fbpx

პოპულარული დიეტების დადებითი და უარყოფითი თვისებები


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

 

ცოცხალი ორგანიზმი მუდმივად ცვალებადი სისტემაა. ის გადარჩენის მიზნით ყოველთვის ცდილობს გარემოსთან ადაპტაციას. ეს ადაპტაცია მოქნილი გენების საშუალებით ხდება. გენების მოქნილობა, რომ არა დღევანდელი დღე, ჰომო საპიენსის გარეშე დადგებოდა. 

აქედან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმი არ არის რაღაც ერთი გარკვეული კვების რეჟიმისთვის შექმნილი. ჩვენი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში ვჭამდით იმას, რაც ხელმისაწვდომი იყო. ამ საკვებში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებებს კი ადამიანის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე თავისი როლი ჰქონდა ჩვენი სისტემის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. 

მაგალითად, როდესაც ადამიანმა დაიწყო ომეგა ცხიმების მიღება, მისი კოგნიტური შესაძლებლობები განვითარდა. აგროკულტურის დაწყების შემდეგ კი გულსისხლძარღვოვანმა და მეტაბოლურმა დაავადებებმა იჩინა თავი, რადგან გაიზარდა ნახშირწყლების მოხმარება.

მაშასადამე, ჩვენი წარსულის გამოა, რომ ადამიანის ორგანიზმი არ არის მხოლოდ ერთი გარკვეული ტიპის დიეტის, ვარჯიშის, ცხოვრების წესის,  სოციალური გარემოს და ჩვევებისთვის შექმნილი. ჩვენი ჯანმრთელობაც და დაავადებებიც მუდმივად ცვალებადია.

“სასურველი შედეგების მისაღწევად კი მრავალფეროვნება კვების რაციონსა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ყველაზე დამაჯერებლად ჟღერს”

დღესდღეობით უამრავი დიეტური სქემა  არსებობს. ხშირად, პოპულარული დიეტების მხარდამჭერები გვარწმუნებენ ამა თუ იმ კვების რეჟიმის მართებულობაში. არის შემთხვევები, როდესაც ასეთი დიეტები მართლაც მუშაობს, რადგან ჩვენი თანდაყოლილი გენეტიკური ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთი ორგანიზმი საჭიროებს მეტ ცხიმს, ზოგი მეტ ცილას, ზოგი მეტ ნახშირწყლებს, ზოგიც ყველაფერს ერთად.  

სასურველი შედეგების მისაღწევად შესაძლებელია სხვადასხვა კვების რეჟიმის გონივრულად გამოყენება, თუ გავითვალისწინებთ ადამიანის ბიოქიმიურ აგებულებას, ჯანმრთელობას, ცხოვრების წესს, კლიმატს, მიზნებს, ნუტრიციულ მოთხოვნილებებს და გარემო პირობებს. 

 

ვეგანური დიეტა

ამ კვების რეჟიმის მიხედვით რაციონიდან ამოღებულია ყველანაირი ცხოველური პროდუქტი. დასაშვებია ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული და ბურღულეული. 

  • დადებითი თვისებები.

თუ ვეგანური დიეტის მიმდევრები მიირთმევენ მრავალფეროვან და ჯანსაღ ვეგანურ საკვებს, ორგანიზმი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას იღებს. ეს დიეტა სავსეა ბოჭკოთი, ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, მინერალებით და ომეგა ცხიმებით. ვეგანური დიეტა მდიდარია კალიუმით და ამცირებს დიაბეტის, გულსისხლძარღვოვანი, ონკოლოგიური, ანთებითი დაავადებების რისკს. ამ ტიპის კვების რეჟიმი საუკეთესოა ქრონიკული დაავადებების გასაუმჯობესებლად, ორგანიზმის გასაწმენდად და წონის დასაკლებად.

  • უარყოფითი თვისებები.

