fbpx

სამოსი, რომელთა სახელებიც რეალური ადამიანების ვინაობას უკავშირდება


გააზიარე სტატია

კარდიგანი, მაკინტოში, ფრენჩი – იმ  სამოსის ამბავი, რომლებსაც სახელები ცნობილი ადამიანების პატივსაცემად დაარქვეს.

 

რეზინის ჩექმები „ველინგტონი“

არტურ უელსლი, ველინგტონის პირველი ჰერცოგი მიდლტონის MaxMara-ს ქიშმირის პალტოთი,

National Portrait Gallery, London; Hunter-ის რეზინის ჩექმა;

მხედართმთავარ არტურ უელსლის, ველინგტონის პირველ ჰერცოგს (1769-1852), ვატერლოოს გმირსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბი-ბი-სის ბრიტანეთის 100 უდიდესი მოღვაწის ნუსხაშია, რამდენიმე მეტსახელი ჰქონდა. 

გარდა „არწივისა“ და „რკინის კაცისა“, მას „ლამაზმანსაც“ უწოდებდნენ, რადგან გამორჩეულად გემოვნებით იცვამდა. მისი მოთხოვნით შეკერილი ტყავის წაწვეტებულცხვირიანი ჩექმები ძალიან სწრაფად გავრცელდა ბრიტანულ არისტოკრატებში. 

1856 წელს ჰენრი ნორისმა, რომელმაც კაუჩუკის ვულკანიზაციის პატენტი შეიძინა, ამ მოდური მოდელის მიხედვით რეზინის ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო. სწორედ რეზინის ამ ჩექმებს დაერქვა „ველინგტონი“.

 

რეგლანის თარგი

 ბარონი რეგლანი, 1838-1840 წლები © National Portrait Gallery, London;
ბალაკლავას შლემი;

რეგლანი – ტანსაცმლის თარგია, რომლის მიხედვითაც ქსოვილი მხარსა და მკლავს შორის გაჭრილი არ არის, ანუ უნაკეროა. ამგვარ ფარაჯას ატარებდა ფელდმარშალი ფიცროი სომერსეტი, იგივე ბარონი რეგლანი (1788-1855). 

1815 წელს ვატერლოოს ბრძოლაში მან მარჯვენა ხელი დაკარგა. ფიზიკური ნაკლი რომ დაეფარა, რეგლანმა მკერავს სთხოვა, ფარაჯის თარგი შეეცვალა. ეს მოდელი მოხერხებული აღმოჩნდა და მალე ჯერ მამაკაცის პალტოებისა და ლაბადების თარგებში დამკვიდრდა, ხოლო შემდეგ ქალის სამოსშიც. 

ბარონ რეგლანს სხვა  გამოგონებასაც მიაწერენ: 1854 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ყირიმში, ბალაკლავას ყურესთან, მან ბრძანა, ყინვისგან დასაცავად ჯარისკაცებს საგანგებოდ მათთვის მოქსოვილი ქუდები დაეხურათ. ამ აქსესუარს „ბალაკლავა“ ეწოდა.

 

ნაქსოვი  „კარდიგანი“

ჯეიმს თომას ბრუდნელი, კარდიგანის მეშვიდე გრაფი;
Gucci კარდიგანი;

ბალაკლავის ბრძოლის მონაწილე ინგლისელ ჯეიმს თომას ბრუდნელს, კარდიგანის მეშვიდე გრაფს (1797-1868)  ეკუთვნის კიდევ ერთი გამოგონება ტანსაცმლის დიზაინის სფეროში. ის იმ კავალერიის ბრიგადის მეთაური იყო, რომელიც ყირიმში საომრად გაგზავნეს. 

