fbpx

“მეხსიერება და სხეული” – ახალი დრამის ფესტივალიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

“ახალი დრამის ფესტივალი” მეორე წელია ტარდება. წელს ფესტივალმა 8-დან 15 სექტემბრის ჩათვლით მაყურებელს შრომითი რეზერვების სპორტულ დარბაზში უმასპინძლა და რამდენიმე თეატრალური დადგმა შესთავაზა, მათ შორის – 13 სექტემბერს პოეტისა და პერფორმერის, თაკო შუკაკიძის პერფორმანსი – მეხსიერება.

შესასვლელი კარიდან გაშლილი წითელი ხალიჩა, დარბაზის ცენტრში, სარბენ ბილიკამდე მიდის. სარბენი ბილიკის წინ გაშლილია სამი, დიდი ზომის პროექცია, მათგან შუა – სპეციალურად დამონტაჟებული კამერით – არტისტის სახეს გვაჩვენებს, რომელიც მოთხვრილია სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებით, ტანზე კი  მორგებული აქვს სპორტული ჟილეტი და წითელი ლენტი წარწერით – Miss. 

ორი პროექცია კი სცენის გვერდზეა განთავსებული, სადაც საბა შენგელიას მიერ სპეციალურად  ამ პერფორმანსისთვის შექმნილი ვიდეორგოლები ტრიალებს. ვიდეოში ჩანს ვაგზლის ტერიტორიაზე საყიდლებზე გასული პერფორმერი, ასევე ჩნდება სხვადასხვა ანიმაცია, ენის შესვლა სხვადასხვა სივრცეში, ხორცის საჭრელი მანქანის მუშაობის პროცესი, ფაბრიკაში მყოფი ჰიტლერის დოკუმენტური კადრები და ა.შ. 

კადრები იცვლება და მშვიდ ემბიენთ მუსიკასთან ერთად ფონად გასდევს სარბენ ბილიკზე მორბენალ თაკო შუკაკიძის ტექსტს. ის დარბის, თან სპეციალურად გამზადებული ტექსტი უდევს წინ და კითხულობს. 

თავიდან მდორედ მიდის საქმე, თითქოს ავტორი თავს იკავებს, შემდეგ ნელ-ნელა იხსნება და ტექსტიდან გულწრფელი შეძახილები, კონცეპტუალური მესიჯები და რაც მთავარია  პროტესტი მოჟონავს. ერთი სიტყვით, მორბენალი თაკო შუკაკიძე საკუთარი სხეულის და ზოგადად, სხეულის პოლიტიკის შესახებ გვესაუბრება.

თანამედროვე სამყაროში სხეულის გაგება თავისი არსით ფაშისტურია, რადგან ის დადგენილ “იდეალურ” სხეულის ნორმას ემორჩილება. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც არსებობს სილამაზის სალონები და სილამაზის კონკურსები, მედია შოუები და რეკლამის სფერო აჭრელებულია კარგ ფორმაში მყოფი მბზინავი სხეულებით, დიდი პოპულარობით სარგებლობს პლასტიკური ოპერაციის ცენტრები, ასევე პორნოგრაფია, სადაც სრულად გაპარსული ორი ან მეტი სხეული ერთმანეთს იმეორებს და ა.შ. 

ერთი სიტყვით, თანამედროვე კონსუმერული სამყარო აწესებს გარკვეულ ესთეტიკურ ნორმებს, ანუ გიკარნახებს, თუ როგორი უნდა იყოს შენი სხეული. გადავხედოთ მეგობრებს, ან საკუთარ თავს დავაკვირდეთ – ჩვენ ვიცავთ დიეტას, უარს ვამბობთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გვსიამოვნებს, დავდივართ ფიტნესკლუბში, ვცდილობთ ვიყოთ სხვისთვის მისაღებ ფორმაში, და თავს გამუდმებით ვატყუებთ, რომ ამას საკუთარი ჯანმრთელობისთვის ვაკეთებთ. რეალურად კი, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ნორმას დამორჩილებული არსებები ვართ, რომელსაც არ სურს პერვერსია, და დაქვემდებარებულ ესთეტიკურ ღირებულებებში არეგისტრირებს საკუთარ თავს.

