24 ოქტომბერი დილიდან
25 ოქტომბერს სასტუმრო “რუმსი თბილისში” გაიმართება შეხვედრა ხელოვან ნინო ჩუბინიშვილთან
ნინო ჩუბინიშვილი თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებს გრაფიკას, ქმნის სკულპტურებს, სცენისა და კოსტიუმების დიზაინს. ჩუბიკას ინსტალაციებს და არტ ობიექტებს მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟული საგამოფენო სივრცე წარადგენს. მისი სამოსი კი მოდისა და ხელოვნების იდეალური სინთეზია. ბოლო პერიოდში დიზაინერმა საკუთარი ხელწერა ახალ სფეროში დაამკვიდრა – ინტერიერის დიზაინი ჩუბიკას ახალი აღმოჩენაა.
შეხვედრაზე ჩუბიკა ისაუბრებს მოდის პროფესიულ თავისებურებებზე საფრანგეთსა და საქართველოში, განვლილ გზაზე, სირთულეებსა და წარმატებაზე. ასევე მოგვიყვება ახალ პროფესიაზე და შემოქმედებით პროცესზე. დასწრება შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის.
წყარო: https://www.facebook.com/
Coldplay-მ ახალი ალბომი დაანონსა.
ორნაწილიანი ალბომი 22 ნოემბერს გამოვა. ბრიტანულმა როკ-ბენდმა ბოლო ალბომი 4 წლის წინ გამოუშვა, ორნაწილიანი ალბომის გამოსვლამდე კი, 21 ოქტომბერს ჯგუფის ფანებს საფოსტო ბარათები დაუგზავნეს, სადაც სიახლის შესახებ ამცნეს.
წყარო: https://www.bbc.com/
ილონ მასკმა SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტქსელის, Starlink-ის საშუალებით Twitter-ზე პირველი ჩანაწერი გამოაქვეყნა
Sending this tweet through space via Starlink satellite 🛰
— Elon Musk (@elonmusk) October 22, 2019
“ამ ტვიტს Starlink-ის თანამგზავრის საშუალებით ვაგზავნი”, – დაწერა მასკმა Twitter-ზე. Starlink თანამგზავრული ქსელია, რომელმაც დედამიწის მოსახლეობისთვის ფართოზოლიანი ინტერნეტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. პროგრამის ფარგლებში SpaceX-მა ორბიტაზე 42 ათასი თანამგზავრი უნდა გაგზავნოს, მათგან 60 კომპანიამ ორბიტაზე მიმდინარე წლის მაისში გაუშვა.
წყარო: https://twitter.com/
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი 25 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გიწვევთ საღამოზე, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ქორეოგრაფს, პინა ბაუშსა და მის შემოქმედებას ეძღვნება.
საღამოზე პინა ბაუშის სათეატრო ხელოვნების შესახებ თეატრმცოდნე თამარ შუკაკიძე ისაუბრებს.
წყარო: https://www.facebook.com/
ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ Biogen ალცჰაიმერის შემანელებელი მედიკამენტი შექმნა და ბაზარზე შემოსასვლელად ემზადება.
როგორც Biogen-ის პრესრელიზშია აღნიშნული, კომპანია ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძვის. პრეპარატს ადუკანუმაბი ჰქვია და შემქმნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
წყარო: https://www.bbc.com/
28 ოქტომბერს ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებას ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ისტორიას გააცნობს.
მუზეუმის ფონდებიდან საექსპოზიციო დარბაზებში გამოტანილ უნიკალურ აფიშებთან, ფოტოებთან თუ ხელნაწერებთან ერთად, გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი პირველად იხილავს The Washington Post-ის საკუთრებაში არსებულ 1989-1992 წლებში საქართველოს პოლიტიკური ვითარების ამსახველ უნიკალურ ფოტო და საარქივო დოკუმენტებს.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
წყარო: https://www.facebook.com/