20 სექტემბერი დილიდან
წინანდლის ფესტივალზე დღეს მუსიკალური აკადემია გაიხსნება
წინანდლის ფესტივალის ბაზაზე გახსნილი აკადემია ყოველწლიურად უმასპინძლებს ახალგაზრდა მუსიკოსებს. აკადემიის გახსნის შემდეგ, საღამოს 19:00 საათზე, ფაზილ საი ლეგენდარული კომპოზიტორების მუსიკას შესთავაზებს მსმენელს.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8 სექტემბერს გაიხსნა და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. ფესტივალის წარმდგენია სილქნეტი, გენერალური სპონსორი კი თიბისი ბანკი.
ფოტო: https://www.tagesspiegel.de/
თბილისის ფოტო ფესტივალის მეათე გამოშვებას რეგიონული მნიშვნელობის გამოფენა დახურავს
21 სექტემბერს, 19.00-ზე, თბილისის მომა უმასპინძლებს გამოფენას “მთებს მიღმა: სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფია, ნაწილი I“. ეს ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივა თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმს ეკუთვნის და პირველი გამოფენაა, რომელიც ერთ საექსპოზიციო სივრცეში წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 25-მდე თანამედროვე არტისტს და ფოტოგრაფს.
გამოფენა ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ფოტოგრაფების პროექტებს აერთიანებს, რომელთა შორისაა დოკუმენტური და ფოტოჟურნალისტური ნამუშევრები, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნების და ფოტოგრაფიის ზღვარზე შექმნილი კონცეპტუალური და პერსონალური პროექტები.
პროექტი მიზნად ისახავს არტისტულ დიალოგში ჩართოს კავკასიის ტერიტორიაზე მომუშავე ავტორები იმ თემების გარშემო, რომლებიც აქტუალურია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და საზოგადოებისთვის. ეს არის: თანამედროვე საზოგადოება და ტრადიციული ღირებულებების ცვლილებები, ქალები და მასკულინობა, თანამედროვე კონფლიქტები და მიგრაციის საკითხები, საზოგადოების მიერ უარყოფილი და გარიყული უმცირესობები და ა.შ.
გამოფენა სამხრეთ კავკასიური რეგიონის თვითმყოფადი და მრავალფეროვანი თანამედროვე რეალობის სურათის შექმნის მცდელობაა. პროექტის სპეციალური სტუმრები იქნებიან მედიაპლატფორმა “ჩაიხანა” და “სალამ სინემა”-ს კინო პროგრამა. გამოფენა სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის პერმანენტული კოლექციის შექმნის საფუძველი გახდება.
გამოფენა პროექტის “სამხრეთ კავკასიური ჰაბი ფოტოგრაფიისა და ინოვაციისთვის ნაწილია“, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ არის დაფინანსებული.
წყარო: https://www.facebook.com/
ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის – Ad Black Sea 2019-ის ფარგლებში საქართველოში ოცამდე ცნობილი სპიკერი ჩამოვიდა
გუშინ ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი დაიწყო. ფესტივალის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოცამდე ცნობილი სპიკერი ჩამოვიდა, ხოლო ჟიური, რომელიც ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში შეაფასებს, ოცდაათამდე პროფესიონალისგან შედგება.
ქართული სარეკლამო ინდუსტრიის განსავითარებლად უცხოური გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები მათთვის საინტერესო ადამიანებისგან გამოცდილებას შეიძენენ. სტუდენტებისთვის ტრადიციულად შეღავათიანი პირობები მოქმედებს. საერთაშორისო ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან.
ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც. კონკურსში ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს 17 ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ Ad Black Sea 2019 ჯილდოზე წელს ფესტივალის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ერთიანი საქართველოს რუკის კონტური იქნება დატანილი.
Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნად პოზიციონირებაა.
3-დღიანი სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გალა დაჯილდოებით დაიხურება და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით საერთაშორისო ემის ნომინაცია მოიპოვა
ბრიტანულმა სერიალმა McMafia საერთაშორისო ემიზე საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში ნომინაცია მიიღო. შოუში ერთ-ერთ მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. სერიალი ეკრანზე 2018 წელს გამოვიდა, სიუჟეტი კი გლობალური მაფიის ისტორიას მოგვითხრობს. ინგლისში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. საერთაშორისო ემის დაჯილდოება 25 ნოემბერს გაიმართება.
წყარო: https://www.iemmys.tv/18118-2/
თბილისი 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარს“ უმასპინძლებს
2019 წლის პროგრამა მოიცავს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი ხელოვანების დადგმებს. მაგი მარენის, ვიქტორია ჩაპლინის, ქეროლინ კარლსონის, კარლოტა ფერერის, როსიო მოლინას, ნატალია მენენდესის და ანდრი ჟოლდაკის ნამუშევრების ნახვას ქართველი მაყურებელი რუსთაველის, მარჯანიშვილისა და გრიბოედოვის თეატრებში შეძლებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ვორკშოპებიც.
ვიდეო: https://www.youtube.com/
მაკედონიაში გამართულ ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე ფოკუს ქვეყანა საქართველო იყო.
ფესტივალის ფარგლებში ოთხი ქართული ფილმი უჩვენეს. ესენია: რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”, თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები”, მარიამ ხაჭვანის “დედე” და ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”.
წყარო: https://www.facebook.com/