fbpx

ფეხბურთი: მშვიდობიანი მადრიდული დერბი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასული კვირა ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის პირველობებზე გუნდებს 3-3 მატჩის ჩატარება მოუწიათ. 

ამას თუ კიდევ კარს მომდგარ ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპის ლიგის მატჩებს დავუმატებთ, მივხვდებით, თუ რატომაა, რომ ევროპის წამყვანი გუნდები ზოგჯერ ვერ ან არ ავლენენ თავიანთ მაქსიმალურ შესაძლებლობებს. 

ფეხბურთელებიც ხომ ადამიანები არიან და ასტრონომიული ანაზღაურებების მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, ხანდახან ისინიც ვერ ახერხებენ ხოლმე ძალების კონცენტრირებას და მაყურებელიც გაკვირვებული რჩება სხვადასხვა მატჩებში დაფიქსირებული სენსაციებით.

გასულ კვირას სწორედ ასეთი სენსაციების ავტორებად იქცნენ „პარი სენ ჟერმენი“ და „ნაპოლი“, რომლებიც შინ, შესაბამისად, „რეიმსთან“ და „კალიარისთან“ დამარცხდნენ.

განსაკუთრებით საკვირველია ნეიმარის მონაწილეობით პარიზელთა შინაური მარცხი იმის გათვალისწინებით, რომ თომას ტუხელის გუნდმა საფრანგეთის პირველობის პირველ რვა ტურში უკვე მეორე მატჩის წაგება მოახერხა, როდესაც შარშან მას წაგებების სერია მხოლოდ სეზონის მიწურულს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის, შიდა პირველობაზე უკვე კარგა ხნის გაჩემპიონების და აქედან გამომდინარე, ფეხბურთის თამაშის ყოველგვარი ინტერესის დაკარგვის შემდეგ დაეწყო. 

 

ნეიმარი „რეიმსთან“ მატჩის დამთავრების შემდეგ

 

„პარი სენ ჟერმენი“ სატურნირო ცხრილს ამჯერადაც სათავეში უდგას, თუმცა ეტყობა, სეზონის სტრატეგიას სხვაგვარად გეგმავს, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ძირითად მიზნად ისახავს და სეზონის მანძილზე ძალების გადანაწილებას და სხვადასხვა სათამაშო სქემებთან დაკავშირებით ექსპერიმენტების ჩატარებას შარშანდელთან შედარებით გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს, რადგან ქვეყნის ჩემპიონატში  წაუგებელი მატჩების სერია არაფერს ნიშნავს ჩემპიონთა ლიგისთვის.

საფრანგეთის ბოლო წლების მუდმივი ჩემპიონი კრიზისს რომ არ განიცდის, „რეიმსთან“ მარცხის წინა და შემდგომმა ზედიზედ ორმა გასვლითმა მოგებამ დაგვანახვა „ლიონთან“ და „ბორდოსთან“; თანაც ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ განადგურებაც არ არის შორეული წარსული.

ალბათ სწორედ ეს მარცხი იქცა ზინედინ ზიდანისთვის „სამეფო კლუბის“ პრაგმატულ რელსებზე გადაყვანის მიზეზად, რადგან მას შემდეგ „რეალისგან“ გულშემატკივარი მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე ორიენტირებას ხედავს ყოველგვარი რომანტიკის გარეშე, რაც უკანასკნელი ტურის მადრიდულმა დერბიმაც ცხადყო.

„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შეკრებილი 68 000 მაყურებელი „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ ბოლო პერიოდის ყველაზე მშვიდობიანი მატჩის შემსწრე გახდა, რომლის საბოლოო შედეგს – 0:0-ს, სახიფათო მომენტებსა თუ კარში დარტყმების რაოდენობას თავი რომ დავანებოთ, სულ რაღაც სამი ყვითელი ბარათი იყო ნაჩვენები.

გუნდები თითქოს ცდილობდნენ გამარჯვებას, უტევდნენ კიდეც, მეორე ტაიმში „რეალი“ უფრო სახიფათოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ნეიტრალური მაყურებლისთვის სამწუხაროდ, დიეგო სიმეონეს და ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო სტრატეგია ამჟამად ერთიმეორეს დაემთხვა, რასაც სატურნირო ცხრილმაც შეუწყო ხელი – მადრიდის „რეალი“ პირველ ადგილზეა, „ატლეტიკო“ კი მას ერთი ქულით ჩამორჩება.

ამავე დროს, თუკი ზიდანი სასტიკად უკმაყოფილო იყო დაცვითი ხაზის თამაშით „პარი სენჟერმენთან“ შეხვედრაში, არც სიმეონე გაუბედნიერებია ტურინის „იუვენტუსთან“ გაშვებულ ორ ბურთს.

არგენტინელი სპეციალისტი უკვე მეთერთმეტე წელიწადია მადრიდის „ატლეტიკოს“ უდგას სათავეში, რაც მისი დაუღალავი შრომის შედეგია. ის ლა ლიგის რეკორდსმენია, რადგან ამდენი ხნით, როგორც წესი, ესპანეთის კლუბები თავიანთ მწვრთნელებს არ აჩერებენ.