გრაფი ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ისტორიაში დარჩა მის მიერ შექმნილი ნაქსოვი, უსაყელო ჟაკეტი, რომელიც ღილებით იკვრებოდა. გადმოცემის თანახმად, ამ სამოსს ბრიტანელი ოფიცრები მუნდირის ქვეშ იცვამდნენ, რომ არ გაყინულიყვნენ. ლორდი კარდიგანი ნამდვილი დენდი იყო, ხოლო მისი პოლკი ევროპაში ცნობილი გახდა, როგორც ყველაზე ელეგანტურად ჩაცმული სამხედრო ნაწილი. 

 

ლაბადა „მაკინტოში“

მაკინტოშის წყალგაუმტარი ლაბადები 

© mackintosh.com

პირველი „მაკინტოში“ 1824 წელს გაიყიდა. რეზინის ქსოვილის გამოგონება ბედნიერმა შემთხვევამ განაპირობა. შოტლანდიელ ქიმიკოსს, ჩარლზ მაკინტოშს (1766-1843), რომელიც მორიგ ცდას ატარებდა, შემთხვევით პიჯაკის სახელო კაუჩუკის ხსნარით დაესვარა. 

გარკვეული ხნის შემდეგ მან შეამჩნია, რომ დასვრილ ადგილას ქსოვილი წყალს არ ატარებდა. მაკინტოშმა მალე წყალგაუმტარი ლაბადის მოდელი დააპატენტა და მისი სერიული წარმოება დაიწყო. მეორე ვერსიის მიხედვით, წყალგაუმტარი ქსოვილი ქირურგმა ჯეიმს სიმმა გამოიგონა, ხოლო მაკინტოშმა მხოლოდ მისი გაუმჯობესებული ასლი შექმნა. 

 

შარვალი „გალიფე“

გენერალი გასტონ გალიფე, ამავე სახელწოდების შარვალში გამოწყობილი © Wikimedia Commons

ფრანგი გენერალი, სამხედრო მინისტრი, მარკიზი გასტონ ალექსანდერ ოგიუსტ დე გალიფე (1830-1909) ცნობილი გახდა იმ განსაკუთრებული სისასტიკით, რომელიც მან 1871 პარიზის კომუნის ჩახშობისას გამოიჩინა. 

თუმცა, ასევე, მან კავალერისტებისათვის შარვლის ახალი ფორმა შემოიღო – ის წვივებს მჭიდროდ ეკვროდა და თეძოებისკენ შესამჩნევად განიერდებოდა. ამგვარი შარვალი სწორედ „გალიფეს“ სახელით დამკვიდრდა. 

გადმოცემის თანახმად, გალიფემ სამხედრო „რეიტუზის“ ნაცვლად, პირველმა ჩაიცვა ასეთი თარგის შარვალი, რათა თავისი დაზიანებული, ფორმაშეცვლილი თეძო დაემალა. 

 

ქურთუკი „ფრენჩი“


ჯონ დენტონ ფრენჩი;
ამერიკული არმიის ოფიცრები „ფრენჩის“ ქურთუკებში; ლესლი ჯონსის ფოტო, XX საუკუნის პირველი ნახევარი © Courtesy of the Boston Public Library

წელში გამოყვანილი ქურთუკი ოთხი ზემოდან დაკერებული ჯიბით, ბრიტანელი ფელდმარშალის, ჯონ დენტონ ფრენჩის (1852-1925) სახელითაა ცნობილი. იგი პირველი მსოფლიო ომის დროს საექსპედიციო ჯარის მეთაური იყო. „ფრენჩი“ ინგლისისა და საფრანგეთიდან სწრაფად გავრცელდა სხვა ქვეყნებში. ინგლისელი ოფიცრები პერანგსა და ჰალსტუხზე პიჯაკების სტილში გახსნილ „ფრენჩს“ იცვამდნენ; ხოლო ჯარისკაცები – საყელომდე შეკრულს. 

 

შლაპა „სტეტსონი“

კოვბოური შლაპა Stetson 

კოვბოური შლაპის შემქმნელი,  შთამომავლობით მექუდე ჯონ ბატერსონ სტეტსონია (1830-1906). მან კოვბოების ცხოვრებაზე დაკვირვებისას 1865 წელს შეიმუშავა შლაპის ისეთი დიზაინი, რომელიც უკეთესად მოერგებოდა მათ საჭიროებებს. 

