fbpx

“ისტორიული მნიშვნელობის” მეორადები თბილისში


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

ფოტოების ავტორი: ნინუცა კაკაბაძე

 

21-ე საუკუნის დამდეგს საქართველოში მეორადი ტანსაცმლის ბიზნესის აყვავების ხანა დადგა.  ხშირად ჩვენი მშობლებისთვის ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ ზამთრისთვის ქურთუკები, სკოლისთვის თუ ბაღისთვის ახალი ტანსაცმელი  იაფად შეეძინათ. თუმცა,

თითქმის 20 წლის შემდეგ, მეორადი ტანსაცმლის შეძენა იქცა ახალ ტრენდად, განსხვავებულად ჩაცმის და გარემოზე ზრუნვის საშუალებადაც კი.

თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრდა ტერმინი სწრაფი მოდა, რაც გულისხმობს იაფი მუშახელის მიერ შედარებით დაბალი ხარისხის მასალით დამზადებული ტანსაცმლის მიწოდებას მომხმარებლისთვის. 

მოდის სტრატეგიიდან გამომდინარე, ეს პროცესი იმდენად დაჩქარებულია, რომ ყოველ სეზონზე ახალ-ახალი ფერები,  ახალი სტილი თუ სილუეტია მოდური, და ის, რაც რამდენიმე თვის ან კვირის წინ აქტუალური იყო, ძალიან მალევე გამოუსადეგარი და გადასაყრელი ხდება. 

ეს ყველაფერი  პირდაპირ მოქმედებს ეკოლოგიაზე – გადაყრილი ტანსაცმელი, რომელიც უხარისხო საღებავით იღებება, ბუნებაში  ხვდება და აბინძურებს მას. ამასთან, მსოფლიოში არსებული ბამბის პლანტაციები ვეღარ უზრუნველყოფენ ჭარბი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რის გამოც ნიადაგს ანოყიერებენ სხვადასხვა, ჯანმრთელობისთვის საშიში პესტიციდებით.

აქედან გამომდინარე, უფრო და უფრო აქტუალური ხდება მიღებული ნარჩენების სწორად გადამუშავება და მისგან ახალი პროდუქტის შექმნა.

შეიძლება ითქვას, რომ მეორადი ტანსაცმლის მოხმარება ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტური გზაა.

თბილისში რამდენიმე ძალიან ცნობილი ადგილია, სადაც უცხო, ხარისხიანი და მოდური ტანსაცმლის ყიდვაა შესაძლებელი ხელმისაწვდომ ფასად.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული ნივთები შეიძლება იმ ფასადაც ნახოთ, რაც მაღაზიებშია, მაგრამ მეორადებში ყიდვისას დარწმუნებული ხართ, რომ შენაძენი უნიკალური იქნება და თქვენ გარდა ის ქალაქში არავის ეცმევა.

მეორად ტანსაცმელს შეიძლება შეხვდეთ ყველგან – უბანში გახსნილ პატარა თუ დიდ მაღაზიებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ფეისბუქ თუ ინსტაგრამ გვერდებზე, მაგრამ თბილისში არსებობს რამდენიმე ადგილი, რომელიც ლამის ისტორიული მნიშვნელობისაა.

ესენია – ე.წ. ორსართულიანი მეორადები, წონის მეორადები დიდუბეში, მეორადები სამგორის მეტროსთან, ასევე ვაგზალზე, მიწისქვეშა გადასასვლელში და თევდორე მღვდლის ქუჩაზე მეორადი ტანსაცმლის რამდენიმე დიდი ბაზრობა.

სწორედ ეს ადგილები მოვინახულეთ და გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა “მეორადებში” გადაღებულ ფოტოებს, რომელთა ფასებიც 5-დან 30 ლარამდეა. მხოლოდ ფეხსაცმელების ფასი მერყეობს 30-დან 170 ლარამდე.


რეკომენდებული სტატიები
მეორადი ტანსაცმლის მაინინგი

მეორადი ტანსაცმლის მაინინგი

მეორადი ტანსაცმლის მაინინგი
“მელი-მელო” შემოქმედებითი ბიზნესია, რომელიც ციფრულ სამყაროში ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც მეორადი ტანსაცმლის ონლაინმაღაზია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.