fbpx

სმარტფონების აკრძალვის შემდეგ სკოლაში ნიშნები საგრძნობლად გაუმჯობესდა


გააზიარე სტატია

 

Ysgol John Bright-ის სკოლაში მოსწავლეებისთვის ტელეფონის გამოყენების სრულად აკრძალვის შემდეგ  რადიკალურად გაუმჯობესებდა მათი ყოფაქცევა და სწავლის დონე.

მასწავლებელთა კოორდინატორის, ანნა ვების სიტყვებით, აკრძალვამ, რომელიც უკვე ერთი წელია მოქმედებს, “უდიდესი ცვლილებები გამოიწვია”. 

სკოლაში მკაცრი წესი დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვრცელდება, მათ შორის შესვენებებსა და ლანჩის დროზეც. სკოლის პერსონალსაც ურჩევენ,  არ გამოიყენონ მობილური ტელეფონები მოსწავლეების თვალწინ. 

ანნა ვების თქმით,  ტელეფონის აკრძალვის შედეგად მოსწავლეები უფრო სოციალურები გახდნენ და კონცენტრაციის გაუმჯობესებულ უნარებს ავლენენ. 

მან ასევე განაცხადა, რომ აკრძალვამ, რომელიც 2018 წელს შემოიღეს, ზაფხულში GCSE-ისა და A დონის ნიშნების ამაღლება გამოიწვია. GCSE-ის დონეზე სკოლამ გასულ წელს 10%-იანი ზრდა აჩვენა – მოსწავლეების ერთმა მეოთხედმა ხუთი A* ან A შეფასება მიიღო.

A სასწავლო დონეზე მოსწავლეების 79%-მა მიიღო A*-დან C ნიშნებამდე (ზღვარი გადალახა), მათგან 62%-მა მინიმუმ ერთი უმაღლესი შეფასება A, ხოლო 11%-მა – სამი A.

“ვერც კი წარმომიდგენია,  რომ ოდესმე შეიძლება ისევ დავუშვათ მოსწავლეებში მობილურის მოხმარება, – განაცხადა ვებმა, – იმის გამო, რომ ბავშვები სკოლაში მოსვლისას თავიანთ ტელეფონებში აღარ არიან ჩაფლული, ისინი კომუნიკაციაში ერთვებიან და ბიბლიოთეკაში მისვლისას ტელეფონის ყურსასმენების ნაცვლად წიგნებს ეძებენ და თანატოლებთან ურთიერთობენ. ისინი ასევე უფრო აქტიურად მონაწილეობენ გაკვეთილის პროცესში, რადგან ყურადღება აღარ ეფანტებათ.”

განაწესის მიხედვით, თუ რომელიმე მოსწავლეს სასკოლო დღის განმავლობაში მობილურ ტელეფონს უპოვიან,  დღის ბოლომდე ჩამოართმევენ. თუ ეს ხშირად მეორდება, სკოლა ბავშვის მშობლებს უკავშირდება და მოსწავლეს ტელეფონი იქამდე არ დაუბრუნდება,  სანამ მშობლები სკოლაში არ მიაკითხავენ. ადმინისტრაცია ამ წესს მკაცრად იცავს.

“ჩვენი თანამშრომლები სკოლის შესასვლელში თვალსაჩინო ადგილას დგანან და აკონტროლებენ, რომ ყველა ბავშვმა გამორთოს ტელეფონი და ჩანთაში შეინახოს,  – ამბობს ანა ვები, – დანარჩენი პერსონალი კორიდორებში იმყოფება და მოსწავლეებს ყურადღებას აქცევს, რომ “მობილურების წესი” ყველამ დაიცვას. სიმართლე გითხრათ, წესი რომ ამოქმედდება, შემდეგ მისი დაცვა არცთუ ისე რთულია. თქვენ აქ ნამდვილად ვერ დაინახავთ მოსწავლეებს მობილური ტელეფონით.

ვფიქრობ, რომ მოსწავლეებიც იზიარებენ სოციალური მედიისგან გარკვეული დროით გათავისუფლების საჭიროებას და რადგან წესები ძალიან ცალსახაა, მას ყველა ემორჩილება. ესაა “შავ-თეთრი წესი”, რომელიც მუდმივად კონტროლდება.”

გამონაკლისი მობილურის წესში დაშვებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის – სკოლის ბოლო სემესტრის დროს მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ტელეფონებით მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში.

მმართველთა თავმჯდომარე კარლა ფორფარმა განაცხადა: “ალბათ შემთხვევითი არაა, რომ წლევანდელ ზაფხულს ტესტებში გამაოგნებელი შედეგები გვქონდა როგორც A, ასევე GCSE დონეებზე. ეს სკოლის სტანდარტების საყოველთაო ზრდას ნიშნავს და არსებობს კვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ იმ სკოლებში, სადაც მობილური ტელეფონები იკრძალება,  სწავლის შედეგები უმჯობესდება, რადგან მოსწავლეები გაკვეთილების პროცესსა და სწავლაში უფრო ჩართულები და კონცენტრირებულები არიან.”

 

https://www.walesonline.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.