fbpx

ტოპ ჩემპიონატების წამყვანი კლუბები და ტენდენციები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

ევროპის წლევანდელი წამყვანი ჩემპიონატების მესამედი გავლილია და უკვე გამოიკვეთა ის გარკვეული ტენდენციები, რომლებითაც შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც თვით ტურნირები, ისე მათში მონაწილე ტოპ კლუბები.

ერთი რამ აშკარაა, რომ ჩემპიონატები უფრო საინტერესო გახდა, რადგან თუკი უკანასკნელი წლების მანძილზე მომავალი ტრიუმფატორის ვინაობა ხშირად ლამის ჩემპიონატის დაწყებამდეც კი განსაზღვრული იყო, ახლა ასეთი მდგომარეობა მხოლოდ საფრანგეთის ლიგა 1-შია, სადაც „პარი სენ-ჟერმენს“ მოჩვენებითი კონკურენტიც კი არ ჰყავს, რადგან „ლიონის“, „მარსელისა“, თუ „სენტ-ეტიენის“ პოზიციებზე, ამჟამად „ნანტს“, „რეიმსს“ და მათთან შედარებით ძლიერ „ლილს“ ვხედავთ, რომელთა მიზანიც ქვეყნის ჩემპიონობა ნამდვილად არაა. 

„პარი სენ-ჟერმენი“ შარშანდლისგან განსხვავებით, წლეულს თავს უცნაური წაგებების უფლებასაც აძლევს. ბოლო ტურში ის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „დიჟონმა“ 2:1 დაამარცხა.

ცხრილის ზედა საფეხურებზე იმყოფებიან ასევე „ბრესტი“ და „ანჟე“, რაც ერთი მხრივ, ლიგის გათანაბრებაზე, ხოლო მეორე მხრივ კი მის დასუსტებაზე მეტყველებს; თუმცა, სულ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკვე მომავალ სეზონში ამ კლუბების რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ზემოთ ხსენებულ სახელოვან გუნდებში, ხოლო რომელიმე მათგანი კი მეორე დივიზიონში გავარდნილი ვიხილოთ. 

საფრანგეთის ლიგა 1-ის „გამოსწორებას“ „პარი სენ-ჟერმენის“ დასუსტება თუ გამოიწვევს, მაგრამ დღესდღეობით ეს წარმოუდგენელია, რადგან თუკი მოარული ხმები გამართლდება და კლუბი კილიან მბაპეს 300 მილიონ ევროდ მიჰყიდის მადრიდის „რეალს“ ან ტურინის „იუვენტუსს“, ადვილი წარმოსადგენია, რომ მის ნაცვლად რამდენიმე ტოპ ფეხბურთელს შეიძენს… 

„პარი სენ-ჟერმენი“ ჯერჯერობით თავს მშვიდად გრძნობს, მადრიდის „რეალი“ კი რონალდუს წასვლის შემდეგ კვლავაც ძიებაშია და თუკი მბაპეს გადაბირებას ვერ მოახერხებს, ისეთ ახალბედებზე მოუწევს ორიენტირება, როგორიც ბრაზილიელი როდრიგოა, რომელსაც თავისი ქვეყნის არცერთი ასაკობრივი ნაკრები არ გამოუტოვებია, ხოლო „სამეფო კლუბში“ ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში კი უკვე 2 გოლი აქვს გატანილი. 

ამ ზაფხულს ბრაზილიური „სანტოსიდან“ 45 მილიონ ევროდ შეძენილმა 18 წლის ფეხბურთელმა „რეალის“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი „ოსასუნასთან“ მატჩში 71-ე წუთზე შესვლიდან 1 წუთში გაიტანა! იმ შეხვედრაში მან დიდი იმედების მომცემი, მაგრამ ამ ბოლო ხანს „გაყინული“ თანამემამულე – ვინისიუს ჟუნიორი შეცვალა. 

