fbpx

რით გავხდებით ავად და როგორ ვიმკურნალებთ 20 წლის შემდეგ


გააზიარე სტატია

ავტორი: თეა სხიერელი


20 წლის შემდეგ მედიცინა დღევანდელისაგან განსხვავებული იქნება, კაცობრიობა კიბოს გავრცელებულ დაავადებებს  დასძლევს, მაგრამ ცუდი ეკოლოგიური პირობებისა და ტექნოლოგიების განვითარების გამო პლანეტის მოსახლეობას სხვა ავადმყოფობებთან მოუწევს ბრძოლა.

დარგის ამგვარი სახეცვლილება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების განვითარებითა და სამკურნალო საშუალებების გაუმჯობესებით  არ იქნება განპირობებული. საკონსულტაციო კომპანია Deloitte-ის მიერ ჩატარებული გლობალური კვლევის („სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა სექტორისა და ჯანდაცვის განვითარება 2022 წლამდე“) მიხედვით, ეს ცვლილებები გლობალურ ტენდენციებთან იქნება დაკავშირებული: 

 


დემოგრაფია

სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში ამ მაჩვენებელმა, საშუალოდ, 5,5 წლით მოიმატა – 1990 წლამდე სიცოცხლის ხანგრძლივობა 75 წელს შეადგენდა, 2015-ში კი – 80,5-ს. 2020 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის 11% 65 წელს გადაცილებული იქნება, ხოლო ევროპაში ამ ასაკის ადამიანთა რაოდენობა 20%-ს მიუახლოვდება. 


ეკონომიკა

ჯანდაცვის ხარჯები ყოველწლიურად გაიზრდება: მომსახურებაზე – 4,2%-ით, წამლების მიწოდებაზე – 5%-ით, სამედიცინო ტექნოლოგიებზე – 5,1%-ით.
2020 წლისათვის პერსონალიზებული მედიცინის ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდება, იშვიათი სამედიცინო პრეპარატების კი – გაორმაგდება.
ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად 9-12%-ით გაიზრდება, დნმ-ის ანალიზის მეშვეობით კიბოს პროფილაქტიკის დანახარჯების მატება 9,7%-ით  იგეგმება.  

საგრძნობლად გაიზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მართვის პროგრამების დაფინანსებაც. 


დაავადებები

ყოველ სამ წამში მსოფლიოს ერთი მცხოვრები დემენციით ავადდება. ყოველ 20 წელიწადში ამ დიაგნოზის მქონე ავადმყოფების რიცხვი გაორმაგდება.
2025 წლისათვის ჭარბწონიანთა რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს. ეს დაავადება პლანეტის 1,17 მლრდ ზრდასრულს შეაწუხებს. დღესდღეობით 415 მლნ ადამიანი შაქრიანი დიაბეტითაა დაავადებული. Deloitte-ის პროგნოზის მიხედვით, მათი რაოდენობა 50%-ით მოიმატებს და 642 მლნ-ს მიაღწევს.

ინფექციური დაავადებებით გარდაცვალების ამჟამინდელი 22,5%-იანი მაჩვენებელი 2030 წლისათვის 17,1%-მდე შემცირდება. 


ცხოვრების პირობები

რა პირობებში მოგვიწევს ცხოვრება:

  • კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება;
  • გლობალიზაცია (ინფექციების სწრაფი გავრცელება);
  • ურბანიზაცია (უმოძრაო ცხოვრების წესი);
  • ადამიანის ქცევითი მოდელების ცვლილება („ცხოვრება“ მობილურ ტელეფონში);
  • კვების რაციონის შეცვლა და ახალი პროდუქტების გამოჩენა;
  • საცხოვრებელი და სანიტარული პირობების გაუმჯობესება (ისეთი დაავადებების გავრცელების შემცირება, როგორიც ტუბერკულოზია).

 

წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება სამყარო 2039 წელს 

მომავლის ადამიანებს გაცილებით მეტი ეცოდინებათ თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ და მას მეტად გაუფრთხილდებიან. სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და დაავადებათა გამოსავლენად განკუთვნილ პროგრამებს აქტიურად დააფინანსებს.

2016 წლიდან ($9  მლრდ) 2025 წლამდე ამ პროგრამების უზრუნველყოფისა და მომსახურებისთვის ხარჯები $50 მლრდამდე გაიზრდება. ადამიანის თანმხლები სამედიცინო მოწყობილობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. ხელოვნური ინტელექტი გადაამუშავებს უზარმაზარი მოცულობის სამედიცინო მონაცემებს და მას ვიზუალიზებული სახით ექიმებს მიაწვდის. პაციენტის გენეტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, წამლები უფრო მეტად  ინდივიდზე მორგებული იქნება, რაც მკურნალობის ეფექტიანობას გააუმჯობესებს. 

 

  • კიბოს გავრცელებული ფორმები (ძუძუს, ნაწლავის, კუჭისა და ფილტვის) დამარცხდება.

მონაცემთა შეკრება-გადამუშავება (მათ შორის, სოციალური ქსელებიდან), რომელსაც ხელოვნური ინტელექტი განახორციელებს, ინფექციური დაავადების ეპიდემიის გავრცელების ადრეული პროგნოზის შესაძლებლობას შექმნის. ეს კი ვაქცინის შემუშავებასა და ეფექტიან მკურნალობას  შეუწყობს ხელს. 

