მექსიკური სათხოვარი ღმერთებთან – ex-voto-ს ხელოვნება წარმართობიდან დღემდე
ძველი მექსიკელები თავიანთ წარმართულ ღვთაებებს ხშირად უძღვნიდნენ სხვადასხვა ნივთებს, ნახატებს. ამ ფორმით სურვილების ასრულებას სთხოვდნენ ან მადლობას უხდიდნენ ბარაქიანი მოსავლისა თუ ახლობლების გამოჯანმრთელების გამო. ამ შინაარსის ნამუშევრებმა კულტურაში „ექს-ვოტოს“ (ex-voto, ლათ. votum – „აღთქმა“) სახელით დაიმკვიდრა ადგილი.
მექსიკის კოლონიზაციის პერიოდში ესპანეთიდან ქრისტიანობის შემოსვლამ ბევრი ვერაფერი შეცვალა. ევროპული ტრადიციები აცტეკების კულტურას შეერწყა, წარმართული ღვთაებები ქრისტიანულმა ღმერთებმა და წმინდანებმა ჩაანაცვლეს, თუმცა უზენაესი ძალებისადმი მიმართვის მიზეზები უცვლელი დარჩა.
XVI საუკუნეში ე.წ. სამადლობელი ნახატები ტილოზე იქმნებოდა, შესაბამისად, ტრადიცია მხოლოდ შეძლებულ ფენებში იყო გავრცელებული. ნამუშევრებს თვალსაჩინო ადგილებზე კიდებდნენ, რათა მადლიერების ცერემონიას სხვა მლოცველებიც შეერთებოდნენ და ამავე დროს დაეფასებინათ დამკვეთის რწმენის ხარისხი.
XIX საუკუნის დასაწყიში „ექს-ვოტოს“ ხელოვნება უფრო დემოკრატიული გახდა. საღებავები და სხვა მასალები გაიაფდა. შედეგად, გამოსახულებებმა ტილოდან ლითონის ნაჭრებზე გადაინაცვლა. დროთა განმავლობაში მდიდარმა მექსიკელებმა ამ ტრადიციისადმი ინტერესი დაკარგეს, სამაგიეროდ, საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა დაბალ ფენებში. ნახატებმა ახალი ფორმები და შინაარსი შეიძინა.
მხატვრებმა კონკრეტული ისტორიების, ამბების, ადამიანების ცხოვრების, მათ თავს გადამხდარი თავგადასავლების ხატვა დაკვეთით დაიწყეს. ნამუშევრებში ჩანს, რომ ადამიანები სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან, იხრჩობიან წყალში, ვარდებიან ხბიდან, ცხენიდან და ა. შ.
ნახატებისთვის განკუთვნილი ოთახი ქალაქ ჩალმას ეკლესიაში. როცა კედელი ნამუშევრებით გადაივსება, მთავარ ნაგებობას ახალ ოთახებს უშენებენ.
მადლიერების გამომხატველი „ექს-ვოტო“ ავადმყოფის განკურნებისთვის
მადლიერების გამომხატველი „ექს-ვოტო“ უბედური შემთხვევის დროს გადარჩენისთვის
ელიას ჩავარია ელექტრობოძზე მუშაობისას ჩამოვარდა, თუმცა, სიკვდილისგან ღვთისმშობელმა იხსნა. 1904 წელი
1935 წლის „ექს-ვოტო“ სან-ხუანელი ქალწულის მადლიერებას გამოხატავს. ავტორი მადლობას იხდის, რომ ქუჩაში დაჭრის შემდეგ სიკვდილს გადაურჩა.
1821 წლისათვის „ექს-ვოტო“, შეიძლება ითქვას, რომ სახალხო ხელოვნებად იქცა. ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები იმდენად საინტერესო იყო, რომ მათი შესწავლა და კოლექციონერობა ფრიდა კალომ და დიეგო რივერამაც დაიწყეს. დღესაც ამ ნახატებს მნიშვნელოვანი ისტორიული თუ კულტურული ღირებულება აქვთ და მათზე მსოფლიოს ბევრი კოლექციონერი ნადირობს.
XX საუკუნის შუა წლებში „ექს-ვოტოს“ ძველებური, ლითონის ნაჭრებზე ხატვის ტრადიცია თითქმის შეწყდა. თუმცა, გამოჩნდნენ ახალი თაობის მხატვრები, რომლებმაც „ექს-ვოტოს“ ჟანრში დაიწყეს მუშაობა და მალევე გაითქვეს სახელი სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტ-მაღაზიებში. მაგალითად, დავიდ მეკალკო აქცენტს სოციალურ საკითხებზე აკეთებს. მისი ნამუშევრების გმირები სექსმუშაკები არიან, რომლებიც წმინდანებს მადლობას იმისთვის უხდიან, რომ თავის რჩენის საშუალება ეძლევათ, ხოლო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები მადლიერებას გამოხატავენ, რადგან მშობლებმა გართულებების გარეშე მიიღეს მათი ორიენტაცია.
სამადლობელი ციხიდან უვნებლად გამოსვლისთვის. ავტორი: დავიდ მეკალკო
ალკოჰოლიზმზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებული
მხატვარ ალფრედო ვილჩისის შთაგონების წყარო მოსმენილი და ყვითელ პრესაში ამოკითხული ისტორიებია: ტრანსვესტიტი მადლობას უხდის წმინდა სებასტიანეს, რათა არ მოკლეს, როცა მისი სქესი გაიგეს; ერთი მამაკაცი კი ღმერთს მადლობას უხდის გადარჩენისთვის, რადგან უფროსმა ცოლთან ვერ შეუსწრო და დროზე მიმალვა მოახერხა.
