fbpx

კშიშტოფ ზანუსი – ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის საპატიო სტუმარი


გააზიარე სტატია


ავტორი: ირინე ჟორდანია

 

აჭარაში 22 სექტემბრამდე ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის წლევანდელი საპატიო სტუმარი – პოლონელი რეჟისორი კშიშტოფ ზანუსია, რომელიც თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოგვითხრობს. 

 

ხანდახან კარგი ბიჭებიც ტყუიან

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე გავჩნდი, ჩემმა ბავშვობამ ოკუპაციის პირობებში გაიარა, ამიტომ, პატარაობიდანვე ისეთი გამოცდილება მივიღე, ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რასაც ბავშვებს არ ასწავლიან ხოლმე. სულ პატარა ვიყავი, მშობლები რომ მაფრთხილებდნენ, კარზე გერმანელი ჯარისკაცი თუ დააკაკუნებდა, უნდა მეთქვა, რომ სახლში მარტო ვარ და კარს ვერ გავაღებ. მაშინ მივხვდი, რომ ხანდახან კარგი ბიჭებიც ტყუიან. მოგვიანებით, როდესაც უკვე სკოლაში ვსწავლობდი, მშობლები მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც მასწავლებელი ჰუმანიტარულ საგნებზე გვეტყოდა, სახლში უნდა მომეყოლა, ოღონდ ეს მასწავლებლისთვის არ უნდა მეთქვა, უბრალოდ უნდა მცოდნოდა, რა ტყუილია და რა – მართალი. 

 

ზანუსი და ზანუსი

მამაჩემს დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. იმისათვის, რომ წიგნებით დავეინტერესებინე, ეშმაკურ ხერხს მიმართა: მითხრა, რომ ეს წიგნები მხოლოდ უფროსებისთვის იყო ნებადართული. მახსოვს, როდესაც პირველად დასავლეთში გავემგზავრე და ჩემს მილიარდერ ნათესავებს – ცნობილი „ზანუსის“ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებს იტალიაში ჩავაკითხე. 

ამ სამყაროს უკვე მანამდე ბალზაკის წიგნებიდან ვიცნობდი. უკვე ვიცოდი, თუ რას გრძნობს ღარიბი ბიჭი მდიდარი ნათესავების გარემოცვაში. როდესაც ღამე ჩემთვის ტაქსის იძახებდნენ, მე  პირველივე მოსახვევში მძღოლს ბოდიშს ვუხდიდი და გზას ფეხით ვაგრძელებდი. მაშინ სწორედ ამ ცოდნამ დამიცვა, ლიტერატურა ჩემი ფარი აღმოჩნდა.

ნათესავებმა ძალიან კარგად მიმიღეს, სამსახურიც შემომთავაზეს და სწავლის გაგრძელებაც, რაზეც უარი ვთქვი. დღემდე არ ვიცი, ეს უარი ინტერესების ერთგულება იყო თუ ახალი თავგადასავლის შიში. 

მოგვიანებით, როდესაც უკვე რეჟისორი გავხდი, ისევ ბალზაკის ნაწარმოების გმირი გამახსენდა – ყველაზე მეტად ის მინდოდა, მდიდარი ნათესავებისთვის   დამემტკიცებინა, რომ ცხოვრებაში მეც რაღაცას მივაღწიე. გამიმართლა და ამის შესაძლებლობა მომეცა – 1980 წელს ჩემი ფილმით („Kontrakt”, 1980) ვენეციის საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა. ფილმის პრემიერაზე გვიდო ზანუსი დავპატიჟე.

 

 

ფილმი ფელინიმ წარადგინა, მაყურებელი ათი წუთის განმავლობაში გვიკრავდა ტაშს, ჩემი ნათესავი კი პრემიერ-მინისტრის გვერდით იჯდა… ფილმის ჩვენების შემდეგ გვიდო, ძირითადად, ისევ ვახშამზე ლაპარაკობდა, ჩემთვის კი წარმატებამ ფასი დაკარგა. 

მხოლოდ მეორე დღეს მივიღე მისგან კომპლიმენტები, როცა გაზეთების პირველ გვერდებზე ჩემი ფოტო ნახა. მეუბნებოდა, რომ ეს მართლაც დიდი წარმატებაა. გამიკვირდა, ფილმის ჩვენების შემდეგ ამას რატომ ვერ მიხვდა, რაზეც მიპასუხა, რომ ათწუთიანი აპლოდისმენტები არ უკვირს, მათი ქარხანა-ფაბრიკებიც  მუშების აპლოდისმენტებით იხსნება, “La Repubblica”-ში ყოველი კვადრატული სანტიმეტრის ფასები კი ნამდვილად კარგად იცის. 

მამაჩემიც და ბაბუაჩემიც არქიტექტორები იყვნენ, ამიტომ, თითქოს თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ მეც მათ გზას უნდა გავყოლოდი. იმ დროს, როცა  პროფესიული არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ჩემს ქვეყანაში ერთადერთი შესაძლო სტილი, რომელშიც მუშაობა შეიძლებოდა, სოცრეალიზმი იყო. 

