fbpx

ფოტოგრაფიაში ასახული ბავშვების ზრდა და ტრანსფორმაცია


გააზიარე სტატია



ბავშვობის წლები, პატარაობის მოგონებები და განცდები, ადრეულ ასაკში გადამხდარი ამბები, მოვლენების, გარემოსა და სამყაროს აღქმის ხერხები  დროთა განმავლობაში ხუნდება და დავიწყებას ეძლევა. ეს თემები ბევრი ფოტოგრაფისთვის გამხდარა ინსპირაციის წყარო და ისინიც, სხვადასხვა მეთოდებითა და რაკურსებით ცდილობენ გააცოცხლონ წარსული. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე თანამედროვე ფოტოგრაფის სერიას, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმუშავეს და შეეცადნენ, ბავშვობისა და მოზარდობის სხვადასხვა ეტაპები, ზრდის პროცესი და ტრანსფორმაცია ვიზუალურად დაეფიქსირებინათ.   

 

ჯესი ბერკი (აშშ)

ჯესი ბერკი ამერიკელია. მისი აზრით, ბავშვებისათვის ბუნებასთან ხშირი კონტაქტი უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით, არამედ მათი განვითარებისათვის,  თავდაჯერებისა და თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნების უნარების ჩამოსაყალიბებლად. შესაბამისად, როცა პირველი შვილი – კლოვერი ხუთი წლის გახდა, მასთან ერთად ამერიკის სხვადასხვა რეგიონებში, ველურ ბუნებაში მოგზაურობა დაიწყო. 

ჯესი ბერკმა ველურ ბუნებაში ხუთწლიანი მოგზაურობის ამსახველი ვიზუალური მასალა ფოტოწიგნად გამოსცა, რომელსაც Wild & Precious დაარქვა. „ყოველდღე, შენ უფრო დიდი და უშიშარი ხდები. ვერ გთხოვ, რომ ისევ პატარა, საყვარელ, უცოდველ არსებად დარჩე, რადგან ბუნების კანონია შეიცვალო. მეტამორფოზის პროცესზე დაკვირვება სასიამოვნოცაა და ამავე დროს სევდიანიც“. – წერს ფოტოგრაფი.

იუსო ვესტერლუნდი (ფინეთი)

ფინელმა იუსო ვესტერლუნდმა მისი პირველი შვილის – ერკის გაჩენის დღიდან დაიწყო მისი გადაღება. ერთი წლის თავზე მას მეორე ბიჭი – ანტერო გაუჩნდა. ფოტოგრაფის თქმით, უბრალო საოჯახო ფოტოგრაფიამ მისთვის ძალიან მალევე შეიძინა უფრო მნიშვნელოვანი, კონცეპტუალური დატვირთვა, რადგან ცხოვრების წარმავალობაზე დააფიქრა. 

ასე დაიბადა ფოტოსერია „გულისძგერა“, რომელმაც 9-წლიანი პერიოდი მოიცვა და ჰელსინკის მახლობლად მდებარე პატარა დასახლებაში ძმების ბავშვობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააერთიანა. 

„უფროსს სერიოზული და პრაგმატული ხასიათი აქვს, განსხვავებით უმცროსისგან, რომელიც უფრო მეოცნებეა, უდარდელი და არსად ეჩქარება“. – ამბობს იუსო.    

საინტერესოა ისიც, რომ თავად იუსოს მამა ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და ჯანმრთელობის პრობლემების გამო მაშინ გარდაიცვალა, როცა ფოტოგრაფი 9 წლის იყო. შესაბამისად, თავის ფოტოსერიაში ასახავს იმ მომენტებს, რომელიც თავად არასოდეს ჰქონია და განუცდია.  „მართალია, ჩემი შვილების ბავშვობას ავსახავ, მაგრამ ამავე დროს საკუთარი მოგონებების გადარჩენასაც ვცდილობ“. – წერს ფოტოგრაფი. 

 

ლუიზა დიორი (ბრაზილია)

ფოტოგრაფმა ლუიზა დიორმა თავისი ფოტოსერიის გმირი, 11 წლის მაისა პერსონალურ გამოფენაზე – Young Miss Brazil-ზე შემთხვევით ნახა და გაიცნო.  სან-პაულუს უღარიბესი ფაველის მკვიდრი გოგონა გამოფენას ცნობისმოყვარეობის გამო სტუმრობდა და როგორც გაირკვა, მომავალში სილამაზის კონკურსში მონაწილეობაზე ოცნებობდა. იმ წელს ფოტოგრაფმა მაისას მხოლოდ ერთი ფოტო გადაიღო. 

