სიმბოლურ ადგილას, მთაწმინდაზე, იქ, სადაც სატელევიზიო ანძა დგას, 1938 წლიდან დაიდო ბინა ფუნიკულიორის კომპლექსმა. მას შემდეგ სამსართულიანი შენობა თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
ფუნიკულიორის კომპლექსის ხიბლი მის მდებარეობაშია – ისტორიული ნაგებობა ქალაქის თავზეა, საიდანაც ხედი მთელ თბილისზე იშლება და იქამდე მისასვლელი გზებიც თავის მხრივ უკვე საინტერესოა – იქნება ეს საბაგირო თუ სამანქანო.
დროთა განმავლობაში “ფუნიკულიორმა” რამდენჯერმე შეიცვალა ფორმა და დღეს ამ შენობაში გაერთიანებულია სამი განსხვავებული სპეციფიკის გასტრონომიული ობიექტი – თბილისის ლეგენდარული რესტორანი “ფუნიკულიორი”, ტრადიციული ქართული რესტორანი “ჩელა”, პურ-ფუნთუშეულის კაფე “ფუნიკულიორი” და სამი მულტიფუნქციური სადღესასწაულო სივრცე – ისტორიული წვეულებათა დარბაზი, პანოს ოთახი და სანადიმო.
ფუნიკულიორზე ერთნაირად გამართლებულია როგორც სავახშმოდ ან სასადილოდ ასვლა, ასევე წვეულებების მოწყობა.
იმ შემთხვევაში, თუკი წვეულებას ფუნიკულიორის კომპლექსის რომელიმე სადღესასწაულო სივრცეში დაგეგმავთ, თქვენ მოგემსახურებათ პერსონალური მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ ღონისძიების სრულად ორგანიზებაში, დაგიგეგმავთ ღონისძიების მთლიან პროგრამას სწორი განრიგითა და თანმიმდევრობით, შეგირჩევთ შესაბამის მენიუს, დაგეხმარებათ მუსიკალური პროგრამისა თუ დარბაზის გაფორმების შერჩევაში. პერსონალური მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება თქვენი ღონისძიების იდეალურად წარმართვაში.
თბილისის რესტორნებს შორის “ფუნიკულიორი” ოდითგანვე გამოირჩეოდა სტუმარმასპინძლობის მრავალწლიანი ტრადიციით – აქ გამართული წვეულება ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.
სხვადასხვა დროს “ფუნიკულიორს” სტუმრობდნენ ჯონ სტეინბეკი, რობერტ კაპა, მარგარეტ ტეტჩერი, ინდირა განდი, ფიდელ კასტრო; უახლოეს წარსულში – ალენ დელონი, ჯონ მაკკეინი, ჯეიმს აპატურაი, დევიდ ლინჩი, ანგელა მერკელი, მაიკ პენსი, შეიხა მოზა და უამრავი სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საპატიო სტუმარი.
“ფუნიკულიორს” დამატებით მიმზიდველობას მატებს მისი კულტურული კავშირებიც: შენობის მეორე სართულს ამშვენებს ქართველი მხატვრის, კოკა იგნატოვის მიერ 1972 წელს შესრულებული ლეგენდარული ფრესკა სახელწოდებით „ფიროსმანის მონატრება,“ რომელიც გასული საუკუნის მიწურულს უკვე მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და ჯი-ემ-თი ჯგუფის ინიციატიცით ჩატარებული რესტავრაციის შედეგად კვლავ მიმზიდველად გამოიყურება.
ფუნიკულიორის შენობა სხვადასხვა დროს არაერთი ქართული ფილმის („აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „შეხვედრა მთაში”) გადასაღებ მოედნადაც ქცეულა.
თბილისის ფუნიკულიორის მსგავსად, ქალაქის მთავარ სიმბოლოებთან ახლოს, ან თავად კოშკებსა და სატელევიზიო ანძებში, არაერთ სხვა ქალაქშიც ნახავთ საინტერესო კვების ობიექტებს.
მაგალითად, ბერლინში ქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობა 368-მეტრიანი მბრწყინავი ბურთით შენიღბული სატელევიზიო ანძაა – მწვერვალზე განთავსებული მუზეუმით და მოძრავი პანორამული რესტორნით, რომელიც ბარისა და რესტორნის განყოფილებებს მოიცავს და მას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.
პარიზის მთავარ ტურისტულ ნაგებობასა და სიმბოლოში, ეიფელის კოშკში რამდენიმე ტიპის კვების ობიექტი ფუნქციონირებს: ჟიულ ვერნის რესტორანი, 58 TOUR RESTAURANT, ბუფეტი და შამპანურის ბარი. თითოეული ამ ადგილის ხიბლი საუკეთესო ხედებია, მენიუ კი მაქსიმალურად ისეა შედგენილი, რომ ფრანგული კულინარია სრულად შეიგრძნოთ – გასინჯოთ ტრადიციული კერძები, ტკბილეული და სასმელები.
კიდევ ერთი რესტორანი სიეტლის კოშკშია – 160 მეტრის სიმაღლეზე მდებარე Citysky, რომელიც 2017 წელს რესტავრაციის გამო დაიხურა და 2018 წელს კვლავ განაახლა მუშაობა. რესტორნის რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი.
ევროპული და ამერიკული “ლენდმარკების” რესტორნებზე უფრო მაღალია შანხაის რესტორანი ჩინეთში, რომელიც მსოფლიოში სიმაღლით მესამე შენობაშია. ეს ცათამბჯენი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და თითოეულ განყოფილებას აქვს თავისი ბაღები, კაფეები, რესტორნები და სავაჭრო მოედნები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა, რომელზეც მოგვიანებით საინტერესო სკულპტურები განათავსა თანამედროვე ჩეხმა სკულპტორმა დევიდ ჩერნმა, სატელევიზიო ანძაა პრაღაში. ანძა სოციალისტური ეპოქის არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს და ბარს, რესტორანს და ერთოთახიან სასტუმროს აერთიანებს.
ქალაქების სიმბოლოებში განთავსებულ რესტორნებს, მათი მიმზიდველობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული რანგის მზარეულები ემსახურებიან და სახასიათო მენიუ გამოარჩევთ.
ამ მხრივ გამონაკლისი არც თბილისის “ფუნიკულიორია”, რომელიც თავის სტუმრებს დაუვიწყარ კულინარიულ თავგადასავალს სთავაზობს ბრენდ-შეფ გიორგი სარაჯიშვილთან ერთად. ისტორიული ნაგებობა და ვიზიტორების კომფორტზე ორიენტირებული გარემო კი აქ გატარებულ დროს სასიამოვნოს და ყველასთვის დაუვიწყარს ხდის.