ვეგანური კვების რეჟიმი მოითხოვს ცოდნას და სათანადო მომზადებას. ხშირად ამ კვების რეჟიმის მიმდევრები მიირთმევენ დიდი რაოდენობით რაფინირებულ ნახშირწყლებს, სოიის და დაბალი რაოდენობით ცილებს. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ნუტრიციული დეფიციტები. ვეგანებს შორის ხშირია ვიტამინი D-ს, B12-ის, რკინის, ცილების, კალცის, თუთიის და იოდის ნაკლებობა. ამ ნივთიერებების დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძვლების გალევა, სახსრების, ენდოკრინოლოგიური და ნევროლოგიური კონდიციები. ასევე შეინიშნება დეპრესია, ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა, ენერგიის  და ენთუზიაზმის უქონლობა. აუცილებლად მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს. ასეთი კვების რეჟიმი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისთვის. 

 

ვეგეტარიანული დიეტა  

ვეგეტარიანული დიეტის მიმდევრები არ მიირთმევენ ხორცს და სხვა ცხოველურ პროდუქტებს. არსებობს რამდენიმე ტიპის ვეგეტარიანული დიეტა: ლაქტო ვეგეტარიანული (მიირთმევენ რძის ნაწარმს), ოვო ვეგეტარიანული (მიირთმევენ კვერცხს), ლაქტო-ოვო ვეგეტარიანული (მიირთმევენ რძის ნაწარმს და კვერცხს), და პესკატარიანული (მიირთმევენ ზღვის პროდუქტებს). 

  • დადებითი თვისებები.

ვეგანური დიეტის მსგავსად, ჯანსაღი ვეგეტარიანული დიეტაც დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ვეგეტარიანელები მიირთმევენ ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს, ბურღულეულს და პარკოსნებს. ეს დიეტა ასევე მდიდარია ცხოველური ცხიმებით, რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ამ ტიპის კვების რეჟიმი უფრო მოქნილია და იწვევს ნაკლებ ნუტრიციულ დეფიციტებს. ვეგეტარიანული დიეტა წარმატებულია გულსისხლძარღვოვანი დაავადებების, მაღალი წნევის, ქოლესტერინის, დიაბეტის და ონკოლოგიური დაავადებების მხარდასაჭერად. 

  • უარყოფითი თვისებები.

 თუ ვეგეტარიანული დიეტა არ არის სწორად შედგენილი და ამ კვების მიმდევარი დიდი რაოდენობით რაფინირებულ ნახშირწყლებს მიირთმევს, შესაძლებელია განვითარდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები (ყაბზობა, შებერილობა, გაზები) და  წონის მკვეთრი მატება. ვეგეტარიანელები ასევე მიირთმევენ დიდი რაოდენობით სოიის პროდუქტებს. სოია გარდა იმისა, რომ არის ალერგიული საკვები, შედის მსოფლიოს ყველაზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების სიაში. თუ სოია არ არის ფერმენტირებული (სოიის რძე, ყველი, მაიონეზი დ ა.შ), ის რთული გადასამუშავებელია და ქმნის სხვადასხვა ალერგიების წარმოქმნის თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემების  რისკს.

 

კეტოგენური (კეტო) დიეტა

კეტოგენური დიეტის მთავარი მიზანი არის ორგანიზმის გლუკოზის ენერგიად გამოყენებიდან ცხიმების გამოყენებაზე გადაყვანა. ამიტომ ამ კვების რეჟიმის დროს ხდება ნახშირწყლების შემცირება და ცილებისა და ცხიმების გაზრდა. როცა ადამიანი დღეში 50 გრ-ზე ნაკლებ ნახშირწყლებს მიირთმევს, ორგანიზმში იწურება გლუკოზის მარაგი, იწყება შენახული ცხიმების დაშლა და გამოყენება. ამ დროს ხდება წონაში კლებაც. ჯანსაღი ცხიმები ასევე დადებითად მოქმედებს ჩვენს ტვინზე და აუმჯობესებს ნევროლოგიურ კონდიციებს.

  • დადებითი თვისებები.