3D-მეთოდის მეშვეობით პროთეზირების პრაქტიკა საყოველთაოდ დამკვიდრდება. მედიცინა მაღალტექნოლოგიურ სფეროდ იქცევა. 

 

  • სტატისტიკურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა სამედიცინო დარგის განვითარებისათვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

დაავადებათა დიაგნოსტიკა უფრო სწრაფი და ზუსტი იქნება. ტრადიციულ კლინიკებს კონკურენციას გაუწევენ ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ახალ ფორმებს შეიმუშავებენ და დანერგავენ. 

ჯანდაცვის სერვისების მომწოდებელთა შორის  წაიშლება საზღვრები – ტექნოლოგიური გიგანტები სრულფასოვან ადგილს დაიმკვიდრებენ მედიცინის დარგში, ტრადიციული კლინიკები მათთან ითანამშრომლებენ. 

ამჟამად, Health Gorilla-ს სტარტაპთან ერთად, Apple მუშაობს იმ მომსახურების შექმნაზე, რომელიც iPhone-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს, მიიღონ დიაგნოსტიკური მონაცემები, მათ შორის, სისხლის ანალიზის პასუხი. 

ეს სერვისი, უპირველეს ყოვლისა, ექიმებისათვის იქნება განკუთვნილი და ე. წ. მარკეტპლეისის ფუნქციას შეასრულებს, რომელზეც ისინი შეკვეთებს განათავსებენ და სამედიცინო ჩანაწერებს ერთმანეთს გაუზიარებენ. 

Apple Watch-ის, CareKit-ისა და ResearchKit-ის წამოწყება (პერსონალური სამედიცინო მონაცემების შეკრება) უკვე გამოიყენება ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის კვლევისათვის.

და ეს მხოლოდ იმ „შეჭრის“ ერთეული მაგალითია, რომელსაც დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ამ სფეროში ახორციელებენ.  

 

ტექნოლოგიური გიგანტები და მედიცინა

Philips-მა სპეციალური დივიზიონი შექმნა – Connected Care Solutions – ინტელექტუალური სამედიცინო სერვისი. ის პაციენტების  მონაცემებს (ძირითადად ქრონიკული დაავადებების შესახებ) აგროვებს, რაც ცვლილებებზე დაკვირვებისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ყოველდღიურ, 24-საათიან რეჟიმში, ავადმყოფისა და კლინიკის მონაცემების ერთმანეთთან შეჯერების შედეგად იძლევა. 

 

  • Amazon-მა შეისყიდა PillPack – აშშ-ში მოქმედი ინტერნეტ-აფთიაქი

Alibaba-ს შვილობილმა კომპანიამ (Alibaba Health Information Technology) ჩინური ფარმაცევტული კორპორაციის, Guizhou Ensure Chain Pharmacy-ს წილი შეიძინა.  ჩინეთში Ali Health ინტერნეტის საშუალებით წამლებს ყიდის, მომხმარებელს „გონივრულ“ სამედიცინო დასკვნებსა და პროდუქტისათვის თვალყურის დევნების პლატფორმებს სთავაზობს; ის ასევე ფარმაცევტული ბაზრის B2C-სეგმენტში მუშაობს.  

 

  • IBM Watson-მა ხელშეკრულება Hangzhou Cognitive Care-თან გააფორმა რაც  Watson-ის კოგნიტური სისტემის გამოყენებას ითვალისწინებს.

ეს სერვისი ჩინეთის 21 კლინიკის ონკოდაავადებულ პაციენტთა მონაცემების დამუშავებასა და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენას ითვალისწინებს.

 

  • Deloitte-ის პროგნოზით, მომავალში სამედიცინო მომსახურების ღირებულება გაიზრდებ

თუმცა, ახალი ტექნოლოგიების წყალობით, გაიზრდება მასზე ხელმისაწვდომობაც (ტელემედიცინა, სახლში მკურნალობა, ექიმთან ავტომატური ჩაწერა). 

 

  • კლასიკური სადაზღვევო მოდელიდან სხვაგვარ სტრუქტურაზე გადასვლა თანდათანობით განხორციელდება.

ახალი მოდელი მომსახურების ხარისხსა და საბოლოო შედეგზე პასუხისმგებლობას დაეფუძნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლინიკები ანაზღაურებას დაზღვეული პაციენტის ექიმთან ვიზიტების რაოდენობის მიხედვით კი არ მიიღებენ, არამედ მკურნალობის შედეგის გათვალისწინებით. 

არსებობს სამედიცინო მომსახურების საფასურის შემცირების შესაძლებლობაც – მაგალითად, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარება, რისთვისაც საჭირო გახდება გადასატანი სამედიცინო მოწყობილობები, პაციენტის აქტიური მონაწილეობა  პროცესში, დისტანციური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტიანი სისტემა, ადმინისტრაციული ფუნქციების (ექიმთან ჩაწერის, ფიზიოთერაპიული პროცედურების აღრიცხვის) ავტომატიზება. 

 

2039 წელს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა არაინფექციური დაავადებები, რომლებსაც კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, უმოძრაო ცხოვრების წესი, შეცვლილი კვების რაციონი და ტექნოლოგიების განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული ქცევის ახლებური სტერეოტიპები განაპირობებს: ჭარბწონიანობა, შაქრიანი დიაბეტი, ფსიქიკური აშლილობები. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალ სიძნელეებთან გამკლავებაშიც ტექნოლოგიები  დაგვეხმარებიან.   

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.