თბილისის 11 კერძო გალერეა და მიმდინარე ექსპოზიციები
თბილისი, ქვეყნის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ნამდვილად განებივრებულია სხვადასხვა სახის სახელოვნებო სივრცეებით. გადავწყვიტეთ თბილისში არსებულ შედარებით მცირე ზომის გალერეებზე მოგითხროთ და ამისთვის მათ დამფუძნებლებს, კურატორებს და წარმომადგენლებს მივმართეთ.
პატარა გალერეა
პატარა გალერეა 2017 წელს გაიხსნა და ამჟამად ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარეობს. მსურველებს გამოფენის დათვალიერება ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ გალერეაში შესვლის გარეშე. როგორც გალერეის ფეიჯზე ვკითხულობთ, კონცეფცია შემდეგია:
“ვინ ვართ ჩვენ?
პატარა გალერეა არის საგამოფენო სივრცე, სადაც ჯერ კიდევ შორი ვარსკვლავები ახლოდან ჩანს, ადგილი, სადაც თამაში და ახალი ფერების აღმოჩენაა შესაძლებელი. მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ჩვეულებრივი მაღაზია გადაიქცა გალერეად, რომელიც იწვევს ხელოვანებს ახალი ფორმების შესაქმნელად, ახალი იდეების განსახორციელებლად და გალერეის სივრცის დასაპყრობად: ექსპერიმენტების, თამაშისა თუ აზრების გამოსახატად,
ყველანაირი შეზღუდვების გარეშე.
რა გვინდა, ვის ვეძებთ:
- გვინდა გავსინჯოთ ხილი, რომელიც აქამდე არ გვიგემია.
- ვეძებთ გულწრფელ თუ პოლიტიკურ, ტკბილ ან უხეშ, მხიარულ ან არატრადიციულ,
სულელურ ან ველურ, არაკომფორტულ ან სასიამოვნო, ყურადღების მაძებარ ან გამბედავ,
ან “ყველაფერი ერთად” ნამუშევრებს და საყვარელ ხალხს.
წესები:
- არანაირი ზეთი – ტილოზე – ტილო – კედელზე
- ცოტათი მეტი, ცოტათი შორს”
გალერეაში სეზონი 14 ნოემბერს გაიხსნება და სწორედ ამ დროიდან შეგეძლებათ ნებისმიერ დროს მისვლა და დათვალიერება.
EA shared space
გალერეა E.A. Shared Space 2019 წლის მაისში გაიხსნა.
გალერეა გაზიარების იდეაზე დგას და სივრცეს უზიარებს როგორც ხელოვანებს, ასევე მოწვეულ კურატორებს. გალერეის პროგრამა საერთაშორისო ხელოვანების ჩვენებაზეა ორიენტირებული, რომელთა შემოქმედება იკვეთება დღევანდელი დღის ლოკალურ პრობლემატიკასთან, დღის წესრიგში წამოჭრილ საკითხებთან და სხვა.
მისი მიზანია, შექმნას საზიარო სივრცე, სადაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ხელოვანები ერთ დონეზე წარმოჩნდებიან და გაირღვევა ზღვარი, რომელიც რატომღაც ქართულ სახელოვნებო სივრცეს ეროვნული ნიშნით გამოყოფდა, როგორც ერთმნიშვნელოვნად ქართულს.
გალერეაში ახალი გამოფენა – “Et la vie aura ete magistrale” 2 ნოემბერს გაიხსნება. გამოფენას კურირებს საფრანგეთში, არლში დაფუძნებული სივრცის, “ექსტრამენტალეს” კურატორი ჯულია მარჩანდი. (http://www.extramentale.com/fr/).
ჯულიამ მოიწვია ხელოვანი ლიზა სინიორინი, რომელიც თავის ბოლოდროინდელ ნახატებს წარმოგვიდგენს. სინიორინის ხელოვნება კიტჩით ხასიათდება. ის იკვლევს ზღვარს სიმახინჯესა და სილამაზეს შორის.
გამოფენის ნახვა პავლე ინგოროყვას 10ა ნომერში შეგეძლებათ ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 12-დან საღამოს 7 საათამდე.
Gallery Nectar
გალერეა “ნექტარი” თანამედროვე ხელოვნების სივრცეა თბილისში, რომელიც 2013 წელს გაიხსნა აღმაშენებლის 16-ში, სილამაზისა და ქორწინების პატარა სალონების გვერდით, მშრალი ხიდის ბაზრობასთან ახლოს. გალერეა მოიცავდა საგამოფენო სივრცესა და მის ქვეშ არსებულ სარდაფს. სარდაფის სივრცე განკუთვნილი იყო ვიდეოჩვენებებისთვის, პერფორმანსული აქტივობებისა და შეხვედრებისთვის.
