fbpx

მოსაზრება: ”ვის ეშინია გრეტა თუნბერგის” — ანა ძიაპშიპა


გააზიარე სტატია



ავტორი: ანა ძიაპშიპა

 

16 წლის შვედი კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგი ჩემი ბავშვობის გმირს, პეპი გრძელწინდას მახსენებს. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც მისი და პოლიციელის დაჟინებული მზერა დავინახე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ზურგსუკან. 

გრეტას ასპერგერის სინდრომი, ობსესიურ კომპულსიური აშლილობა და სელექციური მუტიზმი (მეტყველების შეკავება) აქვს. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ეს ჩამონათვალი დამატებითი ძალაა (superpower) იმისთვის რომ შეცვალოს სამყარო. სელექციური მეტყველების შეკავება კი მისი ბრძოლის ყველაზე ზუსტი იარაღია – ილაპარაკოს მაშინ და ზუსტად ის, რასაც ყველაზე საჭიროდ თვლის. ზუსტად როგორც პეპის ქონდა, მისი ძალაც ხომ მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში აქტიურდებოდა. 

გრეტასი ძალიან ბევრს შეეშინდა, განსაკუთრებით ჩვენი სამყაროს “ძლიერი სქესის” წარმომადგენლებს. რადგან მის მიღმა, დიდი შეთქმულების აჩრდილი დაინახეს, იმაზე დიდი და საშიში ვიდრე უკვე ფაქტად აღიარებული კლიმატური ცვლილებაა. 

პირველად მეც შემეშინდა გრეტა თუნბერგის, უფრო სწორად ჩემი თავის შემეშინდა, რადგან მისი სახით ჩემი შვილის მომავალი ჯანყი დავინახე ჩემი უუნარობის წინააღმდეგ. 

მაგრამ, მაინც არ მგონია რომ გრეტა თუნბერგის უნდა გვეშინოდეს, არც ის მგონია მას ჩვენი ცრემლები და შეცოდება სჭირდებოდეს, არც იმაზე მგონია ღელავდეს, როგორ გვაღიზიანებს მისი ტონი, მეტყველების მანერა ან თვალები. 

პირიქით, გრეტა თუნბერგს ჩვენი გამოფხიზლება უნდა და ამას ყველა მეცნიერზე და ორგანიზაციაზე მეტად მიაღწია, რადგან რამდენიმე დღეა მხოლოდ მასზე და მისი გავლით, კლიმატის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ.

და რადგან ჩვენ მასსავით ძლიერები არ ვართ, ხშირად ვლანძღავთ, რადგან სინამდვილეში, ყველაზე მეტად საკუთარი უმოქმედობის და უსუსურობის გვეშინია. 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.