ფილოსოფოსი და კულტურის მკვლევარი ბორის გროისი თავის ესეში – “გმირის სხეული: ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია”, ამბობს: “ფაშიზმმა ახალი, სხეულის ეპოქა შექმნა, და ჩვენ მასში ცხოვრებას განვაგრძობთ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფაშიზმი, როგორც პოლიტიკური პროგრამა, კულტურული მეინსტრიმიდან განიდევნა”. 

ფაშისტური რეჟიმები როგორც გერმანიაში, ასევე იტალიაში, თავისი ჰეგემონიის წარმოებისთვის არიული რასის სხეულის ფეტიშიზმში გადაეშვა, და რენესანსული ჰეროიზმი პოლიტიკურ ველში ააღორძინა. სწორედ ამ დროიდან ჩამოყალიბდა დღევანდელი სხეულის სტანდარტები. შეიძლება უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი გონება სხეულთან მიმართებაში სწორედ ჰიტლერისეული გაგებით ხელმძღვანელობს.

იტალიელი რეჟისორი და ფაშიზმის დეკლარირებული მტერი პიერ პაოლო პაზოლინი იტალიური ფაშიზმის პერიოდის აღწერას ასე იწყებს: “საკლასო ოთახები დანტეს ხმისგან დაცარიელდა, მოსწავლეების აღზრდა საკლასო ოთახებიდან სპორტულ დარბაზებში გადავიდა. მასწავლებლებს გმირების აღზრდა დაევალა.” 

გმირების, ანუ მოხდენილი ფიგურების, სხეულების, რომელიც ნაციას უფრო უპირატესად წარმოაჩენს. ფაშისტური რეჟიმების მიმართება სხეულისადმი თეორიისგან იყო დაცლილი. ზოგადად, ჰიტლერი თეორიას, როგორც მოცემულობას, ხელოვნების დეკადენსად აღიქვამდა. სწორედ ასეთია დღეს ჩვენი დამოკიდებულება სხეულის მიმართ – ის დაცლილია აზროვნებისგან. ფაშიზმის შემდეგ მოსულმა, დღის წესრიგში მყოფმა პოლიტიკურმა იდეოლოგიამ კი ეს კონცეფცია გაითავისა და საკუთარი თავის წარმოებისთვის იყენებს.

სრულიად ლეგიტიმურია კითხვა: რატომ დარჩა სხეულის მიმართ დამოკიდებულება ასეთი? იმიტომ რომ მათ ჩამოაყალიბეს იდეალური, ადამიანის ბუნებისთვის მორგებული ნორმა? ერთი შეხედვით, შეიძლება ესეც იყო პასუხი, მაგრამ ადამიანი ხომ კომპიუტერული პროგრამის მსგავსი მოწყობილობაა, აგებული სხვადასხვა კოდით. შესაბამისად, უფრო მიზანშეწონილი იქნება, ვიყოთ თანამედროვენი და სხეულის მსგავსი პოლიტიკა კონსუმერულ კულტურასა და მედია ეპოქას დავაბრალოთ. 

ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ მედიის ბატონობის ხანაში, მედია არის მონსტრი, რომელიც ქმნის რეალობას – პროდუქტს და მოცემულობას. ამ მოცემულობაში კი საკუთარი თავის წარდგენა სწორედ სხეულის დახმარებით ხდება.

ხელოვნება თავისი დაბადების დღიდან აქცენტირებულია სხეულზე – პირველმა ადამიანებმა აკლდამაში ბიზონზე მონადირე საკუთარი სხეული აღბეჭდეს. შემდეგ ეპოქებში სხეული ძირითადად ესთეტიკური ტკბობის ობიექტს წარმოადგენდა. მეოცე საუკუნეში სხეული პოლიტიკური ობიექტი გახდა, შეგვიძლია გავიხსენოთ ვენის აქციონიზმი, მხატვრების მიერ ჩამოყალიბებული პერფორმანს-ჯგუფი, ისინი საკუთარი სხეულის დასახიჩრებით რეფლექსირებდნენ სამყაროში არსებულ მიმდინარე მოვლენებზე. ზოგადად, თანამედროვე ხელოვნებაში, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, მთავარ დღის წესრიგში სწორედ სხეული დგას. ზოგი აგრძელებს დაქვემდებარებული ესთეტიკით შექმნას, ზოგი კი მისი კრიტიკითაა დაკავებული.