ხუთი წლის შემდეგ, როცა მაისა სრულწლოვანი გახდა, გოგონას დედამ ფოტოგრაფს შვილის პორტფოლიოს შექმნა სთხოვა, რადგან მაისა სილამაზის კონკურსში მონაწილეობას აპირებდა. ლუიზა დიორი სამუშაოს შესრულებას უსასყიდლოდ დათანხმდა და მაისას „მის სან-პაულუსთვის“ მზადებისა და მონაწილეობის ექვსთვიანი პერიოდი ასახა. 

გოგონამ დამოუკიდებელ ნომინაციაში გაიმარჯვა, რომელსაც „შავი ლამაზმანი“ ერქვა. „ბრაზილიის მოქალაქეები სხვადასხვა ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა შეუღლების შედეგად დაბადებული ადამიანები არიან. მიუხედავად ამისა, კანის ფერის ნიშნით დისკრიმინაცია ამ ქვეყნის პრობლემაა. სილამაზის კონკურსებზე შავკანიანი მონაწილე იშვიათობაა“. – ამბობს ფოტოგრაფი.

ლუიზა დიორისა და მაისას თანამშრომლობა დღესაც გრძელდება. ფოტოგრაფი წელიწადში ორჯერ სტუმრობს გოგონას და მის ცხოვრებას ასახავს. „როცა ვინმესთან წლების განმავლობაში მუშაობ, რთულია მისგან ემოციური დისტანცია შეინარჩუნო და მის ცხოვრებაში არ მიიღო მონაწილეობა“. – წერს ფოტოგრაფი. ლუიზა დიორის რჩევითა და დახმარებით, მაისამ სწავლა განაგრძო და პროფესიონალ მოდელად მუშაობაც დაიწყო. 

 

ჯულია ბლეკმონი (აშშ)

ჯულია ბლეკმონის ნამუშევრები ერთგვარი ლამაზი ზღაპრებია ბედნიერ ბავშვობაზე. ავტორი აბსურდული, სიურეალისტური დადგმული კადრებითა და კოლაჟებით მრავალშვილიანი ამერიკული ოჯახის ყოფას გადმოსცემს. 

ყოველდღიური ფუსფუსი, ქაოსი, გამაღიზიანებლად დალაგებული ოთახები, მოუწესრიგებელი სახლი, მოთამაშე, ზოგჯერ სევდიანი და ზოგჯერ მხიარული ბავშვები, ხმაურით დაღლილი მშობლები და უფროსები, რომლებიც სულ მუდამ ჭკუას არიგებენ პატარებს – ეს ის თემებია, რომლებიც ბლეკმონს აინტერესებს. ფოტოგრაფი ბავშვების მიმართ  ოჯახის სხვადასხვა წევრის ქცევას იკვლევს საერთო ოჯახურ “ლანდშაფტზე”. 

საინტერესოა ისიც, რომ ჯულია ბლეკმონის შემოქმედება ძველ ფერწერულ ტილოებს მოგვაგონებს. ფოტოგრაფის თქმით, მის ხელწერაზე დიდი გავლენა იქონია ჰოლანდიურმა ხელოვნებამ, განსაკუთრებით კი მე-17 საუკუნის მხატვარმა იან სტენმა. „მართალია, სტენის ნახატები 400 წლისაა, მაგრამ ამავე დროს ძალიან თანამედროვეა. მის ნახატებზე ერთდროულად უამრავი რამ ხდება. ეს მოწესრიგებული ქაოსი გენიალურია“. – ამბობს ბლეკმონი.


რეკომენდებული სტატიები
ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი
ელენ ლევიტი ამერიკული ქუჩის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფიგურაა. მას ერთდროულად “თავისი დროის ყველაზე აღიარებულ და ყველაზე უცნობ ფოტოხელოვანადაც” მოიხსენიებენ
ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა
წარმოგიდგენთ რამდენიმე ახალგაზრდა  ფოტოჟურნალისტსა და ფოტოდოკუმენტალისტ ქალს, რომლებსაც წარმატებული კარიერული სტარტი აქვთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.