ამ 11 წლის მანძილზე სიმეონემ გუნდი თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი გახადა, ერთხელაც ევროპის ლიგა მოაგებინა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ მან „ბარსელონას“ და „რეალის“ დონეზე „ატლეტიკო“  მაინც ვერ აიყვანა, არავის მოუვა აზრად, რომ თქვას – დროა სიმეონე წავიდეს, გუნდს ახალი სისხლი სჭირდებაო. 

„ატლეტიკო“ უკვე მერამდენე წელიწადია, რაც ესპანეთის ნომერ მესამე კლუბია, რომელიც ყოველთვის მედგარ წინააღმდეგობას უწევს „რეალს“ და „ბარსელონას“, იქნება ეს ჩემპიონატის თუ სათასო შეხვედრა; თანაც, ოდნავ მეტი გამართლების შემთხვევაში, კლუბი ჩემპიონთა ლიგას ერთხელ მაინც ხომ მოიგებდა… 

 

მადრიდის „ატლეტიკოს“ გოლკიპერი ობლაკი თანაგუნდელებს შეტევისკენ მოუწოდებს

 

„რეალის“ და „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ დაჯახებამ მათ დერბის განსაკუთრებული ელფერი მიანიჭა. მაყურებელი ნებისმიერ მადრიდულ დერბიში დიდ დაძაბულობას ელის, თუმცა უკანასკნელი დაპირისპირების წინა სამატჩო ვითარება ნამდვილად არ გამოხატავდა გუნდების მხრიდან განსაკუთრებული ბრძოლის გაჩაღების სურვილს.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში როგორც „რეალს“, ისე „ატლეტიკოს“, გოლი ბოლო ორი ტურის მანძილზე არ ჰქონია გაშვებული და სავარაუდოდ, ორივე მწვრთნელმა უმთავრეს მიზნად საკუთარი კარის მშრალად შენარჩუნება დაისახა, რადგან მეტოქეზე თავის შეკვლის საფუძველს სატურნირო ცხრილის გარდა, არც კარს მომდგარი ჩემპიონთა ლიგის მატჩები იძლეოდა.

„სევილიასთან“ გასვლაზე მოგების შემდეგ, ზიდანმა წინა ტურში შემტევი სამეული ბეილი-ბენზემა-აზარი „ოსასუნასთან“ მატჩში დაასვენა და იქ  უკვე მათმა შემცვლელებმა ვინისიუსმა და როდრიგომ გამოიჩინეს თავი. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში სწორედ ამ უკანასკნელმა შეცვალა პირველი გოლის ავტორი ბრაზილიელი ვარსკვლავი.

მიუხედავად იმისა, რომ აზარმა აშკარად ვერ ივარგა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში, ზიდანმა ის მატჩის 77-ე წუთამდე მაინც გააჩერა მოედანზე და საბოლოოდ ხამეს როდრიგესით შეცვალა, ვინისიუსი კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მატჩის უკანასკნელ წუთებზე იოვიჩს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

როგორც ვხედავთ, მადრიდის „რეალში“ შემტევი ფეხბურთელების ცვენაა, მაგრამ „ახლები“ და ნაკლებად გამოცდილები ჯერჯერობით ადაპტაციის პროცესში არიან და ზიდანი თითოეულ მათგანს ამის საშუალებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე მისცემს. პრიორიტეტი მათ შორის აზარს ენიჭება, ხოლო განსაკუთრებული ნდობა ბენზემას და ბეილს აქვთ გამოცხადებული. ამის პარალელურად დაცვითი ხაზი აშკარად წესრიგდება. „რეალის“ უახლოესი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ფიასკოს შემდეგ, „ბრიუგესთან“ უახლოეს მატჩში გამარჯვება იქნება.

„რეალს“ ბელგიის ჩემპიონთან მოგება ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ თავდამსხმელებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება ამ მატჩში თავის გამოჩენას, რადგან ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი „აინტრახტიდან“ 60 მილიონ ევროდ შეძენილ იოვიჩსაც აქვს. ამიტომ აზარს გამოფხიზლება მართებს.

 

 „ძველი მეგობრები“ სერხიო რამოსი და დიეგო სიმეონე მატჩის შემდეგ

დიეგო სიმეონეს კი ასეთი გრძელი სკამი ნამდვილად არ გააჩნია. თუკი პორტუგალიელი ფელიქსი ივარგებს, გრიზმანის მსგავსად, დიდი ალბათობით, მომავალ წელს მასაც „ბარსელონა“ ან „რეალი“ წაიყვანს. 

კლუბში აღარ არიან ხუან ფრანი და დიეგო გოდინი. კარგია ტრიპიერი, მაგრამ დაცვითი ხაზის დაყენების დიდოსტატ დიეგო სიმეონესთვის მრავალი ახალი პრობლემა წარმოიშვა, რასაც დღევანდელი შედეგების მიხედვით, არგენტინელი სპეციალისტი წარმატებით უმკლავდება. 

„რეალთან“ მიღწეული 0:0-ის შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მსგავსად, „ატლეტიკოს“ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე პირველი თამაშის მოგებაა ჯგუფის ლიდერ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გასვლით მატჩში.  

913 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.