წარწერა “ექს-ვოტოზე”: „მამა და დედა ხშირად ჩხუბობდნენ, მამა მასზე ძალადობდა. ამ აგრესიულ გარემოში ვიზრდებოდი. გმადლობ, წმინდა ქალწულო გვადელუპე, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა. ოჯახში ახლა სიმშვიდე და სიყვარულია“.
წარწერა “ექს-ვოტოზე”: „მდინარე ადიდდა და ქალაქი წყლით აივსო. ხეზე ავძვერი და ოჯახის წევრები გადავარჩინე. გმადლობ, წმინდა ქალწულო გვადელუპე, რომ ბევრი ჩვენგანი გადაარჩინე. ეს ნახატი მადლიერების ნიშნად მოვიტანე“, – მადლიერი ოჯახი, ჩიაპასი, 2007 წელი
წარწერა “ექს-ვოტოზე”: „მამა-შვილმა მარკიტოსებმა და ხოსე ანონიო ვილიასენიორმა მექსიკა უკეთესი ცხოვრების იმედად დატოვეს. რეიონსში, 70 სხვა უსაბუთო ადამიანთან ერთად, ისინი სატვირთო მანქანის კონტეინერში ჩასხდნენ, რომელიც ჰიუსტონში მიდიოდა. რამდენიმესაათიანი ჯოჯოხეთური მგზავრობის შემდეგ, ისინი ერთმანეთს ჩახუტებულნი, გარდაცვლილები იპოვეს, ისევე როგორც 11 სხვა მექსიკელი და 5 ლათინოამერიკელი. ხალხი უწყლობისგან და ხუთვისგან დაიღუპა. კონტრაბანდისტებმა ისინი უმოწყალოდ მიატოვეს ჰიუსტონის სამხრეთში. ეს ამბავი 2003 წლის 14 მაისს გავიგე და ღვთისმშობელს ვთხოვ ის ხალხიც დაიფაროს, ვინც სიკვდილს გადაურჩა“.
მამაკაცი ცოლმა მიატოვა და სხვა კაცთან წავიდა. დარდისგან გალოთებული მძიმე დღეში აღმოჩნდა, თუმცა წმინდა მოციქულ იუდა თადეოსის წყალობით მძიმე მდგომარეობას თავი დააღწია.
სელვა სალასარი მისტიკურ და იუმორით სავსე ნახატებს ქმნის.
წარწერა “ექს-ვოტოზე”: „მას შემდეგ, რაც ჩემმა ცოლმა დიეტის დაცვა დაიწყო, ღამე სიარული დასჩემდა. საწოლში ორცხობილები, ნამცხვრები, ხილი მოჰქონდა და მიირთმევდა. დილით კი ჩემზე ბრაზობდა, ეგონა, რომ ღამით საჭმელი მისთვის მე მომქონდა. გმადლობ ღვთისმშობელო, რადგან ცოლმა დიეტის დაცვას თავი დაანება. ძილში სიარულსაც გადაეჩვია და მეც მშვიდად მძინავს“.
“ექსვოტო” მარსელების თემაზე. „მათ სახლის ფეხსაცმელი მოიპარეს, მაგრამ პატრონს არაფერი ავნეს. მადლობა წმინდა ქალწულ საპოპანელს“.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი, როცა მექსიკაში ნარკოტიკების პრობლემა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა, ნარკომოვაჭრეთა კარტელებს შორის ომებმა და პოლიციასთან დაპირისპირებებმა უამრავი ადამიანი შეიწირა. მძიმე რეალობა ნახატების თემატიკაშიც აისახა. მეტიც, „ექსვოტოებში” ახალი „წმინდანებიც“ კი გამოჩდნენ. მაგალითად, ხესუს მალვერდე (Jesús Malverde 1870-1909 – მექსიკელი კრიმინალი, რომელსაც „მოწყალე ბანდიტს“, „გაჭირვებულთა მფარველ ანგელოზს“ და „ნარკოწმინდანსაც“ ეძახიან, მექსიკის ზოგიერთ შტატში დამნაშავეთა და ნარკომოვაჭრეთა მფარველად ითვლება).
წარწერა “ექს-ვოტოზე”: “გმადლობ ხესუს მალვერდეს გადარჩენისათვის. კალიფორნიის საზღვართან ჩემი გამყოლი ნარკოტიკების გამო ჭკუიდან გადავიდა. ჩემი სიცოცხლე ხესუსს ვანდე, გაქცევა მოვახერხე და გადავრჩი. ამ ნახატზე ეს სასწაულია ნაჩვენები“. ხოსე პ.
წარწერა “ექს-ვოტოზე”: დიდი მადლობა ხესუს მალვერდეს იმისათვის, რომ მარიხუანის დიდებული მოსავალი გამოგვიგზავნა. გავყიდით, დიდი შემოსავალი გვექნება, რითაც ძროხებსა და გოჭებს ვიყიდით“. დამკვეთები: ხუან და ხოსეფა მირტები. მხატვარი: სელვა პრიეტო სალასარი