fbpx

ბათუმის ფესტივალის გამოწვევები


გააზიარე სტატია

 


ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი



კინო და თეატრი – ეს ხელოვნების ის ორი სფეროა, რომელსაც ჩვენს სამშობლოში საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. თუმცა, მაშინ როდესაც ქართული თეატრის აკვანი – მაჩხაანის თეატრი – სულმოუთქმელად ელოდება თავის გაბრწყინების ჟამს, ქართული კინო ჩვილის ნაბიჯებით მიიწევს მსოფლიო ბაზრისაკენ. 

ბათუმის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სინე-მოვლენაა ჩვენს თანამედროვე რეალობაში, რადგან ის დასავლეთ საქართველოს ბურჯს წარმოადგენს ზემოხსენებულ სფეროში, თუმცა, მდგრადი პროგრესის მიუხედავად, აღსანიშნავია რამდენიმე ლაფსუსიც, რომლის განვითარებაზე აპელირება არა მარტო ფესტივალს, არამედ ქალაქის სოციო-კულტურული ცხოვრების განვითარებასაც შეუწყობს ხელს:

სამწუხაროდ, ქალაქებში ხელსა და თვალს შუა ქრება კინოთეატრები, რაც პირდაპირპროპორციულად მოქმედებს კინოფესტივალის ხარისხზე.  კინოფესტივალს დათმობილი ჰქონდა მხოლოდ ერთი  კინოდარბაზი, რაც აისახებოდა ფესტივალის როგორც ტექნიკურ, ასევე წარმომადგენლობით მხარეზე: 

სეანსები გვიანდებოდა, ირეოდა ჩვენებები, რაც ორგანიზატორებისა და სტუმრებისთვის გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა (განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დასასწრებად ჩამოსულ პროფესიონალებს გაწერილი გრაფიკით უწევთ საფესტივალო სეზონზე არსებობა). 

ზოგადად, კინოსთვის სივრცის წართმევა მის სიკვდილს ნიშნავს, რადგანაც მის ერთ-ერთ საარსებო მატერიას სწორედ რომ სივრცე წარმოადგენს და ასევე მისი ასახვა დროში. 

ტექნიკური მხარის განვითარებით ვერც გარე ჩვენებებისთვის მოწყობილი არეალი დაიკვეხნიდა: გაუმართავი აპარატურა  ხშირად უქმნიდა ფილმის ჟღერადობრივ მხარეს პრობლემას. 

როდესაც გარე დარბაზში მოკლემეტრაჟიანი, აბსტრაქტული კინოფილმების ჩვენება მიმდინარეობდა, რაც თავისთავად გულისხმობდა ვიზუალისა და ხმის ერთ მთლიანობაში მოქცევას და ამ ორი საინფორმაციო წყაროს გაერთიანებას, რომლის მთავარი დამრტყმელი წერტილი რეცეპტორების (ხმოვანისა და მხედველობითის) გაერთიანებაზე გადის, ვერანაირი ემოცია ვერ აღძრა სწორედ იმ გაუმართავი ხმოვანი სისტემის გამო, რაც ღია სივრცეში ჩვენებისთვის იყო მოწყობილი.  

ფესტივალის თემატიკა ძალიან კარგად და ფაქიზად არჩეული ფილმებისგან შედგებოდა, რომელთა უმეტესობაც სოციალურ საკითხებს ეხებოდა.  ასევე აღსანიშნავია ის მასტერკლასები, პოლ შრედერის, დენის ლავანის, ქშიშტოფ ზანუსის და ტატიანა დეტლოფსონის მონაწილეობით, რაც ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული და სასარგებლო გამოდგა ფესტივალზე დამსწრეთათვის. 

ფესტივალის ბოლო დღე ალბათ ყველაზე მძიმე იყო ქართველი აუდიტორიისთვის, ვინაიდან ერთმანეთის მიყოლებით ნაჩვენები შესანიშნავი სოციალური დრამები სუიციდური ფიქრებისკენ უკვალავდა გზას აუდიტორიას. 

მაგალითად, თუ გავიხსენებთ რეზა მირკარიმის მძიმე ირანულ დრამას, „ოცნებების ციხესიმაგრეს“, რომელიც აქცენტს ქალთა უუფლებობაზე აკეთებდა, თან მოჰყვებოდა კენ ლოუჩის ასევე სოციალური დრამა „ბოდიში, ჩვენ გამოგვრჩით“, დღეს კი აგვირგვინებდა ძმები დარდენების ნამდვილად დასაფასებელი ნამუშევარი “ახალგაზრდა აჰმედი“. 

სრულიად აღფრთოვანებული დავრჩი ქართველი რეჟისორების სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრებით, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის არ არის ცნობილი და ზოგიერთი  მისი რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს რეტროსპექტივა შედგებოდა 4 ავტორისგან: ბიძინა რაჭველიშვილი („ხაბაზები“), ოთარ იოსელიანი („თუჯი“), გოდერძი ჩოხელი („მეკვლე“), სერგო ფარაჯანოვი („არაბესკები ფიროსმანის თემაზე“). 

იმედისმომცემი შესავლის მიუხედავად, საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩასულს, როცა ორ, არცთუ ისე ორგანიზებულ კინოდარბაზებში მომიწია ჯდომა, დავფიქრდი ამ ყველაფრის სიმბოლურ მხარეზე, დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ ქრება კინო, ლიტერატურა და ბევრი სხვა „ანტიკური“ სახელოვნებო დარგი გლობალიზაციის ხანაში, როგორ აფარებენ დროის ქარტეხილები წარსულის საბანს იმ დარგებს, რომლებიც კაცობრიობის „იდეის“ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა ცოტა ხნის წინ. 

შემთხვევითი არაა, როდესაც მაჩხაანის თეატრი ვახსენე, რადგან ქართული კინოსამყაროსთვის სწორედ ქვემო მაჩხაანისმაგვარი ათვლის წერტილია ბათუმი, კერძოდ, კინოთეატრი „აპოლო“. მეოცე საუკუნის განმავლობაში ბათუმში ასამდე კინოა გადაღებული, მათ შორის: “წითელი ეშმაკუნები“ (1923), „კრაზანა“ (1928), „ამოკი“ (1927), დოკუმენტური ფილმი „აჭარელ და თურქ ქალთა 1-ლი ყრილობა“ (1929) და ა. შ. (საუბარია „ჟდანოვის დოქტრინამდელ“ საბჭოთა ქართულ კინოებზე).

„აჭარელ და თურქ ქალთა 1-ლი ყრილობა“ საკმაოდ ინფორმაციული დოკუმენტური წყაროა, რომელიც დაზუსტებით აღწერს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობაში მყოფ მებრძოლ ქალთა ყოფას. 

მათი და სხვათა პრობლემები დღესაც აქტუალურია და ხშირად ხდება განხილვის საგანი. სწორედ ეს ქმნის „სოციალურ კინოს“, რომელიც წარმოადგენდა წლევანდელი ფესტივალის ღერძს: ძმები დარდენები, კელოუჩი, პოლ შრედერი, ეს არიან ხელოვანები, რომლებიც  სინემას სოციალური კონსტრუქტის სახით გადმოცესმენ მაყურებელს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.