fbpx

ჩემპიონთა ლიგის კონტურები – ოქტომბრის მონაცემებით


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი ტური რაღაც განსხვავებულით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშნებითაა გამორჩეული. სწორედ ამიტომაა, რომ თითოეულ სათამაშო დღეს ჰყავს თავისი განუმეორებელი გმირები, რომლებიც ზოგჯერ რეკორდებსაც კი ამყარებენ ხოლმე, რომ აღარაფერი ვთქვათ ცენტრალურ მატჩებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპის ნებისმიერი შეხვედრა თანაბარი რანგისაა. 

რეკორდსმენი კი ამჯერად თვით სათამაშო ტური აღმოჩნდა, რადგან ერთ მატჩში გატანილი გოლების საშუალო რიცხვმა 3,38 (!)  შეადგინა. „ზალცბურგის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი ტურნირის აღმოჩენაა. მან გოლის გარეშე არც „ნაპოლისთან“ შეხვედრა დატოვა, ამჯერად დუბლით ისახელა თავი და ბომბარდირთა სიას ექვსი ბურთით ჩაუდგა სათავეში. ჰალანდს ერთი გოლით რობერტ ლევანდოვსკი ჩამორჩება, სერჟ გნაბრიმ და მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა რახიმ სტერლინგმა კი თავი ოთხ-ოთხჯერ გამოიჩინეს.

„ზალცბურგის“ მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორ არ უნდა დავაფასოთ კარლო ანჩელოტის ბიჭების მიერ ნაჩვენები შესანიშნავი ფეხბურთი. „ნაპოლის“ შარშან სულ ცოტა დააკლდა „სიკვდილის“ ჯგუფიდან გასასავლელად, რომელშიც მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მომავალი გამარჯვებული „ლივერპული“ და „პარი სენ ჟერმენი“ გამოდიოდნენ. წლეულს ჯგუფი შედარებით მარტივია, თანაც „ნაპოლიმ“ მეტი გამოცდილება შეიძინა და სავარაუდოდ, მერვედფინალში მას უკვე ვიხილავთ.

„ლივერპულმა“ კი გასვლაზე „გენკის“ განადგურებით ცხადყო, რომ არც სეზონის დასაწყისში, არც შემდგომში, სწორი არაა წინასწარი დასკვნების გამოტანა ევროპული გრანდის მომავალ მიზნებთან დაკავშირებით. 

უფრო კონკრეტულად კი „ლივერპული“ აუცილებლად ყველაფრის მოგებას ეცდება, რასაც კი შეძლებს და ძალების გადანაწილებას ნამდვილად არ დაიწყებს უმნიშვნელოვანეს ტურნირებთან მიმართებაში, რომელთა შორისაც მისთვის სავარაუდოდ ინგლისის სათასო ასპარეზობები არ მოიაზრება.

„ლივერპულის“ მსგავსად, თავისი მეტოქე „პარი სენ ჟერმენმაც“ გაანადგურა. საინტერესოა, რომ ბელგიური „ბრიუგესთვის“ ეს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხია და თანაც სამარცხვინო ანგარიშით – 0:5. 

რა ჭირს მადრიდის „რეალს“, რომელმაც წინა ტურში საერთოდ კინაღამ დათმო შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბრიუგესთან“ და ვერც ახლა გაიბრწყინა „გალათასარაისთან“ გასვლით მატჩში, რომელშიც მინიმალური ანგარიშით გამარჯვებას დასჯერდა? 

თუმცა, მთავარი სამი ქულაა, რომელიც „რეალს“ დიდ სამსახურს გაუწევს ჯგუფიდან გასვლაში, გუნდის საუკეთესო კონდიციაში მოსაყვანად კი ზინედინ ზიდანს ჯერ კიდევ საკმარისი დრო აქვს დარჩენილი. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები მწვრთნელი აშკარად ცდილობს „ძველების“ უკეთ ათამაშებას, რასაც მარსელოს მაგალითით თუკი ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ვერ ახერხებს. 

„პარი სენ ჟერმენთან“ ერთად კი ასპროცენტიანი შედეგის ჩვენებას „მანჩესტერ სიტი“ და „ბაიერნი“ განაგრძობენ. „მანჩესტერ სიტიმ“ იტალიური „ატალანტა“ ანგარიშით 5:1 გაანადგურა და ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, იმდენად უსუსურად წარმოაჩინეს თავი ბერგამოელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე. 

სამაგიეროდ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა „შახტარსა“ და ზაგრების „დინამოს“ შორის, რომელთა განმეორებითი მატჩის შედეგმა შესაძლოა გამოავლინოს „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად C ჯგუფიდან გასული მეორე გუნდის ვინაობა.

მიუნხენის „ბაიერნი“ კი გოლების გატანასთან ერთად, ბევრსაც უშვებს. მიუხედავად იმისა, რომ „რეკორდმაისტერმა“ როგორც „ტოტენჰემთან“, ისე „ოლიმპიაკოსთან“ პირველი გოლი საკუთარ კარში მიიღო, იგი დამაჯერებლად გამოიყურება და ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთსაც კი აჩვენებს.

რობერტ ლევანდოვსკიმ „ოლიმპიაკოსთან“ დუბლი შეასრულა

„ბაიერნის“ შემხედვარე ფეხბურთის მოყვარულს ჰგონია, რომ გერმანულ გრანდს ნებისმიერ წუთს შეუძლია გოლის გატანა, რაც მას განსაკუთრებულ სიძლიერეს ანიჭებს. „ბაიერნის“ ძალა საკუთარ თავზე ხომ ტურნირის შარშანდელმა ფინალისტმაც გამოსცადა.

