fbpx

კინოკლასტერი და კინოინდუსტრიის გამოწვევები – ინტერვიუ ნანა ექვთიმიშვილთან და სიმონ გროსთან


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: ბექა მაისურაძე

 

საქართველოს კინოინდუსტრიის პოპულარიზაციის, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის განვითარების, ქართულ და უცხოელ კინომწარმობლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშესაწყობად 2017 წელს 40-ზე მეტი წამყვანი კომპანია და კინოწარმოების სფეროს პროფესიონალი გაერთიანდა, შედეგად კი საქართველოს კინოკლასტერი დააარსეს. ამ საქმის მხარდამჭერად ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი გამოვიდა, რომელსაც  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

კინოკლასტერი დაარსების დღიდან ზრუნავს თავისი წევრების ინტერესებზე, ამისთვის კი ერთ-ერთი მთავარი მიზანი რაც ორგანიზაციას აქვს წევრებისთვის კარგი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნაა.

ქართული კინოინდუსტრიის გამოწვევებთან სრულიად გასამკლავებლად და საბოლოოდ ამ სფეროს გაძლეირებისკენ მიმართულ ბრძოლაში რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსიც ჩაერთვნენ, რომლებმაც კლასტერის სხვა წევრებთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა დაწერეს.

 

რა არის კლასტერის მთავარი ფუნქცია და რამედენად მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა ქართული კინოს განვითრებაში?

ნანა ექვთიმიშვილი: პირველ რიგში, კლასტერი თავისი წევრების ინტერესებზე ზრუნავს. ეს არის კლასტერის პრინციპი. საქართველოს კინოკლასტერს ამჟამად 40-ზე მეტი წევრი ჰყავს და ეს რიცხვი იზრდება. თუ რას ნიშნავს კლასტერის წევრების ინტერესების დაცვა, მათი განვითარება, ასევე, მათთვის კარგი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნა, ეს კომპლექსური საკითხია და მთლიანი კინოინდუსტრიის გამოწვევებს მოიცავს.

კინოკლასტერის მიზანიც სწორედ ეს არის — ქართული კინოინდუსტრიის გაძლიერება, რადგან ცალკეული კინოშემოქმედისა თუ კომპანიის განვითარება სწორედ ზოგადი ინდუსტრიის პირობებთან და პერსპექტივებთანაა დაკავშირებული.

სიმონ გროსი: კლასტერის პრინციპი ევროპაში საკმაოდ ცნობილია. ეს არის დამოუკიდებელი ინიციატივა, რომლის ხელშეწყობა, ხშირ შემთხვევაში, ევროკომისიის პრიორიტეტებშიც შედის, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშიც იყო. როგორც ცნობილია, ამ პროექტის ფარგლებში GIZ-ი გახლდათ კლასტერის ხელშემწყობი და ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობის დამფინანსებელი.

კლასტერის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ის არამარტო უნდა ჩაერთოს ქართულ კინოინდუსტრიაში, არამედ უნდა წარმოადგენდეს ქართულ კინოინდუსტრიას. დღევანდელ კინოინდუსტრიაში ყველა რგოლში მომუშავე ადამიანი თუ სხვადასხვა პროფილით მომუშავე კომპანია, ერთნაირი პრობლემების წინაშე დგას. როდესაც ინტერესები ერთია, მაშინ გაცილებით უფრო იოლია პრობლემების მოგვარება. ასეთი საკითხები მრავლადაა და ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ამ საკითხებში უდავოდ ერთ პოზიციაზე არიან: დაფინანსება, საკანონმდებლო ცვლილებები, საგადასახადო ხარვეზები, განათლება და ასე შემდეგ.

 

ფოტო: GIZ/თამარ კორახაშვილი

 

ნანა ექვთიმიშვილი: კინოკლასტერის მიზანია კინოინდუსტრიაში გაფანტულ ცალკეულ ხმებს თავი მოუყაროს, შექმნას ჯგუფი და შემდეგ ამ საერთო პრობლემების სათანადო გახმოვანება გააკეთოს. ასევე მნიშვნელოვანია საქრთველოს კინოინდუსტრიის უშუალოდ დაკავშირება საერთაშორისო კინოინდუსტრიასთან. იქნება ეს თანამშრომლობა ფონდებსა და ინსტიტუციებსა თუ კერძო კინოგაერთიანებებს შორის. განათლებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და შესაძლოა, კლასტერმა მომავალში ამ კუთხითაც მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს. კინოკლასტერის ერთ-ერთი პროირიტეტი ქართულ კინოინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების სიმრავლე და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვაა. კლასტერმა უკვე არაერთ მსურველს შეუწყო ხელი წარდგენილიყო საერთაშორისო პლატფორმაზე, მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

 

როგორც ვიცი, შენ და სიმონმა დაწერეთ კალსტერის სამოქმედო გეგმა, მაინტერესებს, რა გახდა ამ გეგმის ამოსავალი წერტილი და რითი იხელმძღვანელეთ?