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის გამო, 2016 წლის მარტიდან გალერეა გადავიდა ახალ მისამართზე, ბოჭორიშვილის ქუჩის 89 ნომერში. ახალი ძველი სივრცისგან რადიკალურად განსხვავდება, წარმოადგენს 40 კვ.მ-ს ხედით მტკვარზე და ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც კარგ ამინდში კავკასიონი ჩანს.
გალერეა მუშაობს დამთვალიერებლებთან წინასწარი შეთანხმებით.
ERTI Gallery
გალერეა “ერთი” 2017 წლის დეკემბერში გაიხსნა ტატო ახალკაციშვილის გამოფენით – “Never sleep upside down”. საგამოფენო სივრცის გახსნას წინ უძღოდა ორწლიანი კვლევა და მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში.
გალერეის მიზანია ქართველი ხელოვანების საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში წარმოჩენა და ხელოვანებისთვის მასშტაბური მულტიმედიური პროექტების შექმნა.
გალერეაში 26 ოქტომბერს გაიხსნა ანდრო სემეიკოს გამოფენა “ცისფერყანწელები”, რომელიც 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დამთვალიერებლებს გამოფენის ნახვა შეუძლიათ პავლე ინგოროყვას 6 ნომერში ყოველდღე, ორშაბათის გარდა,
დილის 12-დან საღამოს 7 საათამდე.
untitled gallery tbilisi
Untitled Gallery 2019 წლის 31 მარტს გაიხსნა ივანე მაჩაბლის 17 ნომერში. სივრცე მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის სახელოვნებო სცენაზე ცვლილებების მოხდენას სოციალურად აქტიური ხელოვნების მხარდაჭერით. გალერეაში იმართება როგორც გამოფენები, ასევე საგანმანათლებლო ან კულტურული ღონისძიებები.
ამჟამად შეგიძლიათ გალერეაში არსებული მუდმივმოქმედი ექსპოზიცია დაათვალიეროთ, რომელიც აერთიანებს სამხრეთ კავკასიელი ხელოვანების ნამუშევრებს. 8 ნოემბერს კი ახალი გამოფენის გახსნა იგეგმება.
გალერეა მუშაობს ყოველდღე, დილის 12-დან საღამოს 7 საათამდე.
Window Project
გალერეა Window Project 2013 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო მისი ახალი სივრცე, რომელიც ერეკლე ტატიშვილის 9 ნომერში მდებარეობს, 2017 წელს გაიხსნა.
გალერეის მიზანია ქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, ახალგაზრდა დამწყები არტისტებისთვის პლატფორმის შექმნა.
ამჟამად window project წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველი შემოქმედების გამოფენას – Crosscurrents, რომლის კურატორებიც ირინა პოპიაშვილი და მარკუს ფეარსი არიან. გამოფენა 16 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის დათვალიერებას შეძლებთ ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 12-დან საღამოს 7 საათამდე.
4710
გალერეა 4710 სულ ერთი თვეა, რაც გაიხსნა ამაღლების ქუჩაზე, 19 ნომერში, ერთ-ერთ პირველ სახლში, რომელიც სოლოლაკში აშენდა.
4710-ის პირველი გამოფენა ქეთა გავაშელის და ანდრია დოლიძის ერთობლივი ნამუშევარი იყო, რომელიც 27 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ნოემბერში იქ ორი გამოფენა იგეგმება.
4710 თანამედროვე ხელოვნების გალერეაა, რომელიც გარდა ტრადიციულისა, ექსპერიმენტული სივრცის ფუნქციასაც შეასრულებს, სადაც ხელოვანებს ექნებათ სივრცეში მუშაობის სრული თავისუფლება. ასევე, ცოტა ხანში გალერეაში ამუშავდება სარეზიდენციო პროგრამაც, სადაც 4710 უცხოელ ხელოვანებს, კურატორებს და ა.შ. უმასპინძლებს.
გალერეა მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 13:00 – 20:00
Project Art Beat
თანამედროვე ხელოვნების გალერეა “ართბითი” 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ფაქტობრივად, ეს იყო პირველი სივრცე, რომელმაც ტრადიციული თანამედროვე ხელოვნების გალერეის მოდელით დაიწყო ფუნქციონირება.
გალერეა 20-მდე დამწყებ და უკვე დამკვიდრებულ არტისტს წარმოადგენს. 2014-2017 წლებში “ართბითი” მუშაობდა, როგორც ექსპერიმენტული სივრცე – საზღვაო კონტეინერი, რომელიც მოგზაურობდა ქვეყნის და თბილისის გარშემო და სივრცეზე მორგებული გამოფენებით აცნობდა დამთვალიერებელს თანამედროვე ხელოვნებას ისეთ პერიფერიებში, სადაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები და გალერეები არ ფუნქციონირებს. ეს პროექტი დღემდე გრძელდება.
“ართბითის” მიზანია ხელი შეუწყოს არტისტებს შემოქმედებით მოგზაურობაში, დაეხმაროს კულტურულ საქმიანობაში – როგორც ადგილობრივ სივრცეში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გალერეებთან და ხელი შეუწყოს საქართველოს მონიშვნას თანამედროვე ხელოვნების მსოფლიო რუკაზე.
