fbpx

ქალაქში ახალი სტრიტ-არტია: Tbilisi Mural Fest


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ჩლაიძე

რამდენიმე დღის წინ  თბილისში დასრულდა ქუჩის ხელოვნების  ფესტივალი რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით, სამუდამოდ თუ არა, ძალიან ბევრი წლით  წარუშლელი კვალი დატოვა დედაქალაქზე.

Tbilisi MURAL fest თბილისისა და ბერლინის მერიების დაფინანსებით წელს პირველად ჩატარდა და მის ფარგლებში,  სხვადასხვა არტისტების მიერ, ქალაქში ათი კედელი მოიხატა.

 

ფესტივალის ფარგლებში თბილისს არაერთი ცნობილი უცხოელი მხატვარი ეწვია და მათ შორის, ევროპაში თანამედროვე  სთრით-არტისა და ამ მიმართულებით მონუმენტური ფოტორეალიზმის ფუძემდებელი, გერმანელი არტისტი CASE MACLAIM (ანდრეას ფონ ჟანოვსკი).

 

თქვენი კარიერა  კედლის მხატვრობით დაიწყო?

დიახ. კედლების მოხატვა 1994 წლიდან დავიწყე. მაშინ ევროპაში გრაფიტი არ იყო ასე განვითარებული, უფრო მეტად უარყოფით ემოციებს იწვევდა და მხოლოდ მოსაწყენ, შავ ან ნაცრისფერ ფერებში სრულდებოდა. არადა სთრით-არტის საშუალებით უამრავი რამის გადმოცემაა შესაძლებელი. 2000 წელს მე, სხვა არტისტებთან ერთად, შევქმენი ჯგუფი და ჩვენ ქუჩის ხელოვნების აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობები გამოვავლინეთ.

 

ძირითადად ხელებს ხატავთ. რატომ ხელები? რას ამბობენ ისინი განსაკუთრებულს?

სანამ ხელების ხატვას დავიწყებდი, ვხატავდი პორტრეტებს, თვალებს… სიმართლე გითხრათ, დამღალა ამდენმა სახემ. ამასთან ერთად, ხალხი რატომღაც ძალიან ბევრ შეკითხვას მისვამდა: რატომ დავხატე ქალი და არა მამაკაცი, ან – პირიქით. როდესაც მხოლოდ ხელების ხატვა დავიწყე, მივხვდი, რომ მათ არანაკლებ შეუძლიათ ემოციის გამოხატვა, მეტად ანონიმურია და მათ ნაკლებად განსჯიან. 

ხელებს ყველა იღებს – როგორც ხელებს და არა აქვს მნიშვნელობა, ისინი  კაცისაა თუ ქალის. დავაკვირდი, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირება ხელებთან უფრო მარტივად  ხდება და ჩემთვის გამოხატვის უფრო საინტერესო საშუალებაა. სახე პირდაპირ ამბობს თავის სათქმელს, ხოლო ხელების შემთხვევაში, მეტი ინტერპრეტაციის საშუალება რჩება.

 

 

როდესაც ცარიელ  კედელს უყურებთ, წინასწარ  იცით საბოლოოდ რა შედეგს მიიღებთ თუ ეს მუშაობის პროცესში წყდება?

სხვადასხვანაირად ხდება ხოლმე. ჩემთვის ყველა კედელი განსხვავებულია. ძალიან არ მიყვარს, როდესაც ისეთი დაკვეთა მაქვს შესასრულებელი, სადაც ჩემგან  კონკრეტულ ნამუშევარს მოითხოვენ. ყველაზე მეტად ისეთი პროექტები მხიბლავს, როგორიც აქ, თბილისშია. 

არ არსებობს არანაირი ჩარჩოები და აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. ხდება ხოლმე ისე, რომ ჩანაფიქრი თავიდან სხვა არის, მაგრამ მუშაობის პროცესში ყველაფერი იცვლება. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ როგორ გარემოში მდებარეობს კედელი.

 

 

სწორედ ამის კითხვას ვაპირებდი. ყოველი ქალაქისთვის მის  შესაბამის ნახატს ქმნით, რომელიც ამ ადგილს ეხმიანება თუ თქვენი ხელოვნება გლობალური ხასიათისაა?

არსებობენ ისეთი ხელოვანები, რომლებიც არ იცვლებიან და თავიანთი მყარი სტილი აქვთ. ეს უფრო მარტივი გზაა, როდესაც ნახატი გარემოსგან დამოუკიდებლად არსებობს. ვფიქრობ, რომ ასეთი ნამუშევრები უფრო არტისტის თვითრეკლამას ემსახურება. აუცილებელია ნახატი ისე შესრულდეს, რომ იმ ადგილს კარგად მოერგოს, სადაც შემდგომში განაგრძობს არსებობას.

ყოველთვის მირჩევნია არ მქონდეს წინასწარი გეგმა და იქვე,  ადგილზე მივხვდე, რა მოუხდება გარემოს. სწორედ ასე ვიქცევი თბილისში და ვფიქრობ, ჩემი ნამუშევარი ამ ადგილს  მოუხდება და მას საინტერესო დატვირთვას შესძენს.