შლაპას სახელწოდებით „ველების მბრძანებელი“ ფართო ფარფლები ჰქონდა, რომლებიც კოვბოებს დღისით მზისა და წვიმისგან იცავდა, ღამღამობით კი კოცონის გაღვივებაში ეხმარებოდა. მსუბუქი, წყალგაუმტარი ფეტრის ქსოვილი საშუალებას იძლეოდა ცხენები შლაპის ქვაბურიდან დაეპურებინათ, ხოლო მოხრილი ფარფლებიდან წყალი ისე ისმებოდა, როგორც პეშვიდან. 

 

ქსოვილი „ჟაკარდი“ 

ჟაკარდის ქსოვილი

© Wikimedia Commons

ფრანგმა ჟოზეფ მარი შარლმა, მეტსახელად ჟაკარდმა (1752–1834), რომელიც შთამომავლობით ფეიქარი იყო, XIX საუკუნის პირველ წლებში ისეთი დაზგა შექმნა, რომლითაც ფართონახატებიან ქსოვილებს აწარმოებდა. 

ამისათვის მას ნაპოლეონ I-მა პენსიად 3000 ფრანკი დაუნიშნა, ხოლო თვით ფეიქარს უფლება მიეცა, საფრანგეთში მომუშავე თითოეული ჟაკარდის დაზგიდან 50 ფრანკი მიეღო. სიკვდილის შემდეგ მას ლიონში ძეგლი დაუდგეს. 

 

ქსოვილი „სან-ჟენი“

„სან-ჟენის“ ქსოვილისაგან დამზადებული მოსასხამი, 1840 წელი

© Brooklyn Museum Costume Collection at The Metropolitan Museum of Art

სან-ჟენი, ანუ შანჟანი, ორფერი აბრეშუმის ქსოვილია ატლასის ან ტილოს ხლართით. გადმოცემის თანახმად, მას სახელი სარდუს პიესის –  „მადამ სან-ჟენის“ (1893) გავლენით ეწოდა, კეკლუცი მრეცხავი ქალის ამბავი, რომელმაც შეძლო ნაპოლეონ I მოეხიბლა და ჰერცოგინია გამხდარიყო. 

სახელი Sans-Gêne ფრანგულიდან შეიძლება ითარგმნოს, როგორც „უცერემონიობა“, „თავაშვებულობა“. ამ პიესის დადგმის შემდეგ გამოჩნდა „სან-ჟენის“ საპონი, სუნამო, შოკოლადი და, რა თქმა უნდა, ქსოვილიც – აბრეშუმის არაჩვეულებრივად ჭრელი ნაჭერი, მწვანე-წითელი, ლურჯ-ყვითელი  და სხვა კონტრასტული შეფერილობით. თუმცა, მეორე ვერსიის თანახმად, ასეთ ქსოვილს „შანჟანი“ ჰქვია, ფრანგული სიტყვა changeant-ის (ცვალებადი) გავლენით. 

 

ფეხსაცმელი „დ’ორსე“

 ფეხსაცმელ „დ’ორსეს“ ერთ-ერთი ძველი მოდელი, საფრანგეთი, 1895-1905 წლები

© Brooklyn Museum Costume Collection at The Metropolitan Museum of Art

ცნობილი დენდი, გრაფი დ’ორსე (1801-1852), ლონდონელ არისტოკრატ ახალგაზრდებს შორის გამორჩეულად პოპულარული იყო. მას მეტსახელად „მეფე-დენდს“ უწოდებდნენ. 

დ’ორსეს გარდერობიდან ტანსაცმლის ასლები მთელ ევროპაში ვრცელდებოდა და მის სახელს ატარებდა. მაგ., დ’ორსეს უწოდებდნენ პალტოს, აპრეხილფრთიან მაღალ ცილინდრს, ორკარიან, ოთხთვალა დახურულ კარეტას.  

