fbpx

Till you get your powers back! – ინტერვიუ ქეთა გავაშელთან და ანდრია დოლიძესთან


გააზიარე სტატია

27 სექტემბერს გალერეა 4710-ს ორი ახალგაზრდა ხელოვანის, ანდრია  დოლიძისა და ქეთა გავაშელის გამოფენა გახსნის სახელწოდებით – Till you get your powers back!

ქეთა და ანდრია ამჟამად  სწავლობენ და მუშაობენ დიუსელდორფში, გერმანიაში.

მათი პირველი საერთო გამოფენა Indifferent Wishes 2016 წელს თბილისში, “არტარეას” გალერეაში გაიმართა, რის შემდეგაც ხელოვანების სამუშაო პროცესმა გერმანიაში გადაინაცვლა. 

აქ მათ რამდენიმე საერთო პროექტზე იმუშავეს: ART after work – დიუსელდორფის ხელოვნების აკადემია – 2016,  An Empty Longing – პერფორმასი – Salon des amateurs, დიუსელდორფი, Let’s Wash Our Feet In Emptiness, პერფორმანსი, დიუსელდორფი; 2019   წელს მათ Oxygen Tbilisi No Fair-ის ფარგლებში ნამუშევარი: I had to spit out lukewarm, but no one cares about that anymore წარმოადგინეს.

At.ge წარმოგიდგენთ ინტერვიუს ქეთა გავაშელთან და ანდრია დოლიძესთან 

როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობის პროცესი?


ქეთა: დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და  ერთმანეთს ვეხმარებით, მაგრამ რასაც ერთობლივი ნამუშევრის შექმნა ჰქვია, ეს, ალბათ პირველად შარშან მოხდა, როდესაც პერფორმანსის საღამოები მოვაწყვეთ salon des amateurs-ში. 

ეს ლეგენდარული ღამის კლუბი მთელი კვირით დაგვითმეს და საშუალება გვქონდა კურატორებიც ჩვენ ვყოფილიყავით. მოვიწვიეთ სხვა არტისტებიც და ერთი დღე დაეთმო  ჩვენს პერფორმანსს. სწორედ ეს იყო ერთად მუშაობის პირველი გამოცდილება. 

მანამდე ჩვენი თანამშრომლობა უფრო რჩევით და უბრალოდ დახმარებით შემოიფარგლებოდა. ამ შემთხვევაში კი –  ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ… ამას მოჰყვა სხვა პროექტები და ისე აეწყო, რომ ხშირად გვიწევს ერთად მუშაობა. 

 

ჩააბარეთ  გერმანიაში, დიუსელდორფის აკადემიაში, როგორი იყო ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი? როგორ დაახასიათებდით დიუსელდორფის სახელოვნებო სცენას?

 

ანდრია: გარემოსთან შეგუება რთული არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ბიუროკრატიას, რომელიც მუდმივად ბარიერებს აჩენს. სხვა ყველაფერი მარტივად აეწყო. 

ის სივრცე, სადაც ჩვენ ვართ, საკმაოდ ინტერნაციონალური და გახსნილია.

დიუსელდორფი პატარა, მშვიდი ქალაქია რამდენიმე მნიშვნელოვანი მუზეუმით

და კოლექციით… 

რაც შეეხება აკადემიას, ეს ალბათ ამ ქალაქის მთავარი ცხელი

წერტილია, სადაც ყოველწლიურად რუნდგანგის სანახავად ათი ათასობით

დამთვალიერებელი მოდის. მოკლედ, ხალხს აინტერესებს ხელოვნება.

 

კოლაბორაცია საკმაოდ რთული და სენსიტიური პროცესია, გვესაუბრეთ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული თანამშრომლობის პროცესი? დაგვიხასიათეთ მისი სპეციფიკა იდეის მონახაზიდან  რეალიზაციამდე.

ქეთა: კი, კოლაბორაციას ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში თავისი სირთულეები აქვს, მაგრამ ყოველთვის წინასწარ ვიცით, რომელი პროექტი უნდა გავაკეთოთ ერთად და რომელი ცალ-ცალკე. შეიძლება უამრავი დეტალი შევცვალოთ და ერთმანეთს არ დავეთანხმოთ, მაგრამ ასეთ დროს არგუმენტები მოგვყავს და ასე მივდივართ ორივესთვის საჭირო წერტილამდე. 

თუ სივრცეს ვითვისებთ, ბევრად იოლია, თითქმის ზუსტად ვუხსნით ერთმანეთს, როგორი ატმოსფეროც გვჭირდება.  ძირითადი უთანხმოება მხოლოდ დროის მენეჯმენტში გვაქვს. 

