fbpx

სექტემბერში დაგეგმილი კინოპრემიერები


გააზიარე სტატია

კინოინდუსტრია სულ უფრო სწრაფად ვითარდება. ეს  დაანონსებული ფილმების სიმრავლესა და ჟანრობრივ მრავალფეროვნებაშიც გამოიხატება. გთავაზობთ ფილმებს, რომელთა პრემიერაც სექტემბერში იგეგმება, ან  მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. 

 

It Chapter 2

ფილმი გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰორორის – It-ის გაგრძელებაა. It ეკრანებზე   2017 წელს გამოვიდა. ფილმი ლეგენდარული სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული. სიუჟეტი 7 ბავშვის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც საშიშ, მონსტრ ჯამბაზს ებრძვიან. 

რაც შეეხება ფილმის მეორე ნაწილს, მაყურებელი კინოსურათში ნაცნობ გმირებს – ამჯერად ზრდასრულ ასაკში შეხვდება. სამსახიობო შემადგენლობაშია ჯეიმს მაკევოი, ჯესიკა ჩესტეინი და ბილ ჰეიდერი. ფილმზე Warner Bros.-მა იმუშავა, რეჟისორი კი, ისევე, როგორც პირველი ფილმის, კვლავ ენდი მუსკეტია. 

It Chapter 2-ის  პრემიერა 5 სექტემბერს ავსტრალიაში, ბრაზილიასა და გერმანიაში გაიმართა, 6 სექტემბრიდან კი ის კინოგაქირავებაში სხვა ქვეყნებშიც ჩაეშვა. 


The Goldfinch

ამერიკელი მწერლის, დონა ტარტის პულიცერის პრემიის მფლობელი  ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმის ეკრანიზაციაზე რეჟისორმა ჯონ კროულიმ იმუშავა.  ეს არის ისტორია ბიჭზე – თეო დეკერზე, რომლის დედაც მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში აფეთქებისას ტრაგიკულად დაიღუპა. შემთხვევის შემდეგ 13 წლის თეო  მდიდარმა ოჯახმა იშვილა. დრამაში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, ანსელ ელგორთი და სარა პოლსონი  ასრულებენ. 

The Goldfinch-ის  პრემიერა 13 სექტემბერს შედგება. 


Hustlers   

2019 წლის 13 სექტემბერს კრიმინალური კომედიური დრამის,  Hustlers-ის პრემიერა გაიმართება. სიუჟეტი სტრიპტიზის მოცეკვავე ქალების ირგვლივ ვითარდება, რომლებიც  მდიდარ კლიენტებს ძარცვავენ. ფილმის სცენარი შთაგონებულია New York Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომელიც მკითხველს ანალოგიურ ამბავზე უყვებოდა.  

კომედიურ დრამაში მთავარ როლებს ასრულებენ:   ჯენიფერ ლოპესი, კონსტანს ვუ და სხვა ცნობილი მსახიობები. ერთ-ერთ მთავარ გმირს გრემის მფლობელი ჰიპ ჰოპ არტისტი ქალი cardi b განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე  გავლენიანი რეპერი წარსულში რეალურად სტრიპტიზის მოცეკვავე იყო.  


Downton Abbey 

ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, ოსკაროსანი მეგი სმიტი ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, კინოში თავისი ცნობილი როლით ბრუნდება. Downton Abbey ამავე სახელწოდების ცნობილი სერიალის ისტორიის გაგრძელებაა, ამჯერად ფილმის სახით. კინოსურათში სიუჟეტი 1927 წელს, კროულების დიდგვაროვანი ოჯახის ირგვლივ ვითარდება.

ფილმის პრემიერა დიდ ბრიტანეთში 13 სექტემბერს შედგება, მსოფლიო კინოგაქირავებაში კი 20 სექტემბრიდან ჩაეშვება. 


Ad Astra

ჯეიმს გრეის სათავგადასავლო მისტიკური დრამის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. ისტორია  ბრედ პიტის გმირის – ასტრონავტ როის ირგვლივ ვითარდება, რომელიც კოსმოსურ მისიაში ერთვება. 

სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირის მამა 30 წლის წინ უცხოპლანეტელების ცივილიზაციის საპოვნელად კოსმოსურ ექსპედიციაში გაემგზავრა და გაუჩინარდა, როის მიზანი სწორედ ამ შემთხვევის შესახებ სიმართლის გარკვევაა. 

Ad Astra მსოფლიო კინოთეატრებში 20 სექტემბრიდან გამოვა. 


Judy 

27 სექტემბრიდან მაყურებელი რენე ზელვეგერს ლეგენდარული ჯუდი გარლანდის როლში იხილავს. სიუჟეტი 1968 წელს, მსახიობის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვითარდება. ფილმი გარლანდის კარიერასა და ტრაგიკულ ცხოვრებაზეა.  
                        

Abominable 

ანიმაციური ფილმი შანხაიში მცხოვრები ჩინელი გოგოსა და თოვლის კაცის მეგობრობაზეა. მთავარი გმირი თოვლის კაცს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავზე აღმოაჩენს და მას უკან,  სახლში – ჰიმალაის მთებში – დაბრუნებაში ეხმარება. ანიმაციის პრემიერა 27 სექტემბერს იგეგმება.

                     

Midnight Traveler

ავღანელი რეჟისორის, ჰასან ფაზილის დოკუმენტური ნამუშევარია. სურათი ასახავს ფაზილის და მისი ოჯახის ცხოვრებას მაშინ, როდესაც ისინი ქვეყნიდან თალიბანისგან თავის დასაღწევად გამოიქცნენ.

Midnight Traveler-ის პრემიერა 18 სექტემბერს შედგება. 

 

The Day Shall Come

კრის მორისონის კომედია მაიამიში მცხოვრები ღარიბი მქადაგებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც რევოლუციური იდეები აქვს. მოულოდნელად მას ფულს სთავაზობენ, რომ ოჯახთან ერთად სიღატაკეს თავი დააღწიოს. 

ირკვევა, რომ სპონსორი fbi-სთვის მუშაობს, საგამოძიებო ბიუროს გადაწყვეტილი აქვს, რომ მთავარი გმირი  იდეების პროვოცირებით დამნაშავედ აქციოს. 

The Day Shall Come კინოგაქირავებაში 27 სექტემბერს ჩაეშვება. 

 

Monos

ალეხანდრო ლანდესის მძაფრსიუჟეტიანი დრამის ტრეილერის ყურებაც საკმარისია, მიხვდეთ, რომ ფილმი მძიმე, მაგრამ საკმაოდ საინტერესო რეჟისორული ნამუშევარია. ისტორია მოგვითხრობს კოლუმბიის მთებში მცხოვრები 8 ბავშვის შესახებ. ცივილიზაციას მოწყვეტილები და შეიარაღებულები, თვითორგანიზებად ბანდას ქმნიან. ისინი მთებში შემთხვევით მოხვედრილ ქალს მძევლად აიყვანენ. 

ფილმის პრემიერა 13 სექტემბერს შედგება. 

 

ორიგინალი: http://www.bbc.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.