fbpx

ნაცისტური გერმანიის მსხვერპლთა მემორიალი ჩეხეთის პატარა სოფელში


გააზიარე სტატია

 

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და გამანადგურებელი საერთაშორისო კონფლიქტი. 1939-1945 წლებში ომმა  65 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 

ისტორიამ ამ კაცთაკვლის უამრავი ტრაგიკული ამბავი შემოინახა. მათ შორისაა სოფელ ლიდიცეში  (ამჟამინდელი ჩეხეთის რესპუბლიკა) დატრიალებული ტრაგედია.  

1942 წლის 10 ივნისს ნაცისტური გერმანიის სადამსჯელო სამხედრო შენაერთმა სოფელ ლიდიცეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაანადგურა. ოპერაცია ნაცისტი მოხელის, რეიხპროტეკტორის (უმაღლესი თანამდებობა ბოჰემიასა და მორავიაში 1939-1945 წლებში, ინიშნებოდა უშუალოდ ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით), რეინჰარდ ჰეიდრიხის მკვლელობას მოჰყვა და ერთგვარი შურისძიების აქტი იყო მესამე რეიხის მხრიდან. ამასთან ერთად, ნაცისტების აზრით, ლიდიცეს მასობრივი მკვლელობა სამაგალითო უნდა ყოფილიყო სხვა სოფლებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეიხპროტეკტორის მკვლელებს იფარებდან.   

 

რეინჰარდ ჰეიდრიხი

 

ლიდიცე. 1942 წლის 10 ივნისი (ნაცისტური პროპაგანდის არქივიდან. ფოტო ინახება ლიდიცეს ისტორიის მუზეუმში)

 

 

ლიდიცე. 1942 წლის 10 ივნისი (ნაცისტური პროპაგანდის არქივიდან. ფოტო ინახება ლიდიცეს ისტორიის მუზეუმში)

 

ჯარისკაცებმა სოფელში 173 მამაკაცი დახვრიტეს, 184 ქალი და 82 ბავშვი ერთმანეთს დააშორეს,   ჰელმნოს (პირველი საკონცენტრაციო ბანაკი პოლონეთის ტერიტორიაზე) სიკვდილის ბანაკში გაგზავნეს და გაზის კამერებში გაანადგურეს. 

ტრაგედიიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ბავშვები – 42 გოგო და 40 ბიჭი – მშობლიურ სოფელში სამუდამოდ “დაბრუნდნენ”.

 

ტრაგედიის მსხვერპლთა უკვდავყოფის იდეა ჩეხ მოქანდაკე  მარია უჩიტილოვას 1969 წელს გაუჩნდა და პატარების ბრინჯაოს ქანდაკებების შექმნა გადაწყვიტა. 

პირველი სამი ქანდაკება საკუთარი დანაზოგით შექმნა, თუმცა პროექტის დასრულება გარდაცვალების გამო ვერ მოასწრო. 

არტისტის წამოწყება მისმა ქმარმა ირჟი ვაცლავ გამპლმა განაგრძო, რომელსაც მეგობრები და სრულიად უცხო მოქალაქეებიც ფინანსური შემოწირულობით დაეხმარნენ. 

 

1969 წლის შემდეგ, 1996 წლამდე, ლიდიცეში ბავშვების ქანდაკებების რაოდენობა თანდათანობით იზრდებოდა. ბოლო ქანდაკება 2000 წელს დაიდგა. ამჟამად ლიდიცელი 42 გოგო და 40 ბიჭი დანარჩენ მსოფლიოს კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო და ტრაგიკულ ფურცელს ახსენებს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.