„ტოტენჰემი“ 2:7 მარცხის შემდეგ გონს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის განვლილ ტურში მოეგო, როდესაც  თავის მხრივ მიწასთან გაასწორა შეუპოვარი „ცრვენა ზვეზდა“. ამ მარცხის მიუხედავად, სერბეთის ჩემპიონს ყველაფერი წინ აქვს, მით უმეტეს, რომ მას შინ მშვენივრად შეუძლია თამაში და შარშან ტურნირის გამარჯვებულ „ლივერპულსაც“ კი მოუგო.

„ბაიერნის“, „პარი სენ ჟერმენის“ და „მანჩესტერ სიტის“ მსგავსი უდანაკარგო სვლა ვეღარ განაგრძო ამსტერდამის „აიაქსმა“, რომელიც შინ 0:1 დამარცხდა ლონდონის „ჩელსისთან“. 

ამბიციური ჰოლანდიური კლუბისთვის ეს ნამდვილად დიდი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ მან არცთუ ისე შორეულ წარსულში კიდევ ერთ ინგლისურ გუნდთან – „ტოტენჰემთანაც“ დათმო საკუთარ მოედანზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. 

დამაჯერებლად გამოიყურებიან მადრიდის „ატლეტიკო“ და ტურინის „იუვენტუსი“, რომლებიც 7-7 ქულით ჯგუფში ლიდერები არიან, თუმცა „ლოკომოტივსაც“ არ სძინავს, რომელმაც საკმაოდ ააღელვა სტადიონზე მისული  „ბებერი ქალბატონის“ გულშემატკივარი. საბოლოოდ, მატჩის გმირად პაულო დიბალა იქცა. მან დუბლი ისე სწრაფად შეასრულა, რომ მაყურებელს თითქოს აფიქრებინა – მის გარდა მოედანზე საერთოდ იმყოფებოდა ვინმე თუ არა…

მატჩის გმირი პაულო დიბალა გოლს თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს

ტურის მთავარი სასეირო ამბები კი F ჯგუფში დატრიალდა, სადაც უნდა გარკვეულიყო – მოიგებდა თუ არა მილანის „ინტერი“ თავის პირველ მატჩს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე. 

სანაკრებო პაუზამდე „ნერაძურიმ“ ორი მეტად არასასიამოვნო მარცხი იგემა – ჯერ ლიგაზე „ბარსელონასთან“, სადაც სულ მცირე, ქულას მაინც იმსახურებდა, შემდეგ კი სერია A-ში, შინ „იუვენტუსთან“. ამ წაგების შედეგად „ინტერმა“ სერია A-ს ლიდერობა „იუვენტუსს“ დაუთმო, რომლის დაბრუნების რეალური შანსი მას უკანასკნელ ტურში შინ „პარმას“ დამარცხებით შეეძლო, თუმცა ბედის ირონიით „ნერაძურიმ“ ეს ვერ შეძლო. 

სამაგიეროდ, ანტონიო კონტეს და მისი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გუნდმა ისეთი მატჩი ჩაატარა, რომ მის საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი ალბათ მატჩის პირველი წუთებიდანვე არავის შეჰპარვია.

უცნაურია, მაგრამ „ინტერის“ მოგების კონტურები მატჩისწინა პრესკონფენეციაზე გამოისახა. რატომღაც დორტმუნდელთა მწვრთნელი ლუსიენ ფავრე უჩვეულო მოკრძალებას ავლენდა მოწინააღმდეგის მიმართ მისი დახასიათებისას, როდესაც ანტონიო კონტეს სიტყვებში რეალობაც მეტი იგრძნობოდა და სამომავლო მიზნებიც. „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა „დორტმუნდთან“ მატჩს ხუმრობით ჯერ ფინალი უწოდა, შემდეგ კი ლაკონურად დასძინა, რომ ნამდვილი ფინალი ჯერ კიდევ შორსაა…

პრესკონფერენციაზე „დორტმუნდის“ მწვრთნელი ლუსიენ ფავრე შიშს ვერ მალავდა

„ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლოს 2010 წელს ითამაშა, როდესაც გადამწყვეტ მატჩში მიუნხენის „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა. მაშინ ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალში, ორრაუნდიან ბრძოლაში, თვით პეპ გვარდიოლას „ბარსელონას“ სძლია, რითაც ფინალში მოსაგებად დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა მიუნხენურ კლუბზე. 

დღევანდელ „ინტერთან“ დაკავშირებით კი ისევე რთულია რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება, როგორც F ჯგუფის ლიდერ „ბარსელონას“ მისამართით, რომელმაც გასვლაზე დიდი გაჭირვებით სძლია პრაღის „სლავიას“.

„ბარსელონასთვის“ საუკეთესო პერიოდებშიც ჩვეული ამბავი იყო დაცვაში შეცდომების სიმრავლე, მაგრამ ბოლო ხანს გახშირებული შემთხვევითი მოგებები ერთხელაც კატალონიურ კლუბს ვეღარ გაუწევს კეთილ სამსახურს. 

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ორი მატჩი ისე მოიგო, რომ სავსებით შესაძლებელი იყო ქულების დაკარგვა, დორტმუნდის „ბორუსია“ კი უბრალოდ ვალდებული იყო, რომ შინ თერთმეტმეტრიანი გამოეყენებინა და დაემარცხებინა მრისხანე მეტოქე… 

თუმცა, „ბარსელონას“ ალბათ სწორედ ის იდუმალი სათამაშო კლასი მფარველობს, რის ხარჯზეც ძლიერს ყოველთვის უმართლებს და ამწუთას კატალონიური კლუბი F ჯგუფის ლიდერია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.