გემრიელი აღმოჩენები, რომლებიც “პური გულიანის” მენიუში გელოდებათ
AT.ge-ის მკითხველმა უკვე იცის “პური გულიანის” შესახებ — თანამედროვე სახაბაზო მყუდრო და გემრიელი გასტრონომიული თავგადასავლით ყოველდღე ელის სტუმარს, რომელსაც ტრადიციული და ამავდროულად, უნიკალური ქართული კერძების გემო მონატრებია.
და თუ ეს სწორედ ის დროა, როცა რამე გემრიელზე ოცნებობთ და თან ზუსტად არ იცით, რაზე, მაშინ ძალიან გაგმართლებიათ, რომ ამ სტატიას კითხულობთ. მზად იყავით სიურპრიზებისთვის და იმ განცდისთვის, რომ ერთდროულად უამრავი გემრიელი კერძის ნახვამ შეიძლება დაგაბნიოთ კიდეც. გვერწმუნეთ, რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ იმ ერთადერთს, რომლის გემო და სურნელი ან ბავშვობის სასიამოვნო მოგონებაში დაგაბრუნებთ, ან ახალ გასტრონომიულ გამოცდილებას გაზიარებთ.
ტრადიციული მეთოდით, ხაშით ამოფუებული ცომით გამომცხვარი პური
ხორბლის სამშობლოში ხაშით ამოფუებულ ცომში ადამიანები ბარაქასა და შინაარსს ათავსებდნენ. იგივე წესით “პური გულიანის” სახაბაზოში ყოველდღე ცხვება სხვადასხვანაირი პური. მათ შორის წითელი დოლის პურიც, რომელიც თითქმის გამქრალი ქართული ხორბლის ენდემური სახეობისგან – დოლის ფქვილისგან მზადდება. ზუსტად ისეთი პურია, ცხობისას თავის სურნელში მთელ ეზოს რომ ახვევს.
გულსართიანები
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცომის ნაწარმი სხვადასხვა შიგთავსით ცხვება. ადგილობრივი მცხობელი მისი მომზადებისას ინდივიდუალური, ტრადიციული ხასიათის კარნახს მიჰყვება.
“პური გულიანში” გელოდებათ აჭარული ხაჭაპური – რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ქალაქში საუკეთესო აჭარული ხაჭაპურის წოდება.
ხოლო თუ ხაჭაპური გსურთ ერთდროულად რამდენიმე კუთხის ყველით, მაშინ თქვენ განუმეორებელი გემოს მქონე ოთხი სახეობის ყველის ხაჭაპური გელოდებათ, რომელსაც მენიუში არსებული სხვა კერძებიც შეგიძლიათ შეუხამოთ.
თუ ფიქრობთ, რომ ლობიანის გემო ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გაკლიათ და ბედნიერებით აგავსებდათ, მაშინ თქვენ ქალაქის გამორჩეული ლობიანი გელოდებათ, რომელსაც მწვანე სალათა შეგიძლიათ მიაყოლოთ.
სანამ გემრიელ მენიუში დაიკარგებით, აჩმის მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ ამ საუცხოო სიაში სანუკვარი კერძი გელოდებათ.
მთავარი კერძები
თუ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ის იპოვეთ, რაც გსურდათ, ძებნა განაგრძეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მთავარი კერძების სექციაში, სადაც თქვენს განწყობასა და მადაზე მორგებული სუფრა გელოდებათ. აქ აღმოაჩენთ დოლის პურში გამომცხვარ აჯაფსანდალს, მჟაუნით შეზავებული ქათმის წვნიანს, იხვის პაშტეტს ლეღვის, ალუბლის და მიწის თხილის ჯემით თუ ქათმის სალათას სატაცურით, მჟავე პომიდვრით, ყაბაყით, შერეული სალათის ფოთლებით და გოგრის გულებით.
დესერტი
მოვიდა პირის ჩატკბარუნების დროც! ეს “პური გულიანის” მყუდრო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი მომენტია, რადგან სახაბაზო სავსეა ადგილზე მომუშავე კონდიტერის ხელითა და გულით შექმნილი ხალასი დესერტებით. მოემზადეთ ზღაპრულ გემოებში სამოგზაუროდ, მათ შესაქმნელად შთაგონებას ჯადოქარმა კონდიტერმა სწორედ რომ წინაპრების რეცეპტებში მიაგნო.
