fbpx

ევრო 2020 – „ოლდ ტრაფორდზე“ ზეიმი ვერ შედგა…


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩების ოქტომბრის ტურმა ფეხბურთის მოყვარულებს დღევანდელი სანაკრებო ფეხბურთის გაანალიზების ბრწყინვალე შესაძლებლობა მისცა. 

რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ფეხბურთელის სათამაშო განწყობა, საბოლოოდ რომ განაპირობებს კიდეც ამა თუ იმ გუნდის წარმატებასა თუ წარუმატებლობას.

შეკრული – ერთიანი გუნდის საუკეთესო მაგალითი ალბათ უკრაინის ნაკრებია, რომელმაც თითქოს ქვეყნის მთელ მოსახლეობასთან ერთად მიზნად დაისახა ევრო 2020-ის საგზურის კონტინენტის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრების დამარცხებით მოპოვება. 

შემთხვევით ეს სიმბოლური ხომ არ არის? განა ბევრი ელოდა 2004 წელს საბერძნეთის ნაკრების და თუნდაც პორტუგალიის 2016 წელს გაჩემპიონებას?

უკრაინის მსგავსად, ერთსულოვნების და გამტანობის საუკეთესო ნიმუში თურქეთის ნაკრებია, რომელმაც თვით მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს გამოსტაცა გასვლით შეხვედრაში ორი ქულა და ამიტომ შესარჩევ ციკლს საკმაო ალბათობით პირველი ადგილით დაასრულებს. 

უკრაინელები ზეიმობენ ევრო 2020-ის საგზურს

 

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებს „სიკვდილის ჯგუფში“ მოუწია ასპარეზობა, თუმცა ეს უფრო მისი მოწინააღმდეგეების თანაბარი დონით იყო გამოწვეული და არა განსაკუთრებული სიძლიერით.

განსაკუთრებული სიძლიერით კი დღევანდელ ევროპულ ფეხბურთში ვერავის გამოვარჩევთ.

შეიძლება ვინმემ იკითხოს, რატომ ჰოლანდიას არაო? მაგრამ ამაზე პასუხი უმარტივესია. 

გულშემატკივარს მშვენივრად ახსოვს, რომ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფში როგორც იტალია, ისე საფრანგეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა, შემდეგ მეორე შემადგენლობით საკმაოდ ძლიერ და თანაც იმ მატჩში მოტივირებულ რუმინეთსაც მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში ბევრის არაფრის მთქმელ და ცოტა ხანში ესპანეთის ნაკრების მიერ განადგურებულ რუსეთის ნაკრებთან წააგო.

დღევანდელ ჰოლანდიას კი უმაღლესი დონის ფეხბურთის ჩვენების მიუხედავად, სტაბილურობამდე მაინც ბევრი აკლია, რაც როგორც ერთა თასის A კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიასთან, ისე ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში გერმანიასთან მარცხმა დაგვანახვა.

არც ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში წარმოაჩინა მაინცდამაინც დამაჯერებლად თავი ჰოლანდიის ნაკრებმა. ამგვარად, ვხედავთ, რომ ამ გუნდს ტრადიციულად სტაბილურობა აკლდება ხოლმე, რაც უახლოეს წარსულში განუყრელი იყო ზენიტში მყოფი ესპანეთისა თუ საფრანგეთის ნაკრებებისთვის.

მაგრამ ეს გუნდები დღესდღეობით თავიანთი საუკეთესო თამაშისგან შორს არიან. მათ ერთი შეხედვით სტაბილურობას კი მოწინააღმდეგე გუნდები თუ განაპირობებენ. ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ ორი თამაში ფრედ – 1:1 დაასრულა ნორვეგიის და შვედეთის გუნდებთან. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ნორვეგიასთან მან მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუშვა გოლი, ხოლო შვედეთთან კი გაიტანა. 

საფრანგეთი კი ეტყობა, საკმაო პრობლემების წინაშე დგას, რადგან მსოფლიო ჩემპიონი თითქოს ვალდებულიც იყო თურქებთან რევანში აეღო. 

გამოკვეთილად სუსტ ჯგუფში აღმოჩნდა იტალიის ნაკრები, რომელიც შესარჩევ ციკლს მისთვის უჩვეულო – 100%-იანი შედეგით ასრულებს. ეს არამც და არამც არ მეტყველებს „სკუადრა აძურას“ თვალსაჩინო პროგრესზე, რომელიც ბევრი ახალი ფეხბურთელის მიუხედავად, ახლოსაც ვერ მივა მარჩელო ლიპის პერიოდის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან.  

სამაგიეროდ, პროგრესულად გამოიყურება  ტურინის „იუვენტუსი“, რომელიც მაურიციო სარის ხელმძღვანელობით გაცილებით გამბედავ და ხალისიან ფეხბურთს რომ აჩვენებს უკანასკნელ წლებთან შედარებით, „ინტერთან“ გასვლით შეხვედრაში გამოჩნდა.