ამ შემთხვევაში თაკო შუკაკიძის პერფორმანსი სრულად შეგვიძლია კრიტიკად მივიჩნიოთ, ის, ერთი მხრივ, აკრიტიკებს საზოგადოების აზროვნებას სხეულისადმი, მეორე მხრივ კი პერფორმანსის კონცეფციით ირონიულად წარმოადგენს სხეულს, ის სარბენ ბილიკზე დგას, ხან დარბის, თან საკუთარი თავის შესახებ საუბრობს – ის სირბილით ასრულებს სამომხმარებლო კულტურის დავალებას – მუშაობს იდეალური სხეულის ჩამოყალიბებაზე, მეორე მხრივ კი, ტექსტის შინაარსით, საკუთარ ქმედებას უარყოფს.

“აი მაღაზიის ვიტრინები, სწრაფი კვების ობიექტები,
სარეკლამო ბანერები, საიდანაც მოედინება მოწოდებები,
თანამედროვე მისიონერული მოძრაობებისგან,
ვიტრინებში არეკლილი რეალობა ილუზორულია,
შიგნით, ესთეტიკური დისციპლინის ქვეშ ერთიანდება კულტურა,
​ის უხილავად არეგულირებს პოლიტიკას.”

ავტორმა ტექსტის შექმნისას ორი ნარატივით იხელმძღვანელა – ერთი ავტობიოგრაფიული დეტალებია, პირადი გამოცდილება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, საკუთარ თავთან ურთიერთობა და მუშაობის/შრომის დროს მისი მდგომარეობა. მეორე კი პოლიტიკური აქცენტებია, რაც პერფორმანსის მთავარი გასაღები მგონია. 

რომ არა პოლიტიკური მესიჯები (თუნდაც პროექციაში გაშვებული ჰიტლერი ფაბრიკაში და სხვადასხვა სამომხმარებლო ფეტიშური იკონები), სანახაობა დაკარგავდა თავის არსს და ის უბრალოდ ემპათიის შექმნის აქტად დაფიქსირდებოდა, დაახლოებით ასეთი შინაარსით – “აი, მე ასეთი ვარ, მიმიღე, საზოგადოებავ”. 

თუმცა პირიქით – შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შუკაკიძეს მთელი წარმოდგენის განმავლობაში სრულად ჰქონდა საკუთარი უპირატესობა გააზრებული, მისი უპირატესობა კი “მიუღებელ” სხეულშია. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ საკმაოდ უხეშად, აფიქსირებდა საკუთარ მდგომარეობას და შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელზე კარგი გაგებით ძალადობდა. ერთი სიტყვით, შუკაკიძემ იცის, რომ ვერასდროს გავიგებთ პიროვნულს პოლიტიკურის გარეშე, რადგან სწორედ პოლიტიკაა მწარმოებელი პიროვნებისა.

გავაგრძელოთ და შევეცადოთ დავუკავშიროთ ზევით გამოთქმული აზრი მოცემულ პერფორმანს: როგორც უკვე ვთქვი, თანამედროვე სამყაროში საკუთარი თავის “წარმოებისთვის” სწორედ სხეულია საჭირო. მაგალითად, დღეს, იმისთვის, რომ იყო ასე თუ ისე პოპულარული ავტორი, არ არის საკმარისი მხოლოდ შენი ტექსტები, ასევე საჭიროა მუდმივად “აწარმოო” საკუთარი თავი, სწორედ ასე ავტორი გადაიქცა ზუსტად ისეთ სამომხმარებლო პროდუქტად, როგორც მაღაზიის დახლზე განთავსებული შოკოლადი ან საღეჭი რეზინა. 

