ქართული დარიალი ბარსელონაში
8 ოქტომბერს ბარსელონაში, მე 19 საუკუნის ერთერთ ულამაზეს შენობაში casa tomas roger-ში, ადგილზე, რომელიც საინტერესო კონცეპტუალური სივრცეების მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება, ახალი მულტი ფუნქციური, სივრცე „დარიალი“ გაიხსნა.
ჟღერადი ქართული სახელის უკან ქართველებისვე გუნდი დგას, რომელიც პროექტს, იდეის გაჩენიდან კონცეპტუალური მაღაზიის გახსნის დღემდე ახორციელებდა. მაკა ასათიანის და ჯაბა დიასამიძის იდეა შეექმნათ სივრცე, რომელსაც საინტერესო ტანსაცმლის ნივთებისა და წიგნების გაყიდვის გარდა, გალერეისა და რესტორნის ფუნქციაც ექნებოდა, ხორცი შეესხა. პროექტის კრეატიული კურატორი დიზაინერი ჯაბა დიასამიძეა.
„დარიალის“ სივრცე თავისთავად უკვე იმდენად მიმზიდველი და ლამაზია, რომ არტ პროექტის ტოლფასია. ოქროსფერი პალმების ესთეტიურ ჩრდილში ისეთი დიზაინერების სამოსი გაიყიდება როგორებიც: CULT GAIA, HAIDER ACKERMANN, LINDA FARROW, DRIES VAN NOTEN, MAISON MARGIELA, PIERRE HARDY, YOHJI YAMAMOTO არიან.
დარიალში ქართველი დიზაინერები ჩუბიკა, ჯაბა დიასამიძე და თათანაკაც იქნებიან წარმოდგენილი. დარიალის უმთავრესი ფუნქცია ჩანაფიქრშივე შემოქმედებითი ადამინების კავშირი და მათი კოლაბორაციაა.
აქ გაიმართება გამოფენები, იმუშავებს სახელოსნო, შეიქმნება ქალისა და მამაკაცის კაპსულური კოლექციები. ჯაბა დიასამიძე, რომელიც ძირითად დროს ევროპაში ატარებს სწორედ ამ მიმართულებას განავითარებს. პროექტზე მუშაობა 2 წელი გაგრძელდა.
ინტერიერის დიზაინზე მაკა ასათიანმა და ჯაბა დიასამიძემ ერთობლივად იმუშავეს. სპეციალურად დარიალისთვის შედგა კოლაბორაცია ჟურნალ “აპარტამენტოსა” და ჯაბა დიასამიძეს შორის, ქართული ანბანით ინსპირირებული კონცეპტუალური ხელოვნებს ნიმუში დარიალის სივრცის ნაწილი გახდა.