ნუთუ „ბებერი ქალბატონი“ აწი ნაკლებად პრაგმატულ ფეხბურთს ითამაშებს და განწყობისთვის ზოგჯერ თავზე ხელაღებულიც შეუტევს ხოლმე მოწინააღმდეგეს? ასე მოხდა „რეალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში 2018 წელს, მაგრამ მაშინ „იუვენტუსს“ შინ წაგებული 0:3 უნდა მოებრუნებინა და სხვა გზა არ ჰქონდა…

ახლა კი იტალიის სერია „A“-ს კალენდარულ შეხვედრაში განა მაინცდამაინც აუცილებელი იყო მოგება? როგორც ჩანს, კი, რადგან გარდა იმისა, რომ „ინტერი“ და „იუვენტუსი“ დაუძინებელი მტრები არიან, გამარჯვების შემთხვევაში „იუვენტუსი“ ლიდერად იქცეოდა და მეტოქეს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ჩამოაქვეითებდა, თანაც სანაკრებო პაუზის გამო, სულ მცირე ორი კვირით…

„იუვენტუსი“ უფრო მასპინძელს ჰგავდა, ვიდრე სტუმარს, რადგან მეტოქეს მატჩის პირველი წუთებიდანვე შეუტია. სწრაფი გოლის შემდეგ კი რონალდუმ და მისმა თანაგუნდელებმა მოჩვენებითად უკან დაიხიეს. სამაგიეროდ, „ინტერის“ საპასუხო გოლის შემდეგ, „მასპინძელი“ დაწინაურებამდე კვლავ „იუვენტუსი“ იყო. იგუაინს კი ჯერ კიდევ მოთელვისას ეტყობოდა, რომ გოლს აუცილებლად გაიტანდა…

„ინტერის“ კარში გადამწყვეტი გოლის ავტორი იგუაინი

 

ამგვარად, „ინტერის“ თავკაც ანტონიო კონტეს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ 1:2 მარცხის შემდეგ „იუვენტუსთან“ წაგება ორმაგ თავსატეხად ექცა იმის გათვალისწინებითაც, რომ ის თავის მეტოქე კოლეგა მაურიციო სარისთან შედარებით ორმაგ ხელფასს იღებს. 

ამიტომ „ინტერისთვის“ აუცილებელი იყო ორკვირიანი პაუზის შემდეგ გასვლაზე სამი ქულის მოპოვება „სასუოლოსთან“ შეხვედრაში, რომელიც საკმაო ამბიციურობის მიუხედავად, გასავარდნი ზონის სიახლოვეს იმყოფება. 

„ნერაძურის“ მდგომარეობას ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხიც ართულებდა, რადგან წინა დღეს „იუვენტუსმა“ „ბოლონიასთან“ მოიგო. აქედან გამომდინარე, „სასუოლოსთან“ წარუმატებლობის შემთხვევაში, „ბებერი ქალბატონი“ „ინტერს“ სამი ან ოთხი ქულით გადაუსწრებდა; თანაც, ოთხშაბათს კონტეს და მის ბიჭებს ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდის“ წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით…  

იტალიის ფეხბურთის მესვეურებმა მომენტი ხელიდან არ გაუშვეს და დაპირისპირებისთვის ინტრიგის შემატების მიზნით, იგი დღის ცენტრალურ მატჩად, ანუ ცალკე გამოტანილ განსაკუთრებულ სასეირო სანახაობად აქციეს. 

ანტონიო კონტეს გუნდი 70-ე წუთისთვის 4:1-ს იგებდა და თითქოს სამი ქულა მას გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ უკვე მე-80 წუთისთვის მასპინძლებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. მატჩის მიწურულს კი ბერარდის რომ ეყოჩაღა, „ინტერი“ ნამდვილად დაკარგავდა უმნიშვნელოვანეს ორ ქულას.

საბოლოოდ „ინტერმა“, ავად თუ კარგად, მაინც მოახერხა სამი ქულის მოპოვება, გასული ტურის უმთავრესი ინტრიგა კი პრემიერლიგის ცენტრალურ დაპირისპირებას „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“ შორის უკავშირდებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე მერსისაიდელებმა ჩემპიონატის პირველი რვავე შეხვედრა მოიგეს,  ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი პრემიერლიგაში თამაში ბოლოს 14 სექტემბერს მოიგო “ლესტერის“ წინააღმდეგ… 

ადამ ლალანამ „ოლდ ტრაფორდი“ დაამწუხრა

 

თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „ოლ ტრაფორდზე“ ზეიმს დაესადგურებინა, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სანატრელ გამარჯვებამდე ხუთიოდე წუთი დააკლდა. 

უცნაური კი ისაა, რომ პირველ ტაიმში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ფორვარდ რაშფორდის გოლს სტუმართაგან შეცვლაზე შემოსულმა ადამ ლალანამ უპასუხა, რომელსაც ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენებების გამო, „ლივერპულის“ შემადგენლობაში გოლი უკანასკნელად 2017 წლის 21 მაისს ჰქონდა გატანილი…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.