როდესაც მამაჩემი  პროექტებს მაჩვენებდა, მიყვებოდა, თუ რა უნდა ყოფილიყო იმ მახინჯი შენობების ნაცვლად, რომლებსაც აშენებდნენ, მაშინ გავაცნობიერე – არ მინდა მეც ჩემს შვილებს ვუთხრა, რომ ვერ გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა.  არქიტექტორობაზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე ფიზიკოსი გავმხდარიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული ფიზიკა ძალიან მიტაცებდა, მალევე მივხვდი, რომ მთავარი, რაც მაინტერესებს, მაინც ადამიანია და არა მატერია. 

 

ადამიანის თავისუფალი არჩევანი

ჩემი ფიქრისა და კვლევის მთავარი გმირი ადამიანია. მაინტერესებს გმირი, რომელიც გზაჯვარედინზეა, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს. ამ არჩევანის უფლებას ადამიანს ვერავინ წაართმევს, მას ეს შესაძლებლობა ყველგან აქვს, ნებისმიერ მოცემულობაში. თავისუფლებისთვის ადგილი ციხეშიც კი არის. იმიტომ რომ თავისუფალი ხარ შენს ფიქრებსა და ოცნებებში. ამას ვერავინ  წაგართმევს. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი – ადამიანის თავისუფალი არჩევანი. 

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარების ხანაში ვცხოვრობთ, ადამიანის არსებობის მთავარი საზრისი იგივეა. ადამიანი ისევ კეთილისა და ბოროტის ჭიდილშია, უბრალოდ თანამედროვე სამყაროში ამის გამოხატვის სხვა ფორმები გაჩნდა, თორემ თვისობრივად არაფერი შეცვლილა. ტექნოლოგიურმა განვითარებამ მთავარ კითხვებს პასუხი ვერ გასცა. მეტსაც გეტყვით, რომ მეცნიერება ხშირად მე-19 საუკუნის აზროვნებაში დარჩა. 

გუშინდელი დღეა კლასიკური ფიზიკაც და დეტერმინიზმიც, რომლის მიხედვითაც ყველაფერი მიზეზშედეგობრივი კავშირითაა გამოწვეული. როგორც აინშტაინმა 1936 წელს კოლეგებისადმი მიმართვაში აღნიშნა – ვინც მეცნიერებაში საიდუმლოს ვერ ხედავს, ის თავად  ბრმაა.   

ალბათობის თეორია არ ეწინააღმდეგება რელიგიას თავისი ფართო გაგებით. და ყველაფერი მიზეზშედეგობრივი კავშირით არ არის გამოწვეული  – წმინდანის შვილი შეიძლება კრიმინალი აღმოჩნდეს, და პირიქით, კრიმინალის შვილი წმინდანი. ადამიანი ამ ჩარჩოებს სცდება, ის უფრო მეტია, ვიდრე სოციალური კუთვნილება. 

 

„პირველად იყო სიტყვა…“

ნარატიული ხელოვნების მთავარი იარაღი სიტყვაა. და თუ ვამბობთ, რომ კინო ადამიანის, ადამიანური ბუნების გამოვლენაა, ვიტყოდი, რომ ადამიანად შედგომის მთავარი და პირველადი განმაპირობებელი სიტყვაა. ეს არ არის პოპულარული მიდგომა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. კინო გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე გამოსახულება. გამოსახულება მთავარი სახვით ხელოვნებაშია, ან ფოტოგრაფიაში.  კინო კი, უპირველეს ყოვლისა, ამბის თხრობაა. 

ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება: 1966 წელს ჩემმა ფილმმა საბჭოთა რუსეთში და დასავლეთ ბერლინში ერთდროულად ორი პრიზი მიიღო. და ეს იმიტომ, რომ ფილმი დიალოგების გარეშე იყო, ხოლო სურათი, რაც ეკრანზე ჩანდა, ყველამ ისე გაიგო, როგორც სურდა. მოსკოვში მოხუცი ბერის გარდაცვალება რელიგიის სიკვდილად აღიქვეს, და პროგრესულ ფილმად ჩათვალეს, ბერლინში კი პირიქით, კათოლიციზმის კუთხიდან შეაფასეს.

 

ახალი გზების ძიებაში

ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში იმას მივხვდი, რომ მთავარია შენს ყოველ ახალ ნამუშევარში რაღაც ახალი სცადო. გააკეთო ის, რაც აქამდე არ გიცდია, რაც სხვას არ უცდია. ახალი გზები და შენი კინოენა ეძებო. კინოს კეთებას აზრი  მხოლოდ მაშინ აქვს. სხვა შემთხვევაში განწირული ხარ. კინოს უკან ყოველთვის ავტორი, მისი პიროვნება უნდა იდგეს, ეს არის რაც ეგრეთწოდებულ საავტორო კინოს დანარჩენი ინდუსტრიისგან, მასკულტურისგან განასხვავებს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.