დიახ, ამ გემრიელი ნაწარმის უკან ძველქართული რეცეპტებია. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საგულდაგულოდ შეგროვებულ ინგრედიენტებს თანამედროვე სახაბაზოში ახლებურ, უცხო და თან ძალიან ნაცნობ გემოებად გარდაქმნიან.
დესერტების მენიუ ყოველ სეზონზე ახალ სიურპრიზს ახვედრებს სტუმარს. სახაბაზოში შეხვდებით თითოეული თვისთვის შესაბამის, სახასიათო ხილითა და ახლებური იდეებით შექმნილ ტკბილ ნაწარმს.
შემოდგომა სახაბაზოში სწორედ ისეთი ბარაქიანი და გულიანია, როგორც ოქროსფერ სეზონს ეკადრება. საგულდაგულოდ შერჩეული საშემოდგომო ხილით – ქართული ლეღვითა და გვიანი ატმით – უკვე მორთულია გულიანის ტარტები და მათ დაგემოვნებას გემრიელი დესერტების რიგებს შორის აღმოჩენის შემდეგ შეძლებთ. ეს პროცესი სეზონის ბოლომდე იმდენჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ, რამდენჯერაც გსურთ.
აი კიდევ ის გემოებიც, რომლებიც აუცილებლად გაგყვებათ დღის ბოლომდე:
უგემრიელესი ფუნთუშები კენკრისა და ტარხუნის ჯემით…
… ან შოკოლადის კრემითა და დარიჩინით.
“პური გულიანის” სახაბაზომ ამ ტკბილი ნაწარმით ისე გაითქვა სახელი, რომ სხვადასხვა შიგთავსის ზღაპრული “პონჩიკები” მის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.
ტკბილეულის რიგებში შეუძლებელია ყურადღების მიღმა დატოვოთ თხილის ბისკვიტზე თავმომწონედ მოკალათებული ბროწეულის დესერტი. ასე რომ, თუ ტკბილი და მჟავე გემო თქვენთვის ისეთივე განუყრელია, როგორც ცხელი შოკოლადი და მარშმელოუ, მაშინ ეს უგემრიელესი დესერტი არ უნდა გამოტოვოთ — თეთრი შოკოლადით გაჯერებული წითელი გარსის გულში, სიტკბოსთან ერთად სახაბაზოში მომზადებული ბროწეულის ჯემის სხარტ სიმჟავესაც იგრძნობთ.
კაკაოს კარაქისა და ბროწეულის კრემის შეხამება როგორ წარმოგიდგენიათ? თუმცა, რატომ უნდა წარმოიდგინოთ, როცა ამ გემრიელ გამოცდილებას თქვენგან მხოლოდ რამდენიმე წუთი აშორებს?
აჭარული და ფრანგული შტრიხები ერთ დესერტში? ერთდროულად ნაცნობი და თან ჯერ არგანცდილი ახალი გემო? ხრაშუნა ფენები შეუდარებელი გულით — მილფეი ბაქლავა!
და იმ დღეებში, როცა შემოდგომის მზე ისეთი თბილია, როგორიც არასდროს, მაშინ რას მიირთმევთ უკეთესს, ვიდრე რეჰანის ნაყინია ჟოლოს სოუსით? იქნებ სულაც საფერავისა და ბადაგის სორბეტს გასინჯავდით?
და მაინც, კოწახურის, მოტკბო-მომჟავო და თან ნოსტალგიური გემო ხომ არ გაგეხსენებინათ? სახაბაზოში სწორედ ეს ნაცნობი და ყველასთვის საყვარელი არომატია ჩამალული იმ ყინულივით ცივი და ხასხასა კოწახურის ნაყინის გულში. თუმცა სანამ არომატითა და მრავალფეროვნებით თავბრუ დაგეხვევათ, ჯობს ამ ზღაპრული მენიუდან არჩევანი იმაზე გააკეთოთ, რაზეც გული გაგიწევთ.