შეიძლება ითქვას, რომ თაკო შუკაკიძის პერფორმანსის მთავარი აქტი არტისტული შრომის მეტაფორაა, ანუ არტისტს თავისი თავის გასაყიდად სხეული სჭირდება, რომელიც მუდმივად ფორმაში უნდა იყოს, რათა გაიყიდოს საკუთარი შექმნილი ხელოვნება. 

ამ შემთხვევაში კი ავტორი არ გვთავაზობს მხოლოდ მოცემულობის კრიტიკას, რაც ძირითადად ახასიათებს ქართულ თანამედროვე ხელოვნებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მოცემულ რეალობას აღწერს, რაც უკვე დაგვიანებული აქტია. 

ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი თავის ერთ-ერთ ლექციაში ფსიქოანალიზის მკურნალობის აღწერით წარმოგვიდგენს თანამედროვე ადამიანის მდგომარეობას: მეცხრამეტე საუკუნეში ადამიანი მიდიოდა ფსიქოანალიტიკოსთან და მისგან ითხოვდა დიაგნოზის დასმას, დღეს კი საქმე მთლიანად შეცვლილია – ადამიანი მიდის ფსიქოანალიტიკოსთან უკვე დასმული დიაგნოზით – მან იცის, რაც სჭირს, უბრალოდ არ იცის, როგორ უმკურნალოს მას. 

დაახლოებით ასეთია თანამედროვე ქართული ხელოვნების მოქმედება, ის მხოლოდ აღწერს და გვეუბნება პრობლემების არსს და იშვიათ შემთხვევაში გვთავაზობს გამოსავალს. ამ შემთხვევაში თაკო შუკაკიძე მოცემულობის, ანუ სხეულის ესთეტიკური ფეტიშიზმიდან გამოსვლის ალტერნატივად გვთავაზობს ენას. ის თავისი მდგომარეობის აღწერისას, სხეულზე მეტად, სწორედ მის ენას აყენებს, რომელიც გარემომ ბასრ, დაუნდობელ ინსტრუმენტად აქცია, და სწორედ ამ ენით ხელმძღვანელობს, როცა წინ მაყურებელი – ანუ სამომხმარებლო კულტურას დაქვემდებარებული საზოგადოება უდგას.

წარმოდგენის დროს ერთ-ერთი დამხმარე კურატორი ახალი დრამის ფესტივალის ფეისბუქ გვერდით გადის ლაივზე, უახლოვდება არტისტს და მისი სხეულის მდგომარეობის დაფიქსირებას იწყებს.

 

პერფორმანსის დასასრულს შეიქმნა პრობლემა – მწყობრიდან გამოვიდა სარბენი ბილიკი – თუმცა პერფორმერი არ დაიბნა და ტექსტის კითხვა სხვადასხვა აერობიკის კეთებით განაგრძო. 

მნიშვნელოვანია ასევე ითქვას ისიც, რომ მოცემულმა წარმოდგენამ სრულად დააკმაყოფილა ფესტივალის შინაარსი – ის ალტერნატიული ხელოვნების ფესტივალია, რომელსაც პრეტენზია აქვს ტრადიციული თეატრალური ესთეტიკის მიღმა დადგეს და სხვა თეატრი წარმოადგინოს. თაკო შუკაკიძის პერფორმანსმა ტრადიციული (კლასიკური) თეატრალური ესთეტიკაც დაანგრია და, თავისთავად, დადგენილ სხეულის ესთეტიკასაც დაუპირისპირდა.

წარმოდგენის ბოლოს პერფორმერმა სცენა აღტაცებული შეძახილებითა და სირბილით დატოვა, რაც ასევე ზევით წარმოებული აზრის გაგრძელებაა – ის გრძნობს საკუთარი სხეულის უპირატესობას, და მოცემული კონსტრუქციული კრიტიკით პერფორმანსის ბოლოს თავს გამარჯვებულად აღიქვამს.

მეხსიერება ინახავს სხეულს, მის ყველა მოქმედებას და ტკივილს აარქივებს, და სამუდამოდ იტოვებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.