fbpx

სექსუალური მთვარეულობა, ტელეფონოფობია და სხვა “მოდური დაავადებები”


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეა სხიერელი

ყოველ ავადმყოფობას თავისი ბიოგრაფია აქვს: დიაგნოზები იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან; თანაც, ეპოქებისა და ცოდნის სისტემების ცვალებადობასთან ერთად სახეს და მნიშვნელობას იცვლიან. 

დაავადებები, ერთგვარი ისტორიული არტეფაქტებია, რომლებიც თანადროულ ეპოქას ზედმიწევნით ზუსტად ახასიათებს. ნახეთ, რა დაავადებებია დღეს „მოდაში“. 

 

სექსუალური მთვარეულობა

ტორონტოსა და ოტავის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა ნარკოლეპტიკური სექსის  ავადმყოფობა (ინგლ., Sex sleep/sexsomnia) პირველად 2003 წელს აღწერა. 

სნეულების გამომწვევად სპეციალისტებმა მიიჩნიეს ძილის დარღვევის შეუსწავლელი ტიპი, რომელსაც თან სექსუალური ხასიათის აშლილობები ერთვის. დაავადების სიმპტომებია: მთვარეულობა; გაღვიძებისას იმის აღმოჩენა, რომ სექსით ხარ დაკავებული; ღამის სექსი, რომლის გახსენებაც პაციენტს არ შეუძლია. 

 

ტელეფონოფობია

ავადმყოფობა (ინგლ., Telephonophobia, Phone Phobia) პირველად 1990 წელს პროფესორმა გაი ფილდინგმა აღწერა. დაავადების მიზეზები ვერ დაადგინეს, თუმცა ცნობილია, რომ ამგვარი ფობია შესაძლოა არასასურველ მოსაუბრესთან სულ რაღაც ერთი-ორმა სატელეფონო დიალოგმაც კი გამოიწვიოს. 

დაავადების სიმპტომებია: ვინმესთან დარეკვის ან შემოსული ზარის დროს აჩქარებული გულისცემა, პანიკური შეტევა, შფოთვა იმის გამო, რომ შესაძლოა საუბრის დროს უხერხული ვითარება შეიქმნას. 

 

მგრძნობელობა ელექტრომაგნიტური ველისადმი 

ეს უცნაური ავადმყოფობა (ინგლ., Electromagnetic Hypersensitivity) 1997 წელს პირველად აღწერა პროფესორმა ულფ ბერგკვისტმა. დაავადების გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია.

პაციენტები ავადმყოფობის განვითარებას ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებას უკავშირებენ (მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, wi-fi-ს და ა. შ. გამოსხივებას). თუმცა, მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ არანაირი კავშირი ამ დაავადებასა და ელექტრომაგნიტურ ველს შორის არ არსებობს. 

სიმპტომების სპექტრი მრავალფეროვანია: ყველაზე ხშირია თავის ტკივილი; კანის გაღიზიანება (სიწითლე, წვა, ქავილი); დაღლილობა; ყურადღების მოკრების გაძნელება; თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება; გახშირებული გულისცემა და საჭმლის მონელების დარღვევა. საბედნიეროდ, ეს ავადმყოფობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

 

სიცოცხლის მეოთხედის შემდგომი კრიზისი

დაავადების (ინგლ., Quarterlife Crisis)  გამომწვევი მიზეზი 22-35 წლის ასაკში გაჩენილი პიროვნული იდენტობის კრიზისია. მისი სიმპტომები საკმაოდ რთულია: შეგრძნება, რომ ადამიანი განწირულია მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე სამსახურში და ერთსა და იმავე პარტნიორთან დარჩეს; 

ფულთან დაკავშირებული შფოთვა; საზოგადოებისგან წნეხის განცდა დაქორწინებისა და შვილების ყოლის აუცილებლობის გამო; შეგრძნება, რომ ვერ გააკეთე ყველაფერი, რაც შეგეძლო და ბევრი შანსი ხელიდან გაუშვი. საშუალოდ, ეს დაავადება ორ წელიწადს გრძელდება. 

 

ალერგია წითელ ხორცზე

2007 წელს ალერგოლოგმა შერილ ვან ნიუნენმა ეს დაავადება (ინგლ., Red Meat Allergy) პირველად აღწერა. მას იქსოდისებრთა ოჯახის (საძოვრის) ტკიპას ნაკბენი იწვევს.

წითელ ხორცზე ალერგიით დაავადების სიმპტომებია: 3-6 საათის შემდეგ ანაფილაქსიის, ანუ მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარება (პირის ღრუს ქავილი ან შეწითლება, ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება); უფრო იშვიათად – ღებინება და კუჭის აშლილობა. 