მუშაობთ ინდივიდუალურადაც, თქვენი აზრით, აქვს თუ არა გავლენა კოლაბორაციულ გამოცდილებას თქვენს ინდივიდუალურ პრაქტიკაზე – ან პირიქით? 

ანდრია: ალბათ გავლენაც გვაქვს, სხვანაირად გასაკვირიც იქნებოდა. როცა ერთად გავდივართ გზას, ჩვენი ინდივიდუალური მხარეებიც სადღაც იკვეთება. ისე კი საკმაოდ განსხვავებულად ვმუშაობთ. 

ამჟამად ორივე Dominique Gonzalez-Foerster-ის კლასში იმყოფებით, გვესაუბრეთ იქ   მიღებულ გამოცდილებაზე.

ქეთა: ალბათ ეს კლასი და პროფესორიც ზუსტად ის არის, რაშიც ყველაზე მეტად გაგვიმართლა. დომინიკთან ურთიერთობა ცალკე ამბავია. ერთდროულად შეუძლია იყოს ბავშვურად მეგობრული და საქმიანად დისტანცირებულიც. ძალიან არაკონფლიქტურია და ამიტომ კლასში ყველა ერიდება დაძაბულობას. 

ხშირად გვაქვს ერთობლივი პროექტები და მგონი, დღეს ყველაზე აქტიური კლასია აკადემიაში. გამოცდილება მრავალმხრივია. კლასი შერეულია და მთავარი ამბავი კოლოკვიუმებია, სადაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები ვისმენთ და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს აზრებს.

 

როგორ გაჩნდა პერფორმანსი თქვენს პრაქტიკაში?

ანდრია: დაახლოებით სამი წლის წინ გაუჩნდა ქეთას სურვილი, მერე მეც გადმომედო… უბრალოდ საჭირო მომენტს ველოდებოდით. ნაბიჯის გადადგმა  რთული იყო, მგონი, არასდროს ვყოფილვართ ასეთი დასტრესილები, როგორც პერფორმანსების დღეს. უბრალოდ მეორე დღესვე ხვდები, რომ ისევ გინდა იგივეს გაკეთება. 

27 სექტემბერს თბილისში ახალი საგამოფენო სივრცე  4710  თქვენი გამოფენით გაიხსნება, რა გახდა თქვენი დაკვირვების ობიექტი ახალი გამოფენისთვის?

ქეთა:  ჩვენთვის საინტერესოა,  რომ გალერეა ახლა იხსნება და ჯერ არ აქვს ისტორია. ეს რაღაც ახალ ფურცელს ჰგავს, სადაც სრულ თავისუფლებას გაძლევენ, რომ ის ატმოსფერო შეიტანო, რისი სურვილიც გაქვს. 

პირველი თემა, რის გარშემოც დავიწყეთ ფიქრი, სუპერგმირები იყვნენ. რა თქმა უნდა,  ფართო გაგებით, გმირის სახე ხატიდან დაწყებული, მისი ყველაზე ტრივიალური პოპკულტურული აღქმით დამთავრებული. 

გზადაგზა რაღაცები შეიცვალა და საბოლოოდ ალბათ გახსნის დღემდე ვერ დავინახავთ სრულ სურათს, მაგრამ ატმოსფერო, რაც ამ შემთხვევაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, უკვე ვიცით, როგორი უნდა იყოს.  დანარჩენი ყოველთვის იცვლება და თან ასე მუშაობა მოგვწონს, როცა წინასწარ დაზუსტებით არ ვიცით, რას მივიღებთ.

 

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე 

ანდრია: ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რამდენიმე პროექტი ემთხვევა ერთდროულად.   ანგელა ბულოხის (Angela Bulloch) და ჯულია შეარის (Julia Scher) კლასებთან ერთად ვმუშაობთ ერთობლივ პროექტზე, რომელიც ნაჩვენები იქნება  FFT Duesseldorf-ის სცენაზე.  

შემდეგია ჯგუფური გამოფენა Stadtmuseum, ასევე დიუსელდორფში.   ნოემბერში კიოლნში მიტოვებულ ოფისებში გვექნება პერფორმანსი, ეს ალბათ ყველაზე უცნაური სივრცეა, სადაც აქამდე რამე გაგვიკეთებია. ცოტა უფრო შორეული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ასევე კიოლნს უკავშირდება, უბრალოდ ჯერ თქმის უფლება არ გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ მომავალ წელს სივრცეს დაგვითმობენ.

 

ტექსტი, ფოტო: ნინა პატარიძე

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.