გალერეა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სახელოვნებო სცენაზე, თანამშრომლობს წამყვან ინსტიტუციებთან და მუზეუმებთან, ამასთანავე მონაწილეობს სხვადასხვა ხელოვნების ბაზრობებში, როგორიცაა: NADA Miami, Untitled Miami, Art Dubai, Artissima, CI.
ამჟამად საგამოფენო სივრცეში მიმდინარეობს მამუკა ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა – „ნამუშევრები არქივიდან“, რომელიც ერთგვარი მცდელობაა აღწეროს მრავალ მედიუმში მომუშავე ქართველი არტისტის შემოქმედების ეტაპები – 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დღევანდელი დღის ჩათვლით.
გალერეა პავლე ინგოროყვას 14 ნომერში მდებარეობს და მუშაობს სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11-დან 7 საათამდე.
გალერეა საწყობი
გალერეა “საწყობი” ბინის ფორმატში არსებული თანამედროვე ქართული ხელოვნების პლატფორმა და კომერციული გალერეების ალტერნატიული სივრცეა, რომლის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს მხატვრები და ფართო აუდიტორია.
გალერეა 2018 წელს გაიხსნა დამფუძნებლის, ლექსო სოსელიას სახლის ერთ ოთახში. ამჟამად იქ სოფო კობიძის ნამუშევრებია გამოფენილი და მსურველებს კიდევ ორი კვირის განმავლობაში შეეძლებათ ექსპოზიციის დათვალიერება თაბუკაშვილის 35 ნომერში, მესამე სართულზე. ვინაიდან გალერეა სახლშია განთავსებული, ის ნებისმიერ დღეს ღიაა საღამოს 7 საათამდე, რადგანაც სახლში ყოველთვის არის ვიღაც, ვინც მსურველს კარს გაუღებს.
როგორც ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:
“დამთვალიერებელს შეეძლება გაეცნოს თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების დინებებს და შეიძინოს ნამუშევრები, რითაც ხელს შეუწყობს ალტერნატიული სივრცეების განვითარებასა და ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედების გავრცელებას.”
Fotografia
გალერეა “ფოტოგრაფია” დაფუძნდა ორ-ნახევარი წლის წინ ამერიკელი ფოტოგრაფის, რაიან მიქკეროლის მიერ და მიზნად ისახავს ადგილობრივი ფოტოგრაფების მხარდაჭერას.
ეს პირველი ფოტოგალერეაა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია ფოტონამუშევრების გამოფენა-გაყიდვაზე შეზღუდული გამოცემის ამონაბეჭდების სახით. გალერეა თანამშრომლობს 25-მდე პროფესიონალ ფოტოგრაფთან, მათი უმეტესობა ქართველია, უცხოელი ფოტოგრაფები კი ან თბილისში მუშაობენ, ან საქართველოში მოგზაურობისას აკეთებენ ფოტო-პროექტებს.
გალერეის კურატორები არიან ფოტოგრაფი გელა შეყელაძე და ელენე სიდამონიძე.
ნამუშევრები დოკუმენტური, თანამედროვე და კონცეპტუალური მიმართულებით პერმანენტულადაა გამოფენილი და დამთვალიერებელს ელის ყოველდღე, 12:00-დან 20:00 საათამდე, მისამართზე: რევაზ თაბუკაშვილის 21.
გარდა ფოტოამონაბეჭდებისა, გალერეაში ფოტომოყვარულებს შეუძლიათ შეიძინონ წიგნები, ფირები ანალოგური კამერებისა და პოლაროიდისათვის, ისარგებლონ ფოტოლაბორატორიის სერვისით და მიირთვან არტიზანული სასმელები ყავის კუთხეში – Minimalist.
MAUDI
“მაუდი” თანამედროვე ხელოვნების მულტიფუნქციური სივრცეა, რომლის მთავარი ფუნქციაც გამოფენებისა და სხვა სახალხო ღონისძიებების მოწყობა, სახელოვნებო პლატფორმის შექმნა და ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირების გაჩენაა.
სივრცე 2019 წლის 14 მარტს გაიხსნა გამოფენით “პერსპექტივის სამჯერადი დახრა”, რომელიც 3 მზარდი არტისტის – სალომე დუმბაძის, ქეუ მეფარიშვილის, საშა ზალივაკოს და კურატორის, ნინო საკანდელიძის კოლაბორაციას წარმოადგენდა.
სივრცე გამოფენების გარდა მასპინძლობს კინოჩვენებებს, მუსიკალურ საღამოებს და სპექტაკლს. “მაუდი” მდებარეობს წერეთლის 140 ნომერში, ხოლო სამუშაო საათები და დღეები დამოკიდებულია კონკრეტულ ღონისძიებაზე.