fbpx

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი: საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებები


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

გასულ კვირას ევროპის საფეხბურთო კალენდარი ნაკრებებს დაეთმო. ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი უკვე დასარულს უახლოვდება და ნოემბრის დასკვნით თამაშებამდე ზოგიერთ ჯგუფში გამოიკვეთა მომავალ ჩემპიონატზე მონაწილეთა სავარაუდო ვინაობაც.

საუბარს ჩვენი გუნდის ასპარეზობით დავიწყებთ, რომელმაც დანიის ნაკრების მსგავსად, ირლანდიაც გააწბილა, რადგან მასაც ფრედ – 0:0 ეთამაშა. შედეგმა კვლავ დააფიქრა, ერთი მხრივ, უკმაყოფილო ქართველი გულშემატკივარი, რადგან საქართველოს ნაკრები სავარაუდოდ, წინა შესარჩევი ციკლის მსგავსად, ამჯერადაც სოლიდურ მეტოქესთან გამარჯვების გარეშე დაასრულებს ასპარეზობას.

მეორე მხრივ კი, როგორ არ უნდა გვიხაროდეს დანიასთან და ირლანდიასთან შინ ნათამეშები უგოლო ფრეები, როდესაც თვალს გადავავლებთ ჩვენი მეტოქეების შემადგენლობებს და კლუბებს, სადაც ისინი გამოდიან, შემდეგ კი გადავინაცვლებთ ქართველი ფეხბურთელების მონაცემებზე, რომელთა შორისაც რომელიმე ტოპ ჩემპიონატში მონაწილეს ვერ აღმოვაჩენთ.

აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ნაკრებს უვითარდება მებრძოლი თვისებები და რაც მთავარია მოთამაშეები კონკურენციას უწევენ ფიზიკურ ასპექტში ისეთ ძლიერ გუნდებს, როგორიცაა, მაგალითად, ირლანდიის ნაკრები.

ისიც ხომ ანგარიშგასაწევია, რომ ჯგუფის ლიდერი სრულიად გამიზნულად, მხოლოდ მოსაგებად იყო ჩამოსული თბილისში და წარმატების შემთხვევაში მას ნოემბერში დანიასთან შინ ფრედ ნათამაშები მატჩი დიდი ალბათობით ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოუტანდა…

ამ თვალსაზრისით, ქებათაქება ვლადიმერ ვაისის გუნდს, მაგრამ როდესაც ჩვენ მხოლოდ მოგებები გვჭირდება მარტში დანიშნულ ერთა ლიგის მატჩებში, როგორ დავკმაყოფილდეთ იმით, რომ ჯგუფის სამ ფავორიტთან შემდგარ 5 დაპირისპირებაში ნაკრებს ერთადერთი გოლი აქვს გატანილი და თანაც იმ შეხვედრაში, რომელშიც ხუთი გოლი გაუშვა?  

ამ დროს ფეხბურთის გულშემატკივარს პრეტენზიები ისევ და ისევ მწვრთნელის მიმართ უჩნდება, მით უმეტეს, რომ „ნულოვან“ მატჩებს ის თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდშიც დაჩვეული იყო.

ასეთი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ შედეგებიდან გამომდინარე, ნაკრებს აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი, მაგრამ მომდევნო ეტაპისთვის, როდესაც ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩები უნდა ჩაატაროს, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა მისი ჩანაცვლება ისეთი სპეციალისტით, ვინც უკვე გამზადებულ ნიადაგზე ნაპერწკალს შეუნთებდა ნაკრების თამაშს და სწორედ იმ გამარჯვების გოლებს გაატანინებდა, რომელიც მას დღესდღეობით აკლია…

მარტის შეხვედრებამდე კი გენერალური რეპეტიცია მხოლოდ შვეიცარიის ნაკრებთან მატჩია, რომელთანაც გასვლაზე მოგება მთელ მსოფლიოს აალაპარაკებს ევროპის ახალი და ერთ-ერთი პერსპექტიული ნაკრების შესახებ!

 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი

პერსპექტივა კი აშკარაა, რადგან ჩვენმა ცხრამეტწლამდელებმა ჯერ უნგრეთის ნაკრებს მოუგეს გასვლაზე 4:2, ისე რომ მასპინძლები მეორე ტაიმის დასაწყისში 2:1 იგებდნენ, შემდეგ კი მეორე მატჩში ყაზახეთის გუნდი შინ 3:1 დაამარცხეს, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ და ელიტრაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. 

მთავარი ისაა, რომ რამაზ სვანაძის გუნდმა უჩვენა ლაღი და შემტევი ფეხბურთი, ლამაზი კომბინაციები და ფეხბურთელთა მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა, რაც ქართულ ფეხბურთს მის ფესვებთან და მთავარ ღირებულებებთან აახლოვებს.

21-წლამდელებმა კი, სამწუხაროდ, დათმეს გასვლითი მატჩი ანგარიშით – 1:2 შვეიცარიის ნაკრებთან, მიუხედავად იმისა, რომ არაბიძემ შესანიშნავი დარტყმით გოლად აქცია სტანდარტული მდგომარეობა და 61-ე წუთზე აღადგინა წონასწორობა. წაგების მიუხედავად, გია ცეცაძის გუნდს ყველაფერი წინ აქვს და საქართველოს ნაკრებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება ნოემბრის  ორ გასვლით შეხვედრას საფრანგეთის და სლოვაკეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ.

