fbpx

13 სექტემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

დღეს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე სერ ანდრაშ შიფი დაუკრავს

დღეს, 19:00 საათზე, წინანდლის ამფითეატრში შეუდარებელი პიანისტი სერ ანდრაშ შიფი დაუკრავს. არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი შიფი ბეთჰოვენის კომპოზიციას შეასრულებს. კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8 სექტემბერს გაიხსნა და  22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა. ფესტივალის წარმდგენია სილქნეტი, გენერალური სპონსორი კი თიბისი ბანკი.

 

ჩვენ გითმობთ სცენას! – Summer Set-ის პროექტი ახალი ტალანტებისთვის

 “ჩვენ გითმობთ სცენას” Summer Set-ის ფესტივალების ნაწილია, რომელიც  ნიჭიერ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს ათასობით მსმენელის წინაშე წარდგნენ. Summer Set-ის შემოდგომის ღონისძიებების სერია – Fall Set წელს ორ ნაწილად გაიმართება: 5 ოქტომბერს ფრანგი არტისტი Worakls ორკესტრთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე, 2 ნოემბერს კი გერმანელი Boris Brejcha. 

პროექტ “ჩვენ გითმობთ სცენას” ფარგლებში შერჩეული ახალი არტისტები ფესტივალის სცენაზე ჰედლაინერებამდე წარდგებიან. ნამუშევრების მიღება 19 სექტემბრამდე გრძელდება. მსურველებს შეუძლიათ გააგზავნონ სიმღერა, ტრეკი ან სეტი და მოკლე ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ მისამართზე – [email protected] 

შერჩეული პერფორმერების ვინაობა  20 სექტემბერს გახდება ცნობილი.

 

21 სექტემბერს თელავში ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება, რომელიც 29 სექტემბრამდე გაგრძელდება

 ფესტივალზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა თაობის მუსიკოსები – ელისო ვირსალაძე, კოლია ბლახერი, ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი, ფუმიაკი მიურა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ნიკოლოზ ნამორაძე და ჯან ჩაკმური წარდგებიან. წინა წლების მსგავსად, ფესტივალის სტუმრებისთვის ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.

ქართული საგუნდო მუსიკის ფუძემდებლის, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 80 წლის იუბილეს კი გორის ქალთა კამერული გუნდი სპეციალურ კონცერტს მიუძღვნის.

 

სტივენ კინგის ახალი რომანის მიხედვით მინისერიალს გადაიღებენ

მწერლის ახალი წიგნი The Institute 2019 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა და მის ეკრანიზაციაზე უფლებები უკვე გაიყიდა. როგორც ცნობილია, სცენარისტი დევიდ კელი იქნება, რეჟისორი კი ჯეკ ბენდერი. ახალი რომანი მოგვითხრობს 12 წლის ბიჭის შესახებ, რომელიც მშობლებს მოსტაცეს და გასაიდუმლოებული ორგანიზაციის შენობაში ჩაკეტეს.

წყარო: https://ew.com/

 

13 სექტემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში დავით კვაჭაძის გამოფენა იხსნება

 დავით კვაჭაძის სახელი პირველ რიგში სპორტთან არის დაკავშირებული, ევროპის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი კრივში დღემდე ყველაზე გამოჩენილ და გამორჩეულ ქართველ მოკრივედ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ძალისმიერ სპორტში იყო ჩართული, ის ყოველთვის განსხვავდებოდა სხვა მოკრივეებისგან, თუნდაც იმით, რომ ნოკაუტში არ “აგზავნიდა” თავისზე ბევრად სუსტ მეტოქეს, არც ზედმეტად სცემდა არავის და ძირითადად თავის დაცვის განუმეორებელ სტილს მიმართავდა. 

ამას ხელი არ შეუშლია 80 ჩატარებული ბრძოლიდან 65 გამარჯვებით დაესრულებინა.  ბოლო 15 წელია მოკრივე ფოტოხელოვნებამ გაიტაცა. მან უკვე ბევრჯერ გამართა პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. 

გამოფენა, რომელიც 13 სექტემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში იხსნება (ქარვასლა), მის აბსტრაქტულ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. ქალაქის ძველ კედლებზე, ჩამოხეულ აფიშებზე, დახეთქილ ბათქაშზე თუ ჟანგიან რკინებზე დანახული სახეები და აბსტრაქტული კომპოზიციები ნამდვილად უჩვეულოა და ხშირად ფერწერას უფრო ჰგავს, ვიდრე ფოტოს. მას კლასიკური შავ-თეთრი ფოტოებიც აქვს, პეიზაჟებიც, ასევე აინტერესებს ქუჩის ფოტოგრაფია და სხვა ჟანრებიც, მაგრამ მისთვის ეს აბსტრაქცია ყველაზე ახლო და პირადულია. ფოტოგრაფის გამოფენა 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

 

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

 ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა. ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში ჰოლანდიელ პლეუნ კორნელის სძლია, ნახევარფინალში კი გერმანელ სეიხა ბალჰაუსს მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი სილვია პელიტელი დამაჯერებლად, ორი ვაზარით დაამარცხა. ქართული ძიუდოს ისტორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.