მალულად გადაღებული ნიუიორკელები – არნე სვენსონის ფოტოგრაფია
ქვემო მანჰეტენის ერთ-ერთი ცათამბჯენის მცხოვრებლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ერთხელაც ხელოვნების ნიმუშებად იქცეოდნენ. ეს ყველაფერი მათი მეზობლის, მოყვარული ფოტოგრაფის, არნე სვენსონის დამსახურებით მოხდა, რომელიც ნიუიორკელებს ფოტოებს მალულად, მისი ოფისის ფანჯრიდან უღებდა.
არნე სვენსონი
ყველაფერი მომაკვდავი მეგობრის საჩუქრით დაიწყო. მან მომავალ ფოტოგრაფს ობიექტივი სიკვდილის წინ უსახსოვრა. ცნობისმოყვარე არნემ ყველაფრის გადაღება დაიწყო, რასაც კი ხედავდა.
ვინაიდან ოფისში დიდ დროს ატარებდა, მისი ყურადღება მეზობლად მდებარე ფანჯრებში განვითარებულმა ამბებმაც მიიპყრო. ოჯახური სკანდალები, მძინარე ადამიანები, უფროსებისა და უმცროსების ურთიერთობა, შინაური ცხოველები… მისი დაკვირვების ობიექტები გახდნენ.
ფოტოგრაფის თქმით, მისი ნამუშევრები სიურრეალისტურ მხატვრულ ტილოებს დაემსგავსნენ, რადგან ფანჯრის კარკასი თითქოს ნახატის ჩარჩოდ იქცა, ე.წ. Zoom-ის გამო, პერსონაჟებმა ოდნავ ბუნდოვანი კონტურები შეიძინეს, ფერების არამკვეთრმა ტონებმა და კადრში აღბეჭდილმა სცენებმა კი ედვარდ ჰოპერის და იან ვერმეერის ხელწერის ასოციაცია შექმნეს.
ერთწლიანი მუშაობის შემდეგ არნე სვენსონმა თავისი ნამუშევრები ფოტოწიგნად გამოსცა, რომელსაც „მეზობლები“ დაარქვა. მოგვიანებით კი ნამუშევრები ნიუ-იორკის ერთ-ერთ გალერეაში გამოიფინა. დამთვალიერებელი თითოეულ ფოტოში რამდენიმე ათას დოლარს იხდიდა. თუმცა, წარმატებას სერიოზული სკანდალიც მოჰყვა, რადგან გაირკვა, რომ ფოტოგრაფის არცერთი ნამუშევარი არ გადაუღია ობიექტის თანხმობის გათვალისწინებით.
არნეს გმირებმა, განრისხებულმა მეზობლებმა, სარჩელი სასამართლოში შეიტანეს, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის ბრალდებით. მათი ადვოკატების მოთხოვნით, საქმეს სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია უნდა მისცემოდა. 2013 წელს უზენაესმა სასამართლომ დავა სვენსონის სასარგებლოდ გადაწყვიტა. გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას დაეყრდნო, რომელიც გამორიცხავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ არნე სვენსონის საქმიანობა ხელოვნებაა და უფლება აქვს ნამუშევრები ისე გამოიყენოს, როგორც „ხელოვნების ფორმა“.
თავად ფოტოგრაფის განმარტებით, მას სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ დაურღვევია, რადგან არცერთ მის ნამუშევარზე არაა შესაძლებელი ობიექტის იდენტიფიკაცია.