fbpx

“პუბლიკა” — ახალი ონლაინგამოცემა, რომელიც “ლიბერალიდან” წასულმა გუნდმა დააფუძნა


გააზიარე სტატია

 

ძალიან მალე ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა “პუბლიკა” დაიწყებს ფუნქციონირებას, რომლის შექმნაზეც ის გუნდი იმუშავებს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ონლაინგამოცემა “ლიბერალი” დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 6-წლიანი მუშაობის შემდეგ ლიბერალი 3 რედაქტორმა და 6 ჟურნალისტმა დატოვა და გამოცემიდან წასვლამდე მათ საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს.

გავრცელებული განცხადებიდან გავიგეთ, რომ კომპანიის თანამშრომლები მაშინ შორენა შავერდაშვილისგან “ლიბერალის” მდგრადი განვითარების გარანტიებსა და შესაბამისად, გამოცემის მათთვის გადაცემას ან შესყიდვას (მათთვის მისაღებ ფასში) ითხოვდნენ, რაზეც მფლობელმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მათი პოზიციონირება არ მოსწონდა.

ამავე გუნდის მიერ დაარსებული ონლაინგამოცემა კი მკითხველს მრავალფეროვან კონტენტს ჰპირდება — ახალ ამბებს, საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალას, ბლოგებსა და სიღრმისეულ რეპორტაჟებს.

“ჩვენ ვართ ჟურნალისტები, რომლებიც ბოლო 7 წლის განმავლობაში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორების, მრავალი პრესტიჟული კონკურსის ჟიურის და რაც მთავარია, მკითხველის აზრით, ვქმნიდით სანდო, კვალიფიციურ, მიუკერძოებელ, ღირებულებებზე ორიენტირებულ მედიაკონტენტს”, — წერია პუბლიკის ფეისბუქის გვერდზე.

ვებგვერდს, რომელიც მომავალი კვირიდან სატესტო რეჟიმში გაეშვება, ლიბერალის ყოფილი რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო ახალი ამბების რედაქტორი ნათია ამირანაშვილი იქნება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.