21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვეიცარიას ყველაფერი წესრიგში აქვს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე დანიასთან წაგების შემდეგ კი მან საგრძნობლად გაირთულა მდგომარეობა. აწი შვეიცარიას ჯგუფში ყველა მატჩი მოსაგები აქვს და საქართველოს ნაკრების გარდა დარჩენილ მატჩებში მისი მეტოქეები ირლანდია და გიბრალტარი იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ თუკი მსოფლიოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებთან დამატებით დროში წაგებულ მატჩს არ ჩავთვლით, დანიის ნაკრებმა უკანასკნელად ოფიციალური მატჩი 3 წლის წინათ – 2016 წლის 10 ოქტომბერს დათმო მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ. ასეთი შედეგით კი დღესდღეობით ევროპის ვერცერთი უმაღლესი დონის ნაკრები ვერ დაიკვეხნის – მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთით დაწყებული, ევროპის ჩემპიონ პორტუგალიით დამთავრებული. 

დანიის ეროვნული გუნდის წაგებაში ეჭვი არავის ეპარებოდა ამა წლის 26 მარტს, როდესაც შეხვედრის 83-ე წუთზე შვეიცარია მას შინ 3:0-ს ამარცხებდა.

მაშინ ევროპის 1992 წლის ჩემპიონებმა პირველი საპასუხო გოლი 84-ე წუთზე გაიტანეს, რასაც კიდევ ორი გოლი მოაყოლეს და საბოლოოდ მატჩი ფრედ – 3:3 დაასრულეს. 

განმეორებით შეხვედრაში კი 84-ე წუთზე დანიის ნაკრებმა მატჩის ერთადერთი ბურთი გაიტანა, რამაც მას საკმაო ალბათობით ევრო 2020-ის საგზური მოუტანა. თუმცა, მიზნის მისაღწევად მატჩის გმირ შმაიხელს, ერიქსენს და მათ თანაგუნდელებს ბოლო ტურში გასვლაზე ირლანდიასთან შეხვედრის ფრედ დასრულება მართებთ.

 შვეიცარიის ნაკრებთან მატჩის გმირი დანიელი გოლკიპერი კასპერ შმაიხელი

ევრო 2020-ის საგზური იტალიის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც მართალია, უღიმღამო თამაშით, მაგრამ დიდი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა კრიზისში მყოფი საბერძნეთის ნაკრები.

უჩვეულოა დღევანდელი ესპანეთის ნაკრების ასპარეზობა, რომელიც ვარსკვლავური შემადგენლობის და მწვრთნელთა ცვლილებების მიუხედავად, მაინც ვერ პოულობს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობის პერიოდის თამაშს. 

ამის ნათელი დადასტურებაა ნორვეგიის ნაკრებთან შეხვედრაში მიღებული ხუთი ყვითელი ბარათი და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე პენალტით გაშვებული გოლი. მიუხედავად იმისა, რომ რობერტ მორენოს გუნდმა შესარჩევ ციკლში პირველად დაკარგა ქულები და ევროპის ჩემპიონატზე მას აუცილებლად ვიხილავთ, ნაკრებს დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი სტაბილურობის მისაღწევად.

ინგლისის ნაკრებს კი კრიზისი, როგორც ჩანს, კლუბებიდან გადაედო.

პრობლემის მიზეზები არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ტოტენჰემის“, „ევერტონის“ და „ჩელსის” ფეხბურთელებში უნდა ვეძიოთ. „მანჩესტერ სიტის“, „ლივერპულის“, „ვესტ ჰემის“ თუ „ატლეტიკოს“ თითო-ოროლა წარმომადგენელმა კი ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრაში ამინდი ვერ შექმნა. 

ინგლისელებთან მოგებით ევროპის 1976 წლის ჩემპიონმა და 1996 წლის ვიცე-ჩემპიონმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა ევრო 2020-ის საგზურის მოსაპოვებლად და ერთა ლიგის ფინალში კოსოვოს ნაკრების საქართველოს ეროვნული გუნდის პოტენციურ მეტოქედ გასაფორმებლად…

ჩრდილოეთ ირლანდიის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსები კი სატურნირო ცხრილში ამ გუნდის მესამე ადგილზე ყოფნის მიუხედავად, ჰოლანდიასთან გასვლაზე წაგების შემდეგ აშკარად შემცირებულია.

ამაში არც არაფერია გასაკვირი, რადგან ფავორიტებს – ჰოლანდიის და გერმანიის ნაკრებებს – ჯგუფიდან გასვლის პრეტენზიების მიღმა ტურნირის მოგების ამბიცია ამოძრავებთ. 

 დე იონგის გამარჯვების მომტანი გოლი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში

არადა, ჩრდილო ირლანდიელები მრისხანე მეტოქესთან შეხვედრაში 75-ე წუთზე დაწინაურდნენ, საპასუხო გოლი მე-80, ხოლო კიდევ ორი ბურთი კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუშვეს! 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.