fbpx

ქართული სლენგის ვიზუალიზაციები – ილუსტრატორ მარიამ ბარდაძისგან


გააზიარე სტატია



„ვკიდივარ!“ – ვამბობთ ხოლმე, როცა არაფრად გვაგდებენ, ჩვენს რეალობაში ჭკუის დარიგების ისეთი ფორმაც არაა უცხო, როგორიცაა: „შებერტყილი უნდა იყო!“, თუ ვინმეზე ვბრაზობთ და მთლად საგინებლადაც არ გვემეტება: „შენი შუბა დავხიე“ მიმართვის ყველაზე უწყინარი ფორმაა. 

ჩვენი ყოველდღიური ლექსიკა ძალიან მდიდარია ისეთი გამონათქვამებით, სლენგური ტერმინებითა თუ ფრაზებით, რომელთა მთავარი ფუნქცია კონკრეტული ემოციების ვერბალურად გამოხატვაა. 

26 წლის გრაფიკოსი და ილუსტრატორი მარიამ ბარდაძე კი მათ ვიზუალიზაციას ახდენს მახვილების გადანაცვლებით, ცვლის შინაარსობრივ და ემოციურ აქცენტებს, საზოგადოებაში ირონიისა და თვითირონიის საყოველთაო დეფიციტის ფონზე ქმნის სამყაროს, სადაც იუმორით სავსე რეალობა და ფანტასტიკა თანაარსებობს.

ნახატებისა და ტექსტის გაერთიანება 2013 წელს დაიწყო, როცა ოჯახურ ალბომში მამის ჯარიდან გამოგზავნილი ფოტოს უკანა მხარეს იპოვა წარწერა: „კარგად გვაჭმევენ. მამა მომიკითხეთ, არ ინერვიულოთ!“. ფოტო გადახატა და ტექსტი ნახატზე გადმოიტანა. ავტორის თქმით, სწორედ მაშინ გაუჩნდა სლენგის, ანდაზებისა და გამონათქვამების ვიზუალიზაციის იდეა.

„ნამუშევრების შინაარს და თემას წინასწარ არ ვგეგმავ. განწყობა მკარნახობს. შესაბამისად, პირადულია და ამ ფორმით გადმოვცემ ჩემს სათქმელს. ზოგჯერ ეს თავდაცვის საშუალებაა, ზოგჯერ პროტესტია. დამთვალიერებელს კი აზროვნებისა და იდეის ინდივიდუალურად ამოკითხვის საშუალებას ვაძლევ. როცა ხვდებიან, უხარიათ და უფრო ეცინებათ. თუმცა, ვცდილობ იმის თავისუფლებაც მივცე, რომ ყველამ ინდივიდუალური დატვირთვა მისცეს და თავისებურად აღიქვას“, – ამბობს მარიამი. 

მხატვარი ერთი ნახატის შექმნის ისტორიასაც იხსენებს.  ფეისბუქში მეგობართან ერთად ატვირთულ ფოტოზე ასეთი კომენტარი იპოვა: „ბედნიერები ყოფილი ყავით“. არასწორად გამოყენებულმა დეფისმა  გააჩინა ახალი ნახატის იდეა, რომელსაც დაარქვა: „ცოტა ხანს კიდევ ყოფილი ყავით“. 

მარიამის აზრით, იუმორი ხელოვნებაშიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურ ცხოვრებაში. „ხელოვნება წარმავალია, მაგრამ როდესაც იცი, რომ წარმავალია და მაინც ბევრს ცდილობ, ეს ჩემთვის უკვე სასაცილოა, თუმცა მაინც არ უნდა გაჩერდე და ბოლომდე გააგრძელო. იუმორი მოკვდაობას უფრო გაგრძნობინებს“, – ამბობს მხატვარი. 

მარიამ ბარდაძეს გამონათქვამების, ანდაზების და სლენგური ტერმინების თემაზე 130-მდე ნამუშევარი აქვს. თანამშრომლობს რამდენიმე გალერეასთან და ნახატების კომერციალიზაციას ღია ბარათების სახით  ახდენს.

მხატვრის ნამუშევრების ინსტაგრამ ანგარიში

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.