 

კომპულსიური ძღომა

ფსიქიატრმა არტურ კორნჰაბერმა ეს ავადმყოფობა (ინგლ., Binge Eating Disorder) 1970 წელს აღწერა. მისი გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინეს. ვარაუდობენ, რომ დაავადების განვითარებაზე გავლენას ახდენს გენეტიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სხვა ფაქტორები. კომპულსიურ ძღომას დეპრესიასა და შფოთთანაც აკავშირებენ.

დაავადების სიმპტომებია: დროის მცირე პერიოდში (მაგ., 2 სთ)  ძალიან ბევრი საკვების მიღება; საჭმლის რაოდენობის აღქმის კონტროლის დაკარგვა. ამას გარდა,  კომპულსიური ძღომის დროს ადამიანები ჩვეულებრივზე სწრაფად ჭამენ. მას შემდეგაც კი, რაც დანაყრდებიან, კვებას განმარტოებით, მალულად აგრძელებენ; თანაც, ამის გამო დანაშაულის შეგრძნებითა და საკუთარი თავის სიძულვილით იტანჯებიან. 


კოფეინური აბსტინენცია

1988 წელს პროფესორმა როლანდ გრიფიტმა ეს ავადმყოფობა (ინგლ., Caffeine Withdrawal) დაწვრილებით აღწერა. მიზეზი ყავის სმას შორის არსებული 12-საათიანი (ან უფრო ხანგრძლივი) შუალედია, თუ ადამიანი მანამდე ყოველდღიურად რამდენიმე ჭიქა ყავას მიირთმევდა. 

კოფეინით გამოწვეული აბსტინენციის სიმპტომებია: თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა, დათრგუნულობა, აღგზნებადობა, კონცენტრაციის გაძნელება, გულისრევის შეგრძნება, კუნთების ტკივილი. ეს ყველაფერი გაივლის, თუ პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში ყავის მირთმევისგან თავს შეიკავებს. 

 

მოუსვენარი ფეხების სინდრომი

1945 წელს ნევროლოგმა კაელ-აქსელ ეკბომმა ეს სინდრომი (ლათ., Anxietas Tibialis) პირველად აღწერა. ავადმყოფობა შეიძლება გამოიწვიოს ანტიდეპრესანტებმა, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატებმა, დიეტურმა „კოლამ“, ალკოჰოლმა, ყავამ, ანტიჰისტამინურმა საშუალებებმა, ასევე, ორსულობამ. 

სიმპტომები შემდეგნაირია: დღის განმავლობაში ფეხებში უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც მხოლოდ მოძრაობისას ქრება; ძილში კიდურების უნებური მოძრაობა ყოველ 5-40 წამში ერთხელ, ხშირი უძილობა. ეს სინდრომი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. 

 

ჯანსაღი კვების აკვიატება

ეს ავადმყოფობა (ლათ., Orthorexia Nervosa) პირველად ექიმმა სტივენ ბრატმანმა 1997 წელს აღწერა. მის გამომწვევ მიზეზებად მიჩნეულია კვების თავსმოხვეული ნორმები, რომლებიც საკმაო დროსა და ფულს მოითხოვს.

დაავადების სიმპტომებია: ჯანსაღი კვებისკენ აბსურდული სწრაფვა; წესების მცირეოდენი დარღვევისას დანაშაულის შეგრძნება; სიძულვილი მათ მიმართ, ვინც არასწორად იკვებება. სამწუხაროდ, ეს დაავადება შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. გარდაცვალების შემთხვევები აღნუსხულია.

 

კლავიატურული ტენდინიტი

2005 წელს პედიატრმა რობერტ მენცმა ეს დაავადება (ინგლ., Texting Tendonitis) პირველმა აღწერა. მას ტექსტური შეტყობინების ასაკრეფად მობილური ტელეფონის კლავიატურის ხშირი ხმარება იწვევს. კლავიატურული ტენდინიტის სიმპტომებია: თითების დასივება; თავბრუსხვევა; მადის დაკარგვა; კუნთების ტკივილი. დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

 

ფინანსური გონებასუსტობა

პროფესორმა როჯერ ჰენდერსონმა 2006 წელს ეს ავადმყოფობა (ინგლ., Money Sickness) პირველმა აღწერა. სნეულების გამომწვევი მიზეზია ფინანსური სირთულეები და დანახარჯის გაკონტროლების უნარის არქონა.

ამგვარი გონებასუსტობის სიმპტომებია: სუნთქვის გაძნელება, საკვების გადაუმუშავებლობა, კუჭის აშლილობა. პაციენტებს არ შეუძლიათ დროზე გადაიხადონ კრედიტი, გადასახადები და საკუთარი ვალების რაოდენობას სრულიად ვერ აცნობიერებენ. დაავადებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევა აღნუსხულია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.