fbpx

სოლოლაკის ერთ კერძო ბინაში არქიტექტურისა და დიზაინის გამოფენა – “პროცესი” – მიმდინარეობს


გააზიარე სტატია

 

არქიტექტურა და დიზაინი, როგორც მუდმივად ცვლადი დისციპლინები, სადაც პროცესი არასოდეს სრულდება – იდეის დაბადებიდან პროექტის დასრულებამდე და მის შემდეგაც,  იმ გამოფენის თემად იქცა, რომელსაც არქიტექტურული სტუდია idaaf Architects დაინტერესებულ პირებს დროებით საგამოფენო სივრცედ ქცეულ კერძო ბინაში სთავაზობს. 

 

პაოლო იაშვილის 20 ნომერში, ტრადიციულ, ძველ თბილისურ სახლში მდებარე ბინა თავისთავად იმ პროცესის მონაწილეა, რომელსაც  არქიტექტორები და დიზაინერები ძველი ბინების რენოვაციისას მართავენ. 3-ოთახიანი ბინა ავთენტური დეტალების შენარჩუნებით და უახლესი  დიზაინის ელემენტებით თანამედროვე საცხოვრებელ სივრცედ უნდა გადაკეთდეს, რომლის ძირითადი მისიაც თბილისის უცხოელი სტუმრების გამასპინძლება იქნება, მანამდე კი, 3 კვირის განმავლობაში, არქიტექტურული სახელოსნო აქ ექსკლუზიურად მათ მიერ დამზადებულ  ავეჯს, სხვადასხვა კონკურსისთვის შექმნილი შენობების მაკეტებს და მომავლისთვის მნიშვნელოვან პროექტებს წარადგენს. 

 

რას ნახავთ სამოთახიან ბინაში გამოფენის განმავლობაში? 

მთავარი ნამუშევარი, რასაც ამ გამოფენაზე მისული ადამიანი ნახავს, თავად ბინაა, სადაც არქიტექტორებმა და დიზაინერებმა შეინარჩუნეს კედლების პირველადი ფენა, ძველი დარაბები, ჭერის დეკორი და კედლებში გაკეთებული სათავსოები. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო ძველი შენობების მფლობელებისთვის, როგორ შეიძლება ის ისე განაახლონ, რომ არ დაიკარგოს ძველი ხიბლი და თან თანამედროვე, მოხერხებული საცხოვრებელი სივრცის სახე მიიღოს. 

აქვეა ასაწყობი ავეჯი ელემენტი, რომელიც სტუდიაში არქიტექტორ გიორგი ჩახავას ინპირაციით შეიქმნა. ხის და ნატურალური ქვისგან შექმნილი მინიმალისტური ფორმების ელემენტები ერთმანეთთან ყველანაირი მაკავშირებელის (ლურსმანი, წებო და სხვ.) ერთიანდება და სხვადასხვა ფუქნციის ავეჯს ქმნის: სკამებს, მაგიდებს, მერხებს და ტუმბოებს. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც სახლებში, ასევე ეზოებში და საექსპოზიციო ფუნქციის მქონე ნაგებობებში. ადვილია დასაშლელად და ტრანსპორტირებისთვის. 

ასაწყობი ავეჯის გარდა გამოფენაზე წარმოდგენილია კიდევ ერთი ავთენტური დიზაინის მქონე ნივთი – წვეთის ფორმის ფეხების მქონე მცირე ზომის მაგიდა, რომელიც ასევე idaaf architects-ში შეიქმნა. მასიური ხის პრაქტიკული დანიშნულების ეს ნივთი ერთნაირი წარმატებით შეიძლება მოერგოს ნებისმიერი ფუნქციის ოთახს. 

ყველაზე საინტერესო ამ ექსპოზიციაში ორი აგურის ნიმუშია, რომელიც სტუდიის სამომავლო პროექტის ვიზუალური მაკეტია. რთული გეომეტრიული ფორმების მქონე აგურის საშუალებით idaaf-ის არქიტექტორები ფიქრობენ შეძლებენ ააგონ ეკონომიური, ეკოლოგიური, გარემო პირობების მიმართ მედეგი და სწრაფად ასაშენებელი საცხოვრებლები. 

ამ ეტაპზე სტუდიამ მიაგნო ფორმას, რომელიც საშუალებას იძლევა ნაგებობები ლეგოს პრინციპით, მარტივად და სწრაფად აშენდეს. იმისათვის, რომ იდეა რეალობად იქცეს და ამ ტიპის აგურის ჯერ წარმოება, შემდეგ კი მშენებლობაში გამოყენება მოხდეს, არქიტექტორებს დიდი გზა აქვთ გასავლელი, მათ უნდა შეიმუშავონ ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით (მაგალითად სოკო და ლუფა, მცენარეული ღრუბელი) აგურის წარმოების ფორმულა. 

თუკი ეს ესქპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება, გვექნება ქართული თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი სამშენებლო მასალა.

ამ ტიპის ტექნოლოგიებზე მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უფრო და უფრო ინტენსიურად მუშაობენ, გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფად ზრდადი სამშენებლო ინდუსტრია გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ ძლიერ წყაროს წარმოადგენს, ეკონომიურ და მდგრად მასალებზე მოთხოვნა კი მზარდია. 

 

რატომ არის “პროცესი” საინტერესო გამოფენა? 

ერთი არქიტექტურული სტუდიის კერძო ბინაში გამართული რამდენიმე კვირიანი გამოფენა საინტერესოა არა მხოლოდ არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორც ფორმა ანგარიშვალდებულებისა, რომელიმე კრეატიულმა ორგანიზაციამ თავისი ნამუშვრები გააცნოს საზოგადოებას, ესაუბროს მის მიდგომებზე, ხედვებზე, გამოწვევებსა და მიგნებზე, გახადოს ერთი რომელიმე სფერო უფრო საზოგადო და განხილვადი, დასვას კითხვები და აჩვენოს პროცესი, რასაც ეს სფერო მოცემული დროის მონაკვეთში გადის. ასეთი მიდგომა დღეს ბევრს სფეროს, და მათ შორის არქიტექტურასაც პრინციპულად ჭირდება. 

idaaf-ის არქიტექტორებს სჯერათ, რომ არქიტექტურას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს უკეთესი გარემოს ჩამოყალიბებაში და ადამიანებისთვის ახალი, ღირსეული სივრცეების შექმნაში, ამისთვის კი ალბათ სწორედ სხვა ადამიანებთან დიალოგი, პერიოდულად საკუთარი ნამუშევრების განსახილველად გამოტანა  და პროცესის ანალიზია საჭირო. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.