მსოფლიოს “ეკოლოგიური ცხელი წერტილები” – ბრიტანული ფოტოკონკურსის გამარჯვებულებისგან
წყლის რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტი (CIWEM) 2007 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა.
ორგანიზაცია არასამთავრობო საქველმოქმედო ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეკოლოგიის თემატიკაზე სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს, პრაქტიკებსა და პროექტებს, რომლებიც წყლის რესურსების მართვის თემებს ეხება.
ორგანიზაცია დიდ ყურადღებას უთმობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეკოლოგიის თემატიკაზე. ამ კუთხით მართავს ყოველწლიურ თემატურ ფოტოკონკურსს, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
წარმოგიდგენთ 2019 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს:
მუმბაის გარეუბანი ბანდრა, ინდოეთი. ავტორი: შანთ კუმარი
გლობალური დათბობის ფონზე არაბეთის ზღვის დონის მატება ნეგატიურად აისახა სანაპირო ზოლზე, მათ შორის – ბანდრაზეც. ფოტოზე ასახულია მეთევზე, რომელიც წყალმოვარდნამ სახლიდან გარეთ გამოისროლა. ძლიერმა დინებამ ზღვისკენ გაიტაცა, თუმცა მეთევზეებმა ის სიკვდილისგან იხსნეს.
ფუნაფუტის ლაგუნა, ტუვალუ. ავტორი: შონ გალაჰერი
ეროზია ყოველთვის იყო წყნარი ოკეანის სამხრეთ კუნძულების პრობლემა, თუმცა სიტუაციას ამძიმებს წყლის დონის მატება, რაც ზოგიერთი პატარა კუნძულის საერთოდ გაქრობის ალბათობას ქმნის. ფოტოზე ასახულია წყლის დონის მატების შედეგად წაქცეული ხეები.
ქალაქი მეხიკალი, მექსიკა. ავტორი: ჯილ სამანიეგო
ქალაქი მეხიკალი მექსიკის ჩრდილო-დასავლეთში, ქვემო კალიფორნიის შტატში მდებარეობს. მეხიკალი ქიმიური და ავტოწარმოების ლიდერია. 2018 წლის იანვარში, ქალაქის არსებობის ისტორიაში, ჰაერის დაბინძურების მაქსიმალური დონე დაფიქსირდა.
კაკამეგა, კენია. ავტორი: დარში ვისაჰი
კენიის ქალაქ კაკამეგას მთავარი ღირსშესანიშნაობაა ეროვნული ნაკრძალი, თუმცა მთავრობა ვერ აფერხებს ტყეების მასიური გაჩეხვის პროცესს, რაც რეგიონში სასმელი წყლის დეფიციტს იწვევს. ფოტოზე ასახულია ბიჭი, რომელიც იძულებულია ბინძური წყლით მოიკლას წყურვილი. ამგვარი ვითარების გამო ადგილობრივ მოსახლეობაში მასობრივად ფიქსირდება ქოლერის, ტროპიკული წყლულის, მუცლის ტიფისა და სხვა დაავადებების შემთხვევები.
ჰამბაჰის ტყე, გერმანია. ავტორი: ჰენრი ფეერი
ჰამბაჰის ტყე, რომელიც 12 ათასი წლისაა, დასავლეთ გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში მდებარეობს. 2012 წელს ტყის ტერიტორია ენერგეტიკულმა კომპანია RWE-იმ (Rheinisch-Westfälisches Elektrizitätswerk) შეიძინა ქვანახშირის მოპოვების მიზნით. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ტყის განადგურება დღესაც გრძელდება, მისგან მხოლოდ 10%-ია დარჩენილი.
სტამბოლი. ავტორი: სებნემ ჩოსკუნი
ფოტოზე ასახულია ბოსფორის სრუტის წყლის წმენდის პროცესი, რომელიც პროექტ Zero Waste Blue-ის ფარგლებში განხორციელდა.
დაკა, ბანგლადეში. ავტორი: ამდად ჰოსსაინი
მძინარე ქალი დაბინძურებული მდინარის პირას.
„პოლიეთილენის ბიჭი“. ავტორი: არაგონ რენუნსიო (ბურკინა ფასო)
მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 380 მილიონ ტონა პოლიეთილენის პარკს აწარმოებენ. ეკოლოგთა თქმით, წარმოება გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა: 1950 წელს – 2,3 მილიონი ტონა, ხოლო 2015 წელს 448 მილიონი ტონა აღირიცხა. ყოველდღიურად ოკეანეებსა და ზღვებში 8 მილიონი ერთჯერადი პარკი ხვდება, პლასტმასის ნარჩენებთან ერთად.
„ტკბილი ძილი“. ავტორი: არაგონ რენუნსიო (ბურკინა ფასო)
ბოლო 35 წლის განმავლობაში კლიმატური ცვლილებების გამო საჰელში (ეკოკლიმატური გარდამავალი ზონა საჰარის უდაბნოსა და სუდანის სავანას შორის) ძლიერი წვიმების 70 შემთხვევა დაფიქსირდა. პარალელურად რეგიონის მოსახლეობას ძლიერი გვალვები აზარალებს.
„უხილავი“. ავტორი: ვალერი ლეონარდი
ფოტოზე გამოსახულია კატმანდუს (ნეპალი) გარეუბანში არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს. პოლიგონზე ხშირად ნახავთ რაიმე ღირებულის პოვნისა და გაყიდვის იმედად მყოფ ადამიანებს.