fbpx

რას გვეუბნება ჯოკერი – რეცენზია


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

არ გაიღიმო!

ხუაკინ ფენიქსის გმირმა მსოფლიო აალაპარაკა. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ნამუშევარი ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც შეიძლება კომიქსების სიყვარულს, ჯოკერის პერსონაჟს ან თუნდაც თავად მსახიობს დავაბრალოთ, თუმცა ნაკლებად – ტოდ ფილიპსს, ფილმის რეჟისორს. 

ხუაკინ ფენიქსი ახერხებს ბოროტმოქმედის მიმართ გაგიჩინოს თანაგრძნობა – არამარტო თანაგრძნობა, არამედ ერთდროულად იყოს ლაჩარიც და მამაციც, კეთილიც და ბოროტიც, ჯიუტიც, დამყოლიც, მზრუნველიც, სასტიკიც და, რაღა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, რაც კიდევ უფრო რთულს ხდის ჯოკერის ფსიქოპორტრეტს. 

თავდაპირველად ჩვენ არ ვუყურებთ ჯოკერს, როგორც ბოროტმოქმედს.

ვხედავთ რა პერსონაჟის განვითარების მთელ სქემას, ვგრძნობთ ემპათიას, შემდგომ კი ზუსტად ისეთივე აბსურდულობის განცდა გვეუფლება, როგორი კონტროვერსიულიცაა თავად ფილმი. 

ალბათ, შემთხვევითი არ არის რობერტ დე ნიროს გამოჩენა ფილმის მიმდინარეობისას. გამომდინარე იქიდან, რომ ფილმის ყურებისას მკვეთრად ვგრძნობთ მარტინ სკორსეზეს „ტაქსის მძღოლის“ გავლენას. მაგრამ “ჯოკერის” რამდენჯერმე ნახვისას მაინც არ მასვენებდა კითხვა – რის თქმა სურს რეჟისორს? 

ბევრს ცოტათი სასაცილოდაც მოეჩვენება ჰოლივუდის მემარცხენე აქცენტები, რომელიც ჯოკერის პერსონაჟის გარშემო განვითარდა.

„მოკალი მდიდარი“ – ვხედავთ ფილმში გაზეთების სათაურებიდან. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯანყი, რომელსაც საფუძვლად არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ უდევს, კაპიტალისტური სამყაროს კარგად გაყიდვადი პროდუქტია. 

რა თქმა უნდა, ტოდ ფილიპსს არ ავიწყდება არც ჩარლი ჩაპლინი, რომელიც პირველი იყო ჰოლივუდში, ვინც შიმშილის მთელი ტრაგიკულობა საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც კარგად ჩანს მის ფილმში „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“, და უცებ, ფილმის მიმდინარეობისას ვხედავთ, თუ როგორ უყურებს ამ უკანასკნელს ჯოკერის გმირი. 

ტოდ ფილიპსს არც რასიზმის თემა ავიწყდება. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა რასის წარმომადგენელს მუშათა კლასში, თუმცა ვერცერთ მათგანს ვერ ამოვიცნობთ თეატრში, სადაც ჩაპლინის ფილმს უყურებს გამოწკეპილი, ბურჟუა თეთრკანიანების დასტა.

ვიცით, რომ ის არა გმირი, არამედ ბოროტმოქმედია და ზუსტად ისეთივე კარგად გაყიდვად პროდუქტს წარმოადგენს, როგორიც, დავუშვათ,  კოკა-კოლაა

ხუაკინ ფენიქსი ჩვენ წინაშე შლის ტრაგიზმით სავსე კომედიანტს, რომლის სახეც გამუდმებით განიცდის მეტამორფოზას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი თამაში დიდი ხნის განმავლობაში არ ახსოვს ისტორიას. „მომიტევეთ ჩემი სიცილი. ეს მდგომარეობაა.“ სწორედ ასე იწყებს ჯოკერის პერსონაჟი მისი შინაგანი სამყაროს ჩვენთვის გადაშლას და ნელ-ნელა ის ხდება ადამიანი, ვისაც დასაკარგი აღარაფერი აქვს. 

იწყებს რა ფილმს – სოცმუშაკების სახით სახელმწიფო ბიუროკრატიის წარმოჩენას, ტოდ ფილიპსი გვეუბნება, რომ ორგანოებში მომუშავეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არც თავად და არც დანარჩენი მოქალაქეების ბედი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. 

რეჟისორი თავდაპირველად წარმოადგენს ჯოკერის გმირს, როგორც საზოგადოებისა და გარემო-პირობების მსხვერპლს, რომელსაც შემდგომ უგულებელყოფს თავად პერსონაჟი. მარტივია ადამიანის ჩამოყალიბების პროცესი გარემოებებს გადააბრალო, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება ბოროტმოქმედებას არ ამართლებს. 

იგებს რა, რომ მას საბრძოლველი არავისთან აქვს, ის ცხოვრების მთავარ აზრს კარგავს. „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება ტრაგედიაა, მაგრამ არა – ესაა კომედია,“ – აცხადებს ტრაგიკულობით სავსე კომედიანტი. მას არ ადარდებს ხალხის ბედი, ეგოისტური ფიგურაა და ზუსტად ისეთივეა, როგორადაც აღიქვამს მთელ დანარჩენ სამყაროს – სასტიკს და არაპროგნოზირებადს. 

„არ დაგავიწყდეთ ღიმილი“, წერია კედელზე, სადაც ჯოკერს, მუშათა კლასის წარმომადგენელს, სამსახურიდან გამოაძევებენ. ის შლის წარწერას და ჩვენ წინ რჩება სიტყვები:  „არ გაიღიმო“, თუმცა ის უგულებელყოფს თავისივე ჩანაფიქრს და სისხლიანი პირით იღიმის. 

დასასრულს, თეთრ კედლებში გამომწყვდეული ხუაკინ ფენიქსის გმირი სისხლიან ნაკვალევს ტოვებს და თავს აღწევს საგიჟეთს, განდიდების მანიით შეპყრობილი ლიდერივით – იმისთვის, რომ ტყვეობიდან გამოქცეულმა ისევ მოიპოვოს ძალაუფლება. 

5,355 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.