fbpx

12 სექტემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დღეს, 19:00 საათზე, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ბეთჰოვენის კომპოზიციას შეასრულებენ

ლეგენდარული კომპოზიტორის ნაწარმოებს ანა ჭანია (ვიოლინო), ლიზი რამიშვილი (ჩელო) და სანდრო ნებიერიძე (პიანინო) შეასრულებენ, დირიჟორი კი ჯანანდრეა ნოზედა იქნება. კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი  8 სექტემბერს გაიხსნა და წინანდლის ისტორიულ მამულში 22 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი,  რენო კაპუსონი და სხვ. პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. 

ფესტივალის წარმდგენია სილქნეტი, გენერალური სპონსორი კი თიბისი ბანკი.

The Walking Dead-ისა და “ტერმინატორის” პროდიუსერი გეილ ენნ ჰერდი საქართველოში ჩამოდის

გეილ ენნ ჰერდი საქართველოს 15-23 სექტემბერს “ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასია”-ს (Women in Film & Television – Caucasus) მოწვევით ესტუმრება. როგორც WIFTC-ში ამბობენ, ის სხვადასხვა რეგიონს მოინახულებს, ასევე  შეხვდება კინოს სფეროში მომუშავე ადამიანებს და გაეცნობა ინფორმაციას ადგილობრივი კინოწარმოების შესახებ. 

დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის გეილ ენნ ჰერდის პროდიუსერობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება ბათუმში. გეილ ენნი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერია. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ის მუშაობდა ფილმებზე: The Terminator, Aliens, Armageddon, The Walking Dead, The Abyss და სხვ. 

გეილ ენნი საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია. მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდანაა,  პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია. WIFTI-ს თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. გაერთიანება თავდაპირველად 1973 წელს ლოს-ანჯელესში ჩამოყალიბდა სახელწოდებით “ქალები კინოში”. იმ პერიოდში მოძრაობას უფრო ლოკალური სახე ჰქონდა. 1990-იანი წლებიდან ის თანდათან გაფართოვდა და საერთაშორისო ორგანიზაციად იქცა. დღეს WIFTI კინოსა და ტელევიზიის სფეროში მომუშავე ქალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია მთელ მსოფლიოში.

 

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, 14-15 სექტემბერს კვების ფესტივალი ჩატარდება სახელწოდებით – „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“.

ფესტივალზე მისულ მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები და სასმელების მწარმოებელი კომპანიები გაუმასპინძლდებიან. 

წყარო: https://www.streetfood.ge/

 

CNN-ზე 14 სექტემბერს საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი გავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში CNN-ზე საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი 14 სექტემბერს გავა. არხზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება ივნისიდან დაიწყო. პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს –  როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანია არხზე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართება

 ფორუმი 15 სექტემბერს თეთრწყაროშია დაგეგმილი. ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნესსექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად. ფორუმზე ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ საგამოფენო სივრცეები,  მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში, გაეცნონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრეზენტაციებს. კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი მოიცავს სანახაობრივ და გასართობ პროგრამასაც: სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს, სპორტულ ასპარეზობებსა და დასკვნით კონცერტს.

​წყარო: https://www.facebook.com/

 

 

მომღერალი ბილი ალიში გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

17 წლის მომღერლის ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე გამოვიდა, ბრიტანულ ჩარტებში 114 დღის განმავლობაში ლიდერი იყო. ამის გამო კი ის ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი გახდა, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა. 

წყარო: https://twitter.com/

 

საქართველო იმ ქვეყნებს შორის, სადაც Google-ში დიეტას ყველაზე ხშირად ეძებენ მე-7 ადგილზეა

 კულინარიული ვებგვერდის, Chef’s Pencil-ის მონაცემებით, საქართველო “დიეტებით შეპყრობილი” ქვეყნების ათეულშია. რეიტინგი  Google-ის მონაცემების ანალიზის მიხედვით არის შედგენილი – პირველ ადგილზე პოლონეთია, მეორეზე – ავსტრალია, ხოლო მესამეზე ამერიკის შეერთებული შტატები. დიეტის ძებნის მხრივ ლიდერ ქვეყნებს შორისაა: ლიბანი, კანადა, ხორვატია, ყატარი, ირლანდია, რუმინეთი, საბერძნეთი, იტალია, ქუვეითი, ჩეხეთი და რუსეთი. ამავე კვლევის მიხედვით საქართველოში ყველაზე პოპულარული დუკანის დიეტაა. 

წყარო: https://chefspencil.com/

 

ნიუ იორკში გამართულ მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე მარიშა ურუშაძე გამოვიდა.

მარკ ჯეიკობსმა მოდის კრიტიკოსებს გაზაფხული/ზაფხულის 2020 წლის კოლექცია წარუდგინა. ჩვენებაში მონაწილეობას კი ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძეც იღებდა


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.