fbpx

“მსუქანი მაგიდის” ირგვლივ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში


გააზიარე სტატია

 

სივრცეში სამგანზომილებიან, სხვადასხვა მასალით დამზადებულ მხატვრულ ფორმებთან შეხვედრისას ისინი ჩვენი ყოველდღიურობის თანამონაწილეებად გვევლინებიან, ურთიერთობის გამოცდილებას გვთავაზობენ და საკუთარ მნიშვნელობაზე აკეთებენ განაცხადს.

ქანდაკება მისი ნებისმიერი გამოვლინებით სივრცესთან ურთიერთობის მაგალითია, წარმატებულ შემთხვევაში სივრცის ბუნებასა და სამყაროში ჩვენს ადგილზე დაგვაფიქრებს, ისევე როგორც მატერიის ბუნებასა თუ კოსმოსის სტრუქტურაზე.

სივრცე, რომელშიც სხვადასხვა თაობის ქართველ ხელოვანთა სამგანზომილებიანი ნამუშევრები უნდა გვეჩვენებინა კურატორებისთვის (ხათუნა ხაბულიანი, ელიჩკა ნადარეიშვილი)  ნამდვილი გამოწვევა იყო – ძალიან რთული, სტილისტური დეტალებითა და ისტორიული ინფორმაციით დატვირთულ დარბაზს, რომელიც თავისი პარამეტრებით არ არის გამოფენებისათვის კომფორტული გარემო, თუმცა  კულტურული მნიშვნელოვნებით განსაკუთრებული ღირებულების მქონეა, თავისუფლად შეიძლებოდა ნამუშევრები „შთაენთქა“. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და რამდენიმე აქცენტი-ნამუშევრის შესაბამისმა გადანაწილებამ ექსპოზიციაც „იხსნა“ და დამთვალიერებელს თანამონაწილეობის შესაძლებლობა მისცა.

 

მიხეილ სვანიძის „მსუქანი მაგიდა“ – გიგანტური ზომის ორივე მხარეს ამობურცული  ოვალი, რომელზეც ჭერიდან თოკებით დაშვებული მარკერები ეშვებოდა, დამთვალიერებელს სთავაზობდა მოეხატა ან მასზე დაეწერა რისი სურვილიც ექნებოდა. ეს ფორმა თავისთავად იზიდავდა ყველა შემომსვლელს და ემოციურ განწყობასაც უქმნიდა ერეკლე გეწაძის ხმოვანი ინსტალაციის თანამონაწილეობით. „მსუქანი მაგიდის“ გარდა გამოფენაზე ნაჩვენები იყო მიხეილ სვანიძის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი რამდენიმე შერეული ტექნიკით შესრულებული ქანდაკება.

 

ექსპოზიციის მეორე მასშტაბური აქცენტი – „კენტავრი“ იყო, რომლის ავტორი ახალგაზრდა მოქანდაკე დაჩი წერეთელია და რომელმაც კლასიკური ქანდაკების დესტრუქციის ვერსია შექმნა – ფორმის მოდელირების აკადემიური ტრადიცია და კომპოზიციის კონსტრუქტივისტული აგება შეახვედრა ერთმანეთს. 

 

რუსუდან გაჩეჩილაძის „არქივი“ ინსტალაციის  სახით წარმოადგენდა ამ განსაკუთრებით დასაფასებელი პორტრეტისტის სახელოსნოს სიტუაციას.  ეს პორტრეტები თაროებზე ინახება და სამწუხაროდ, ჯერჯერობით  მათი ადგილი ვერ მოიძებნა რომელიმე მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში.

 

ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილის რამდენიმე აბსტრაქტული კომპოზიცია ხის, მეტალის კავშირებით არის აგებული და გეომეტრიულად გააზრებული ახალი ფორმების აღმოჩენას გვთავაზობს. 

 

თენგიზ სეფიაშვილი, იგივე სეფო, ექსპოზიციაზე მისი სახასიათო სტილის ნამუშევრით  – „დედაბოძით“ – იყო წარმოდგენილი, სადაც კონსტრუქტივისტული დეტალები სიურრეალისტურ მოტივებს ერწყმის.

 

თამარ თოიძის სერია სხეულის უტრირებული ფორმებით და მათში კონტრასტულად ჩასმული ხაზოვან-კუთხოვანი თემის დაპირისპირებით აგებულ ინსტალაციას აჩვენებდა. 

ეკოლოგიურ თემას ნატალია ლაშხის ინსტალაცია ავითარებდა – ბაქტერიოფაგის სტრუქტურის სკულპტურა მასში მოქცეული ცოცხალი მცენარითა და ფერწერული პორტრეტით მწვანე მოტივებზე. 

 

ზურაბ გომელურმა, რომელიც სხვადასხვა პროექტებიდან რკინის ხაზოვანი ქანდაკებებით  გაიცნო საზოგადოებამ, ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მისი სადიპლომო ნაშრომი „ადამი და ევა“ წარმოადგინა, ე.წ. გამჭვირვალე ფორმა, რომელიც მუდმივად იცვლება კონტექსტის ცვლასთან ერთად.

 

გამოფენაზე მონაწილე ფერმწერმა მერაბ სურვილაძემ ასევე თავისი სახასიათო ჩრდილებიანი სერიის სამი ნამუშევარი წარმოადგინა – ტილოს ზედაპირიდან ამოზრდილი ანონიმური კაცუნების ქაოსური ტალღები, რომლებიც ტილოზე ცვალებად სურათებს ქმნიან სინათლის დაცემის კუთხიდან გამომდინარე.

 

მანუჩარ ოქროსცვარიძის „ციტატა”  იყო ქანდაკება-ობიექტი მინიშნებით ისტორიულ ხელოვნებაზე და ზოგადად იმპროვიზაციის საზღვრებზე, ნამუშევარს ჰქონდა სიმეტრიულად დადგმული სიმბოლური “ექო”, პლასტიკური ფორმით აღბეჭდილი “ანარეკლი“.

 

ბექა ტაბაღუას სამი ნამუშევარი თიხის შესაძლებლობების კვლევას ეყრდნობოდა და ამ კვლევის შედეგებით აჩვენებდა განსხვავებულ ფორმებსა და ფაქტურულ ზედაპირებს. მასალების შესაძლებლობის ძიებების განსხვავებული შედეგები იყო ნაჩვენები მიხეილ ჭანტურიას, გულოვან ხორავასა და თორნიკე გაბედავას კომპოზიციებში.

 

ფორმისა და სივრცის ურთიერთობების თემების გარდა გამოფენის მიზანი ამ სფეროსადმი ყურადღების მიქცევაც იყო – ქანდაკება, რომელიც არის ვიზუალური ხელოვნების ურთულესი სფერო და საჭიროებს პირობებს, ყურადღებას განვითარებისათვის, განსაკუთრებით კი მოქმედი სხვადასხვა თაობის ხელოვანების პირობებში, ამ თვალსაზრისით ნამდვილად დასაფასებელია ეროვნული ბიბლიოთეკისა და  GERA-ს, – საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის მხარდაჭერა. მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდა ძალიან გამოადგებოდა კონკრეტულად ამ სფეროსაც და ზოგადად,  კულტურის მიმდინარე პროცესებსაც. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.