აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობა ოფიციალურად დაადასტურა
ავტორი: სკოტი ენდრიუ
აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა საბოლოოდ აღიარა ვიდეომასალის არსებობა, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გადაადგილებას ასახავს. ამავდროულად, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ იციან, თუ რას წარმოადგენს ეს ობიექტები და ვერც ვერანაირ მინიშნებას აკეთებენ მათ შესახებ.
ადრე საიდუმლო გრიფის მატარებელი სამი ვიდეო გვიჩვენებს მფრინავ ობიექტებს, რომლებიც საზღვაო ძალების სპიკერის, ჯო გრადიშერის სიტყვებით, “ამოუცნობი საჰაერო ფენომენებია”.
აღნიშნული ვიდეოები 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის მარტში The Stars Academy of Arts & Sciences-მა გაავრცელა და ისინი გვიჩვენებს სწრაფად მოძრავ, წაგრძელებულ ობიექტებს, რომლებიც ინფრაწითელმა სენსორებმა დააფიქსირა.
2004 წლის ვიდეომასალებში სენსორები ფიქსირდება ამოუცნობ სამიზნეზე, რომელიც მალევე სისწრაფეს კრეფს და ვიდეოს ჩარჩოდან უჩინარდება მანამდე, სანამ სენსორები მათ ხელახლა დააფიქსირებს.
ორივე ვიდეო 2015 წელსაა გადაღებული და მოიცავს აშშ-ს მფრინავების საუბრის აუდიოჩანაწერსაც, რომლებიც ცდილობენ დანახულ სიტუაციაში გარკვევას.
“ძმაო, ეს უბრალოდ დრონია”, ეუბნება პილოტი თავის კოლეგას პირველ ჩანაწერში.
“რა სიგიჟეა! ისინი ქარის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ”.
“ბიჭო, შეხედე ამას!”
გრადიშერი ამბობს, რომ საზღვაო ძალები გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე რეკომენდაციას აძლევს პილოტებს, რომ განაცხადონ მსგავსი “შემოჭრების” შესახებ, რადგან ისინი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
“ეს ყველაფერი უკავშირდება “ამოუცნობი საჰაერო ფენომენების” ხშირ შემოჭრას იმ სივრცეებში, სადაც პილოტების წვრთნები მიმდინარეობს. “ასეთი შემოჭრა ფრენისთვის და ჩვენი ოპერაციებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს”. მისი სიტყვებით, ვიდეოები ასახავს “შემოჭრის” მხოლოდ ნაწილს, რომელიც სამხედრო-საზღვაო ძალების პოლიგონებზე დაფიქსირდა.
“წლების განმავლობაში ჩვენი პილოტები არ აცხადებდნენ მსგავსი ინციდენტების შესახებ იმ სტიგმის გამო, რომელიც ვიდეოებთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიასა და თეორიებს მოჰყვება ხოლმე”, – განაცხადა საზღვაო ძალების სპიკერმა.
მისი აზრით, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ, რას წარმოადგენს “ამოუცნობი საჰაერო ფენომენები”, არის პილოტების წახალისება, რომ როგორც კი ნახავენ, მაშინვე განაცხადონ ამ ობიექტების შესახებ.
ორიგინალი: https://edition.cnn.com/