fbpx

წიგნები, რომლებიც ბავშვებს კითხვის პროცესს გაუმარტივებს


გააზიარე სტატია

გზა ანბანის სწავლიდან კითხვის დამოუკიდებლად დაწყებამდე  ბავშვების უმეტესობისთვის მოსაწყენი და ნაკლებად საინტერესოა. 

ეს გზა განსაკუთრებით რთულად გასავლელია იმ ბავშვებისთვის, ვისაც წერა-კითხვის სწავლისას უკვე აქვს “კითხვის” ტრადიცია, გამოცდილება და მიჩვეულია ოჯახის წევრების წაკითხულის მოსმენას, რომლებიც ინტონაციით, სწრაფად და საჭირო განმარტებებით უკითხავენ მისთვის საინტერესო ამბებს. 

ასეთი ბავშვებისთვის დამოუკიდებლად კითხვის სწავლა “უკან გადადგმული” ნაბიჯია – ნელა კითხვისას წინადადებებს აზრი ეკარგება და საინტერესო აღარაფერია.

ასე კითხვა დამწყებებისთვის თავგადასავლის და სხვების ამბებში მოგზაურობის მაგივრად წვალებასთან ასოცირდება და ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს – ან ისევ უფროსებს წააკითხოს, ან სხვა გასართობი იპოვოს. 

 

სად არის გამოსავალი? 

გამოსავალი ისეთი წიგნების შეთავაზებაშია, რომელიც ნაკლებად “შეაწუხებს” და თან გავარჯიშებაშიც დაეხმარება –  ნახატებიანი წიგნები, სადაც გრაფიკა ტექსტზე ბევრად მეტია და ნარატივს მათი ერთობლიობა ქმნის. 

ასეთ წიგნებში ბავშვი “იძულებული” ხდება, ყველაფერს მიაქციოს ყურადღება, წაიკითხოს ნახატებზე გაკეთებული წარწერებიც კი, იმისთვის, რომ გაიგოს, რას უყვებიან, მაგრამ პატარა ტექსტები ამ პროცესს ნაკლებად მოსაწყენს ხდის. 

თუკი ამ ტიპის წიგნებს ბავშვის ინტერესების შესაბამისად სწორად შეარჩევთ, კითხვის შესწავლის პროცესი გამარტივდება. 

 

აი რას გირჩევთ: 

  • ოტოლინა ბრაუნის საიდუმლოებებით მოცული ამბები 

ბრიტანელი ილუსტრატორისა და მწერლის, ქრის რიდელის სერია პატარა გოგონას შესახებ, რომელიც საუკეთესო მეგობარ მისტერ მონროსთან ერთად ცხოვრობს და ყოველთვის მზადაა, იპოვოს და ამოხსნას  საიდუმლო, რომელიც გიჟდება სხვების ამბების მოსმენასა და მისტერ მონროს თმის ვარცხნაზე. გარდა იმისა, რომ წიგნი საინტერესო ფაბულას სთავაზობს ბავშვებს, ბევრ ნახატს და ნახაზს მოიცავს, რაც ერთი მხრივ, ამბის თხრობას საინტერესოს ხდის, მეორე მხრივ, ამცირებს დამწყები მკითხველისთვის ასათვისებელ ტექსტს და თანაც, შესაძლოა გახდეს ინსპირაცია ბავშვებისთვის, თვითონაც შექმნან მსგავსი სქემები და ილუსტრაციები საკუთარი ამბებისთვის. 

ქართულ ენაზე ოტოლინას მხოლოდ ორი ამბავია ჯერჯერობით გამოცემული:  

  • ოტოლინა და ყვითელი კატა
  • ოტოლინა სკოლაში მიდის 

 

  • ტომ გეიტსის დღიური

ბრიტანელი გრაფიკული დიზაინერისა და ავტორის, ლ. პიშონის ამბები მეხუთეკლასელ ტომზე, რომელიც ყველაფერს, რაც თავს გადახდება, დღიურში იხატავს, ერთნაირად საინტერესოა როგორც ტომის თანატოლი  ბიჭებისა და გოგოებისთვის, ისე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. 

ტომი დედასთან, მამასთან და უფროს დასთან ერთად ცხოვრობს, უყვარს კარამელიანი ვაფლები, ბენდი “3 ტიპი”, ხატვა და ეპრანჭება კლასელ გოგოს. მისი მთავარი გასართობი თავის როკ ბენდის რეპეტიციები, ყოველდღიური ამბების ნახატებით მოყოლა და თავისი დის – დელიას გაბრაზებაა. 

ტომი, ისევე როგორც ყველა მისი ტოლი  ბიჭი, ხშირად იგვიანებს გაკვეთილებზე, იგონებს დავალებების არშესრულების ხრიკებს, უხარია, როცა რაღაც კარგად გამოსდის და განცვიფრებულია, როცა მასწავლებელს საყვარელი ჯგუფის კონცერტზე ტყავის შარვალში გამოწყობილს დაინახავს. 

ქართულად ტომ გეიტსის დღიურის ორი ნაწილია გამოცემული, თუმცა, თუ მას შეიყვარებთ, ავტორის ინგლისურენოვან საიტზე ბევრი საინტერესო საკითხავის და სახატავი მასალის ნახვა და ყიდვაა შესაძლებელი. 

 

  • ჯერონიმო სტილტონის სასაცილო ამბები

ჯერონიმო სტილტონი თაგვია, იტალიელი თაგვი დიდი ხმაურიანი ოჯახით, რომელიც საოჯახო ბიზნესს, გამომცემლობას ხელმძღვანელობს, როგორც ყველა თაგვი გიჟდება ყველზე და ვერ იტანს მოგზაურობას. 

ჯერონიმოს სერიის გამოშვება იტალიაში 2000 წლიდან დაიწყო და მისმა პოპულარობამ მალევე განაპირობა  სხვა ენებზე თარგმნა. ქართულ ენაზე ჯერონიმოს რამდენიმე ამბავია ნათარგმნი: 

  • დაკარგული განძის საიდუმლო 
  • ყველისფერი ფურგონი 
  • მეტროს მოჩვენება 
  • თათები შორს ჩემგან, თვითმარქვიავ!
  • ნოსტრათაგვუსის მისტიკური ხელნაწერი

 

  • წრიპა ბიჭის დღიური 

მთავარია ეს წიგნი ბავშვმა ნახოს, მერე ყველაფერი თავისით ხდება. ბავშვების უმეტესობას უპირობოდ და თავდავიწყებით უყვარს წრიპა ბიჭი, მისი არანორმატიული ლექსიკა, იუმორი, თავგადასავალები. 

ჯეფ კინის გრაფიკული ამბები პატარა ბიჭზე მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. წრიპა ბიჭის სასარგებლოდ შეიძლება ითქვას ისიც, რომ ქართულ ენაზე მისი უკვე 9 წიგნია გამოცემული, შესაბამისად, თუკი წრიპა ბიჭს შეიყვარებთ, მასთან  ბევრი დროის გატარებას შეძლებთ. 

გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, წიგნის კითხვისთვის კი ყველას თავისი დრო აქვს – ასე რომ, თუ რომელიმე წიგნი არ მოეწონა ან მაშინვე  არ დაინტერესდა, არ ნიშნავს იმას, რომ არასოდეს წაიკითხავს, ან სხვა რამ არ დააინტერესებს. 

იმისათვის კი, როგორ შეხვდეს ბავშვი სკოლის ასაკს და კითხვის სწავლის ეტაპს უკვე კარგი მკითხველი, რამდენიმე რჩევა შეგიძლიათ მშობლებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილ ამ გამოცემაში ნახოთ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.