მაგრამ უკანასკნელ ტურში „ბეტისის“ წინააღმდეგ უკვე ვინისიუსმა შეცვალა როდრიგო, „რეალმა“ შინ ვერ დაამარცხა „ბეტისი“ და აქედან გამომდინარე ვერ შეძლო სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევა. ასეთი შანსი კი „სამეფო კლუბს“ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც „ბარსელონა“ მოულოდნელად „ლევანტესთან“ გასვლაზე 1:3 დამარცხდა.

როდრიგოს და ვინისიუსის როლს „ბარსელონაში“ ანსუ ფატი ასრულებს. 17 წლის ფეხბურთელი დღესდღეობით გრიზმანს ეცილება ძირითად შემადგენლობაში ადგილს და სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მან მიზანს მიაღწიოს.

 

მესიმ „ლევანტეს“ წინააღმდეგ მატჩში ანგარიში გახსნა, მაგრამ  ამის შემდეგ „ბარსელონამ“ სამი გოლი გაუშვა

 

უდიდესი მნიშვნელობა ექნება, თუ 18 დეკემბერს დანიშნულ „ელ კლასიკოში“  როგორ გამოიჩენენ თავს როგორც „ბარსელონას“, ისე „რეალის“ მრავალრიცხოვანი შემტევები. ზოგიერთ მათგანს სავარაუდოდ უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში მოუწევს ამ კლუბების დატოვება. 

გამოცდა მეტად მკაცრი იქნება და ყურადღებას არავინ მიაქცევს ამა თუ იმ ფეხბურთელის მიერ აქამდე მოპოვებულ ტიტულებს, რადგან მხოლოდ ესპანეთის თასის მოგებით წლეულს ვერც „რეალი“, ვერც „ბარსელონა“ დაკმაყოფილდება. მეტიც, ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა აუცილებლად ჩრდილში მოაქცევს რომელიმე მათგანის მიერ ლა ლიგის მოგებასაც კი.

„ლივერპული“ კი უკვე ვეღარ გარკვეულა, თუ რა ტურნირზე როგორ მოიქცეს და რა შემადგენლობით იასპარეზოს. EFL Cup-ის მერვედფინალური ეტაპი მერსისაიდელთა სათადარიგო მოათამაშეებმა უჩვეულოდ დაsძლიეს „არსენალთან“ შეხვედრაში. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 5:5 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანები კი იურგენ კლოპის ბიჭებმა უნაკლოდ შეასრულეს.

ისმის კითხვა, რამდენად სჭირდებოდა „ლივერპულს“ 17 დეკემბერს თასის მეოთხედფინალური შეხვედრა ბირმინგემში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ, როდესაც იმავდროულად მას დოჰაში კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა უწევს, სადაც მერსისაიდელთა შესაძლო მეტოქე ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტი“ ან რიო-დე-ჟანეიროს „ფლამენგო“ შეიძლება იყოს. 

„ფლამენგო“ კი ის გუნდია, რომელმაც 1981 წელს, ისევე როგორც თბილისის „დინამომ“ 1979-ში, ანგარიშით 3:0 დაამარცხა „ლივერპული“ მაშინდელი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში…

მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი გამარჯვებული და ამ ტიტულის ექვსგზის მფლობელია, მსოფლიოს უძლიერესი კლუბი ის არასოდეს ყოფილა, რადგან ან მარცხდებოდა სამხრეთ ამერიკულ გუნდებთან ფინალურ შეხვედრებში, ან ისევე არ ცხადდებოდა მათ წინააღმდეგ სათამაშოდ, როგორც ეს 1981 წელს თბილისის „დინამოს“ შემთხვევაში მოხდა, ევროპის სუპერთასზე. 