ნანა ექვთიმიშვილი: გეგმა ჩვენ დავწერეთ, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შემოქმედება. ეს გეგმა კლასტერის წევრებთან მჭიდრო ურთიერთობის ფონზე დაიწერა. ცხადია, მნიშვნელოვანია კლასტერის ყველა წევრის ხმა, მათი ინტერესები, მათი გამოცდილება და შეხედულებები, რასაც ჩვენ მუშაობის პროცესში ვეცნობოდით. გვქონდა შეხვედრები, აზრის გაცვლა-გამოცვლა.

სიმონ გროსი:  მოგეხსენებათ, რომ კლასტერი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს სახელმწიფო დახმარება და გრძელვადიან პერსპექტივაში მას შეუძლია მხოლოდ მაშინ იარსებოს, თუ ექნება გარკვეული ფინანსური შემოსავალი. ეს შემოსავალი საჭიროა, მაგალითად, იმისათვის, რომ კლასტერისთვის მომუშავე ადამიანებს, მენეჯმენტის მცირე ჯგუფს, გადაეხადოს ანაზღაურება. სწორედ ამიტომ, ჩვენს სტრატეგიულ გეგმაში კლასტერის ფინანსური უზრუნველყოფა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლდათ.

ამას გარდა, სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებდა ისეთ საკითხებზე პასუხის გაცემას, როგორიცაა: რა უნდა გაკეთდეს მომავალში იმისათვის, რომ კინოინდუსტრია გაძლიერდეს დაფინანსების, საკანონმდებლო და საგადასახადო, საერთაშორისო და საგანმანათლებლო კუთხით. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ გეგმაში მნიშვენლოვანი თემაა კლასტერის პოზიციონირება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სივრცეში.

არსებობს კინოკლასტერის რამდენიმე საკმაოდ წარმატებული მოდელი, როგორიცაა მაგალითად, ესპანური CLUC, რომელიც კანარის კუნძულებზე დაარსდა, ასევე სხვა კლასტერებიც, რომლებთანაც გავიარეთ კონსულტაციები და მჭიდრო კონტაქტი გვაქვს.

 

ფოტო: GIZ/თამარ კორახაშვილი

 

თქვენთვის, როგორც წარმატებული რეჟისორებისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი კლასტერთან აქტიური თანამშრომლობა?

ნანა ექვთიმიშვილი: მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ვერავინ იქნება წარმატებული, თუ ინდუსტრიის ზოგადი ფონი არ შეიცვალა.

კი, შესაძლებელია განვითარდე, თითქოს ფილმების შექმნის გზებიც არსებობს, მაგრამ უმნიშვნელო ქვეყნის კინოინდუსტრიის ნიშიდან ვერ გამოხვალ. მოგიწევს გაჩერდე, რადგან გარემო არ მოგცემს მეტის საშუალებას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ მოვლენებისგან განზე გადგე, ისარგებლო არსებულით და რაც არ არსებობს დამოუკიდებლად, მხოლოდ შენთვის  მოიპოვო, თუმცა, ეს არჩევანია და გადაწყვეტილება ყველამ თავად უნდა მიიღოს.

ჩვენი არჩევანი სწორედ ისაა, რომ ჩავერთოთ ზოგადი ინდუსტრიის გაძლიერების პროცესში, დავეხმაროთ პროცესს, რომელშიც საქართველო, როგორც კინოქვეყანა უფრო მკვეთრად მოინიშნება საერთაშორისო რუქაზე და ასევე გაიზრდება მისი მნიშვენლობის აღქმა ქვეყნის შიგნითაც. ჩვენი აზრით, ამ პროცესში ყველა უნდა ჩაებას, საერთაშორისო პლატფორმებზე სურათი ძალიან სწრაფად იცვლება… სხვა ქვეყნებს ჩვენზე ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ ერთად გაცილებით მეტი რამის მიღწევაა შესაძლებელი. სწორედ ასეთი ერთად ყოფნის შანსს აძლევს კლასტერი საქართველოს კინოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.