fbpx

რა საკვები უნდა მივიღოთ უჯრედების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

ჩვენი ორგანიზმი ტრილიონობით უჯრედისაგან შედგება. მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. მიუხედავად მათი მიკროსკოპული ზომისა, უჯრედები სიცოცხლის შენარჩუნების და გაგრძელების მთავარი ადგილია. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ დაავადებების წარმოშობის სათავეებიც.

ყველაზე მეტად  უჯრედებს თავისუფალი რადიკალები აზიანებენ. თავისუფალი რადიკალები არასტაბილური ატომებია.

ასეთ ატომებს თავიანთ გარსში ელექტრონი აკლიათ და ამ ელექტრონის შესავსებად ისინი გამუდმებით ეძებენ სხვა ატომებს და მოლეკულებს. ეს პროცესი იწვევს ჟანგვას. უფრო ნათელი რომ იყოს უჯრედებში მიმდინარე ეს პროცესი, წარმოიდგინეთ ვაშლი, რომლის გაჭრის დროსაც მასში შემავალი ნივთიერებები ჟანგბადის მოლეკულასთან რეაქციაში შედიან და იცვლება მისი ფერი, ანუ იჟანგება. 

ჟანგვა აზიანებს  უჯრედის სხვადასხვა ნაწილებს და მათ შორის დნმ-ს, რის შედეგადაც ფერხდება უჯრედის სწორი ფუნქცია. დროთა განმავლობაში ეს იწვევს ადრეულ დაბერებას, ნაოჭებს და დაავადებებს.

ალცჰაიმერი, დემენცია, პარკინსონი, დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, სიმსივნე, კატარაქტა, ავტოიმუნური და გულსისხლძარღვოვანი სისტემების დაავადებები დაკავშირებულია უჯრედების ჟანგვით დაზიანებასთან.

 

საიდან ჩნდება თავისუფალი რადიკალები?

თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში ბუნებრივად მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიური პროცესების ნარჩენია.

მაგრამ გარემო პირობები და ჩვენი ყოველდღიური არჩევანი ასევე იწვევს თავისუფალი რადიკალების მომრავლებას. ორგანიზმში თავისუფალი რადიკალები ჩნდება შემდეგი გზებით:

  • გამონაბოლქვი
  • მძიმე მეტალები
  • სასუქი
  • რადიაცია
  • სიგარეტის ბოლი
  • ალკოჰოლი
  • რაფინირებული და შემწვარი საკვები
  • ქიმიური კოსმეტიკური საშუალებები
  • ხანგრძლივი ინტენსიური ვარჯიში
  • ხანგრძლივი გარუჯვა

ცხადია, ყველაფრის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცა შეგვწევს უნარი შევცვალოთ კვების რეჟიმი, შევამციროთ ან შევწყვიტოთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღება, ქიმიური კოსმეტიკური საშუალებები შევცვალოთ ბუნებრივი სხეულის მოვლის პროდუქტებით და რაც მთავარია მივიღოთ ანტიოქსიდანტები. 

 

რა არის ანტიოქსიდანტები?

თავისუფალ რადიკალებთან საბრძოლველად ბუნებამ შექმნა ანდიოქსიდანტები. მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სიცოცხლის გაგრძელება, რადგან ჟანგვის პროცესი უცაბედად მოუღებდა ორგანიზმს ბოლოს.

თავისუფალი რადიკალები კეთილი სამარიტელებივით გვევლინებიან. ისინი თავის ელექტრონს აძლევენ თავისუფალ რადიკალებს ისე, რომ თვითონ არ ზიანდებიან. 