ჯანსაღი კეტოგენური დიეტა აბალანსებს ინსულინს, სისხლში შაქრის დონეს, ის ასევე წარმატებით გამოიყენება აკნეს, აუტიზმის, ეპილეფსიის, ალცჰაიმერის, პარკინსონის და ონკოლოგიური დაავადებების დროს. კეტოგენური დიეტა რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის და დაგეხმარებათ წონის კლებაშიც. თუ კეტოგენური დიეტა არის ჯანსაღი, ორგანიზმი მარაგდება საჭირო ტიპის ომეგა ცხიმებით. ამ კვების რეჟიმის დროს მიირთმევთ დღეში ორჯერ. კეტოგენური დიეტის დროს კვების რაციონში იმატებს უმი ბოსტნეული, იკლებს შაქარი და რაფინირებული ბურღულეული. 

  • უარყოფითი თვისებები.

ყველა სხვა დიეტის მსგავსად, კეტოგენური დიეტაც ყველასთვის არ არის. ამ ტიპის კვების რეჟიმმა შესაძლებელია გამოიწვიოს ყაბზობა, ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალცი, კალიუმი, ქლორი, მაგნიუმი) დაკარვა, დაღლილობა, მენსტრუალური პრობლემები და ნუტრიციული დეფიციტები. თუ კეტო დიეტის დროს მივირთმევთ არაჯანსაღ ცხიმებს, ეს შესაძლებელია ანთებით პროცესებს დაედოს საფუძველად. 

 

პალეოლითური (პალეო) დიეტა

პალეო კვების რეჟიმის მიმდევრები მიირთმევენ ძირითადად იმ საკვებს, რასაც ადამიანი აგროკულტურის ჩამოყალიბებამდე იღებდა. ეს დიეტა გამორიცხავს რაფინირებულ რძის ნაწარმს, ცხიმებს, ბურღულეულს და მის პროდუქტებს, შაქარს, პარკოსნებს, ხელოვნურ დამატკბობლებს, სუფრის მარილს.

  • დადებითი თვისებები.

ჯანსაღი პალეო დიეტის დროს კვების რაციონიდან მთლიანად ამოღებულია რაფინირებული საკვები, რაც თავისთავად ამცირებს ორგანიზმში ანთებით პროცესებს და ნუტრიციულ დეფიციტებს. ეს დიეტა წარმატებულია წონის კლებისთვის, რადგან ულუფები ძირითადად შედგება ბოსტნეულის და ხორცისაგან. ის ასევე აუმჯობესებს სისხლში შაქრის ბალანსს და ინსულინის რეზისტენტობას. პალეო დიეტის დროს შეინიშნება ენერგია და გონების სიცხადე. 

  • უარყოფითი თვისებები.

თუ ადამიანს დარღვეული აქვს კუჭის ფლორა, პალეო დიეტა შესაძლებელია პრობლემური აღმოჩნდეს. ხორცის გადამუშავებას ესაჭიროება სათანადო ხარისხის კუჭის მჟავა, როცა ეს პირობა დარღვეულია, ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები. პალეო დიეტა ასევე შეუსაბამოა თირკმელების სისუსტის ან დაავადებების დროს. ზოგიერთ ჩვენგანს გარკვეული რაოდენობით რთული ნახშირწყლები (ბურღულეული) ესაჭიროება. ვინაიდან პალეო დიეტა გამორიცხავს ამ საკვების ჯგუფს, არის შემთხვევები, როცა პალეო დიეტის დაწყებისას ადამიანი  განიცდის თავის ტკივილებს, დაბალ ენერგიას, სისუსტეს, გაღიზიანებას და დაბინდულ გონებას. 

ცხოველებისაგან განსხვავებით, ადამიანის ორგანიზმს აქვს მრავალი ტიპის საკვების გამოყენების უნარი. როგორც დავინახეთ,  სხვადასხვა კვების რეჟიმით შესაძლებელია სასურველი შედეგების მიღწევა.

“თუ რომელი კვების რეჟიმი დაგეხმარებათ თქვენი ჯანსაღი მიზნების განხორციელებაში, ეს მხოლოდ ცდისა და ექსპერიმენტის შედეგად უნდა დაადგინოთ”

ყოველთვის უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს. შესაძლებელია  ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე თქვენი ნუტრიციული მოთხოვნილებები შეიცვალოს.  მრავალფეროვნება კი ყოველთვის მოგებიანია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.