საინტერესოა, რა მნიშვნელობას ანიჭებს მერსისაიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელ ტურნირს იმის გათვალისწინებით, რომ „ლივერპულის“ პრემიერლიგურ და ჩემპიონთა ლიგის რბოლას, მეორე შემადგენლობამ ზემოთ ხსენებული EFL Cup-ის ასპარეზობაც დაუმატა. როგორი სტრატეგია უნდა შეარჩიოს მწვრთნელმა, როდესაც უკვე Boxing Day ახლოვდება და ინგლისის ასოციაციის თასის ტურნირიც, საიდანაც გამოვარდნა უკვე ვალდებულებადაც უნდა იქცეს გუნდისთვის?

ტურნირების თარიღების დამთხვევის გამო მატჩების გადატანის შედეგად „ლივერპულს“ ზოგჯერ კვირაში ოთხი მატჩის ჩატარებამ შეიძლება მოუწიოს. ნოემბრის დასაწყისიდან 11 იანვრამდე გუნდმა 19 მატჩი უნდა გამართოს. თანაც, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი 10 დეკემბერს მთავრდება, ხოლო პრემიერლიგის პაუზა კი 8 დღეს გრძელდება – 3-დან 11 იანვრამდე.

 

იურგენ კლოპს ევროპის ტოპ გუნდების მწვრთნელთაგან ყველაზე დატვირთული გრაფიკი აქვს

 

EFL Cup-ზე ასპარეზობას „მანჩესტერ სიტიც“ განაგრძობს, მაგრამ მისი მეტოქე მეოთხედფინალში „ასტონ ვილასგან“ განსხვავებით პირველი ლიგის წარმომადგენელი „ოქსფორდია“, თანაც პეპ გვარდიოლას ბიჭებს მოსაპოვებელი აქვთ კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება…

იგივე ტურინის „იუვენტუსს“ და მიუნხენის „ბაიერნსაც“ ეხება. თუკი ეს ორი კლუბი წლების განმავლობაში ლამის ჩემპიონატის დაწყებამდე თავთავიანთი პირველობების გამარჯვებული ხდებოდა, წლეულს მდგომარეობა შეიცვალა და მათ ორ ფრონტზე სავარაუდოდ კარგა ხანს მოუწევთ ბრძოლა.

შარშან „იუვენტუსი“ გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩამორჩებოდა „ნაპოლის“, მაგრამ შუა ჩემპიონატში ჯერ გადაასწრო მეტოქეს, შემდეგ კი მალევე საგრძნობლად ჩამოტოვა ის სატურნირო ცხრილში. 

„ნაპოლი“ წლეულსაც ბრძოლისუნარიანი გუნდია, მაგრამ „იუვენტუსს“ მთავარი კონკურენტი „ინტერის“ სახით გამოუჩნდა. „ნერაძურის“ ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ხომ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი სპეციალისტია. 

„ბაიერნის“ გეგმები კი ერთი შეხედვით პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის მოგებას უკავშირდება, რადგან ბუნდესლიგის ჩემპიონობას დაჩვეული გუნდი საერთოდ ვეღარ ახერხებს კონცენტრირებას გერმანიის ჩემპიონატის მატჩებზე, სადაც უკანასკნელ ტურში „აინტრახტმა“ 5:1 გაანადგურა. აპატიებენ მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს ამ წაგებას? პოსტის შესანარჩუნებლად მას შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში შინ „ოლიმპიაკოსის“ განადგურება დაეხმაროს…

 „აინტრახტთან“ მატჩის შემდეგ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი

 

ჩემპიონთა ლიგაზე „რეკორდმაისტერი“ ჯერჯერობით დაუმარცხებელია და ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. „ტოტენჰემთან“ მოგების და „აინტრახტთან“ წაგების შედარებით მიღებული ბურთების სხვაობა კი მის სასარგებლოდაა. 

მაგრამ ეს სხვაობა იმდენად მცირეა, რამდენადაც მწვრთნელისადმი კლუბის დირექტორატისგან გამოცხადებული ნდობა. არსებული მდგომარეობა კი ხანგრძლივ კარიერას ნამდვილად ვერ უმზადებს ახალგაზრდა ხორვატ სპეციალისტს მიუნხენის „ბაიერნში“…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.