ასეთ შემთხვევაში თავისუფალი რადიკალი კარგავს რეაქტიულობას, ის აღარ ეძებს სხვა ატომებს და მოლეკულებს. მრავალი სახის ანტიდოქსიდანტი არსებობს, შესაბამისად, მათი ფუნქციებიც განსხვავებულია. ანტიოქსიდანტებია: A, C, E ვიტამინები, თუთია, სელენი, მანგანუმი, სპილენძი, ლაიკოფენი, ლუტეინი, ბეტა-კაროტინი, გლუტათიონი, პოლიფენოლები, ფლავანოიდები, ინდოლები და ა.შ. 

 

რომელი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს?

ჯერ კიდევ 2000 წლის წინათ ამბობდა ჰიპოკრატე, საკვები ჩვენი წამალიაო. საბედნიეროდ, ჩვენი საკვები სხვა სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად სავსეა ანტიოქსიდანტებითაც. ისინი იცავენ ჩვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების და ჟანგვისაგან. თუ ჩვენ მივირთმევთ ანტიოქსიდანტებით სავსე საკვებს, დაავადებების რისკი და ნაოჭები საგრძნობლად იკლებს. 

ყველა სახის ჯანსაღი პროდუქტი შეიცავს გარკვეული რაოდენობის ანტიოქსიდანტებს, მაგრამ აქ ჩამოთვლილ პროდუქტებში მათი რაოდენობა ყველაზე მაღალია. 

 

  • მოცვი შეიცავს ანტოციანებს, რომელთაც ანთების და ჟანგვის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნიათ. ეს ნივთიერებები აბალანსებენ ორგანიზმში ქოლესტერინის და წნევის დონეს. 
  • მარწყვი გარდა იმისა, რომ გემრიელია, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, მანგანუმს, ელაგიტანინებს და ანტოციანიებს. სასურველია შეიძინოთ უსასუქო მარწყვი. 
  • ჟოლო ასევე შეიცავს C ვიტამინს, მანგანუმს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ სიმსივნის და გულის დაავადებების წარმოქმნის რისკს.
  • შავი შოკოლადი ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, მასში უხვად არის პოლიფენოლები და ფლავანოლები. შოკოლადი უნდა იყოს თერმულად დაუმუშავებელი (ნედლი) შაქრის, რძის და სხვა დანამატების გარეშე.
  • წითელი კომბოსტო შეიცავს ანტოციანებს, C, A, და K ვიტამინებს. სასურველია მიირთვათ თერმულად დაუმუშავებელი კომბოსტო, რადგან მოხარშვის დროს იკარგება ანტიოქსიდანტები.
  • ლობიო შეიცავს კაემფეროლს, რომელიც ორგანიზმში ამცირებს ანთებით პროცესებს და ზოგიერთი ტიპის სიმსივნის წარმოქმნის რისკს.
  • წითელ ყურძენში შემავალი ანტიოქსიდანტი – რეზვერატროლი – გამოირჩევა ძლიერი სამკურნალო თვისებებით, ის ასევე გვიცავს ქრონიკული დაავადებებისგან. მიირთვით ახლად დაწურული ყურძნის წვენიც!
  • ისპანახი სასარგებლოა თვალებისთვის. მასში შემავალი ზეაქსანტინი და ლუტეინი დაგიცავთ კატარაქტისა და მაკულარული დეგენერაციისგან.
  • ჭარხალს წითელი ფერი ანტიოქსიდანტ ბეტალენისგან ერგო. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბეტალენმა გამოიწვია კიბოს უჯრედების შემცირება.
  • სტაფილოსფერი ბოსტნეული (ტკბილი კარტოფილი, გოგრა, სტაფილო) სავსეა ბეტა-კაროტინით. ის მხარს უჭერს იმუნური სისტემის ფუნქციას და სასარგებლოა თვალებისთვის.

ანტიოქსიდანტების მისაღებად ჩვენი საკვები ყველაზე სასურველი წყაროა.

რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი საკვების ყოველდღიურად მიღება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ანტიოქსიდანტების რაოდენობა მცირდება თერმული დამუშავების (მოხარშვა, დაორთქვლა, გამოცხობა და ა.შ.) შედეგად. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.