ინგლისში გადასვლამდე  გრაფი საფრანგეთის მეფის პირად გვარდიაში მსახურობდა. ამ დროს შექმნა ფეხსაცმლის მოდელი, რომელსაც დღემდე იცვამენ. მას არ მოსწონდა სადღესასწაული მუნდირის უნიფორმის ფეხსაცმელი, ამიტომ მეწაღეს თავისი დიზაინის მიხედვით შეუკვეთა – ფეხზე მჭიდროდ მომდგარი, გვერდებზე ღრმად ამოჭრილი, წაწვეტებული ცხვირით. ახალი მოდელი ისეთი პოპულარული გახდა ინგლისის მაღალ წრეებში, რომ ის მალე ქალებმაც მოირგეს.

 

საკულტო ნივთები, რომლებსაც სახელები ვარსკვლავების პატივსაცემად დაერქვა


მოდის სახლები და ბრენდები თავიანთ ნაწარმს ხშირად ცნობილი ადამიანების სახელებს არქმევენ; ზოგიერთი დიზაინერი წარსულის საკულტო პიროვნებებითაც შთაგონებულია. 

 

პალტო ქეით მიდლტონს

 

ქეით მიდლტონი, MaxMara-ს ქიშმირის პალტოთი © MaxMara.com

ელეგანტურობისა და ქალურობის ნიმუშად მიჩნეული, კემბრიჯის ჰერცოგინია ამერიკულ-ბრიტანული მასობრივი ბრენდების ნაწარმის ჩაცმას არ ერიდება. მადლობის ნიშნად კი ისინი თავიანთ ნაწარმს სამეფო ოჯახის წევრების სახელებს არქმევენ. მიდლტონის MaxMara-ს ქიშმირის პალტოთი გამოჩენის შემდეგ, ბრენდმა ეს მოდელი ხელახლა გამოუშვა და პრინცესის სახელი დაარქვა.

 

ბლუზა „ბარდო“ 

 ბრიჯიტ ბარდო

ტოპისა და ბოდის შუალედურ ვერსიას, როგორიც ბრიჯიტ ბარდოს ერთ-ერთ ფილმში ეცვა, სახელი კინოვარსკვლავის პატივსაცემად ეწოდა. რამდენიმე სახის, სასცენო თუ საღამოს მოდელი ჟან-პოლ გოტიემ შექმნა და ისინი სწრაფად გახდა პოპულარული. ეს ბლუზა, დღეს უფრო მეტად ცნობილი, როგორც ტოპ-ბიუსტე, თანამედროვე მოდის მიმდევართა გარდერობის განუყოფელი ნაწილია. 

 

ლუბუტენი ბლეიკ ლაივლისთვის

 

The Blake ©christianlouboutin.com

ამერიკელი მსახიობის, ბლეიკ ლაივლის ფეხსაცმლის 300-წყვილიან კოლექციაში 40 მოდელი დიზაინერ კრისტიან ლუბუტენისაა. სერიალ „ჭორიკანას“ პარიზული გადაღებებისას ბლეიკი ლუბუტენის სტუდიას ეწვია. 

დიზაინერმა გოგონას საზაფხულო ფეხსაცმლის მოდელი აჩვენა, რომელზეც იმხანად მუშაობდა. მსახიობმა უთხრა, რომ ფეხსაცმელი ისე მოსწონდა, ძილის დროს ბალიშის ქვეშაც კი დაიდებდა. 2010 წელს ლუბუტენმა გამოუშვა მოდელი „The Blake“ – ფერადი ბალთებითა და წვრილი მაღალი ქუსლით.

 

ფეხსაცმელი „მერილინი“

Lady Brera©Fratelli Rossetti.com

2012 წელს იტალიურმა სახლმა Fratelli Rossetti-მ მერილინ მონროს პატივსაცემად შექმნა ე. წ. ნავები და მას Lady Brera დაარქვა. ის Brera-ს კლასიკური ლოფერების სახეცვლილი მოდელია, წვეტიანი ჭვერით და წვრილი ქუსლით. მისი კაშკაშა წითელი ფერი მერილინის პომადას მოგვაგონებს, ხოლო ნიანგის ტყავი საყოველთაო ყურადღებს იპყრობს.  

 

სპორტული შთაგონება Beatles-ისაგან

 

კედები, Yellow Submarine© Vans.com

ამერიკული სპორტული ფეხსაცმლის  ბრენდმა Vans-მა 2014 წელს „ბიტლზის“ წევრებთან ერთად შექმნა კედების კოლექცია Yellow Submarine, რომელიც ამავე სახელწოდების სიმღერას მიუძღვნა. 

დიზაინერს იდეა 1968 წლის მულტფილმის, „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ნახვის შემდეგ დაებადა. კოლექცია ოთხი წყვილი კლასიკური კედისაგან შედგება, რომლებზეც ჯგუფის წევრების ანიმაციური პორტრეტებია გამოსახული.

 

Birkin და Kelly – ჩანთების სამყაროს სამოთხე

ჯეინ ბირკინი; Hermes-ის ჩანთა Birkin © Hermes.com

Hermes-ის ყველაზე ლეგენდარული და სასურველი მოდელები ცნობილი ქალების პატივსაცემად შეიქმნა. ჩანთა Birkin-ის იდეა ფრანგ ვარსკვლავს, ჯეინ ბირკინს ეკუთვნის.  

1984 წელს თვითმფრინავის ბორტზე საუბრისას Hermes-ის დირექტორს მსახიობმა შესჩივლა, რომ მის ჩანთას შიდა განყოფილებები არ ჰქონდა და სურდა, ისეთი მოდელი ჰქონოდა, რომელშიც ბევრი რამ ჩაეტეოდა.  

ამ დიალოგმა მოდის ინდუსტრია თავდაყირა დააყენა. ასე შეიქმნა Hermes-ის საკულტო ლაკონიური ოქროსშესაკრავიანი ჩანთა Birkin, რომლის ზომებიცაა  35, 40, 45 სმ. 

გრეის კელი; Hermes-ის ჩანთა Kelly © Hermes.com

ჩანთა Kelly-ის წინაპარი სახელად Sac à dépêches ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა. 1956 წელს, როცა მონაკოს დედოფალმა გრეის კელიმ ეს ჩანთა მუცელზე აიფარა, რათა თავისი ორსულობა პაპარაცებისთვის დაემალა, ეს აქსესუარი მსოფლიოში ყველაზე მოდური გახდა. ფოტო Life-ის გარეკანზე დაიბეჭდა. იმავე წელს Hermes-მა ამ ტრაპეციის ფორმის ჩანთას Kelly უწოდა. დღესდღეობით მისი სხვადასხვა ზომისა და ფერის მოდელები არსებობს. 

 

ჩანთა პირველი ლედისთვის

ჟაკლინ და ჯონ კენედები; Gucci-ს ჩანთა Jackie O© Gucci.com

Gucci-ს ჩანთა, რომელსაც ახლა Jackie O ჰქვია, თავდაპირველად ერთ-ერთი რიგითი მოდელი იყო, მაგრამ ჟაკლინ კენედის  წყალობით მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა და სახელიც შეიცვალა. 

1947 წელს Gucci-მ შექმნა ქალის მხარზე გადასაკიდი ჩანთა Icon  – ბამბუკის სახელურებითა და ტყავის ფუნჯებით, რომელსაც შემდეგ ჟაკლინ კენედი-ონასისის სახელი ეწოდა, რადგან 60-იან წლებში სტილის კანონმდებელი ამ პრაქტიკული და ტევადი ჩანთით საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა. კლასიკური Jackie O ბადისებრი პრინტით დამშვენებული ნაჭრისაგან  მზადდება (ტყავის დეტალებით). 2009 წელს Gucci-მ სხვადასხვა ზომისა და ფერის New Jackie O გამოუშვა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.