fbpx

ცნობილი ადამიანების ცრურწმენები ელენ ვაინშტაინის ილუსტრირებული კრებულიდან


გააზიარე სტატია


ხეზე სამჯერ დაკაკუნება, მარილის თავზე დაყრა, თილისმის ტარება – ეს მხოლოდ ნაწილია ცრურწმენებით ნაკარნახევი იმ რიტუალებისა თუ ქცევებისა, რომლებსაც ხშირად ვაწყდებით რეალობაში. გავრცელებული წარმოდგენების შესაბამისად, ითვლება, რომ ამ ფორმით თავიდან ავიცილებთ უსიამოვნებებს, რამე ნივთის ტარება კი წარმატებას მოგვიტანს და ბოროტებისგან დაგვიცავს. 

„ეს ადამიანური ყოფის ნაწილია,  სურვილია აკონტროლო ის ცხოვრებისეული პროცესები, რომლებიც ჩვენზე ნაკლებადაა დამოკიდებული“, – ამბობს მწერალი და ილუსტრატორი ელენ ვაინშტაინი.

ელენ ვაინშტაინმა, რომელიც დიდი ხანია მსგავსი ტიპის რიტუალებით ინტერესდება, გამოსცა ილუსტრირებული კრებული „იღბლის რეცეპტები“, რომელშიც 65 ცნობილი მხატვრის, დიზაინერის, მუსიკოსის, მეცნიერის, სპორტსმენისა და სხვა სფეროს წარმომადგენლის ცრურწმენები და ჩვევებია აღწერილი.

წარმოგიდგენთ კრებულის რამდენიმე საინტერესო ნაწყვეტს.

 

პაბლო პიკასო

ესპანელი მხატვარი ვერ ელეოდა ძველ, გამოუსადეგარ ტანსაცმელს, შეჭრილ თმასა და ფრჩხილებს. მისი აზრით, სხვა შემთხვევაში, მისი არსის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავდა. გარდა ამისა, პიკასო საკუთარი ნამუშევრების კოლექციონიერიც იყო. გარდაცვალების წინ მის საკუთრებაში იყო 50 ათასი სხვადასხვა დასახელებისა და ტიპის ნამუშევარი: გრავიურები, ნახატები, თეატრალური დეკორაციები, კერამიკული ნივთები და ა.შ.

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

ჩარლზ დიკენსი

მწერალი თან ატარებდა კომპასს და ცდილობდა, რომ სახით ჩრდილოეთისკენ დაეძინა. მისი აზრით, ამგვარი პრაქტიკა ინტელექტუალური რესურსების მობილიზებასა და შემოქმედებით პროდუქტიულობას უწყობდა ხელს. 

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

იოკო ონო

ახალგაზრდა მხატვარი მგრძნობიარე იყო ძლიერი ხმაურისა და შუქის მიმართ. ბნელ ოთახში, ასანთის ღერის ალის ყურებისას კი, ჩვეული შფოთვები უქრებოდა და შვება ეუფლებოდა. არტისტის თქმით, ამ რიტუალს განუწყვეტლივ ატარებდა, სანამ  ხმაურსა და ძლიერ შუქს შეეგუებოდა.

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

ტომ იორკი

სცენაზე გასვლის წინ ბრიტანელი მუსიკოსი თავზე დგება.  

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

ბიორნ ბორგი

უიმბლდონის ტურნირის წინ შვედი ჩოგბურთელი წვერს აღარ იპარსავდა და ყოველ თამაშს ბრენდ FILA-ის  ერთი და იგივე მაისურით ატარებდა. კრებულის ავტორის თქმით, ალბათ სწორედ ეს რიტუალი დაეხმარა, რომ 1976-1980 წლებში ზედიზედ 5-ჯერ გახდა უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული. 

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

ისაბელ ალიენდე

1981 წლის 8 იანვარს, როცა ჩილელმა მწერალმა გაიგო, რომ მისი ბაბუა სიკვდილის პირას იყო, მისთვის წერილის წერა დაიწყო. წერილი მის პირველ, ყველაზე ცნობილ რომანში („სულების სახლი“) გადაიზარდა. მას შემდეგ, წიგნის კომერციული წარმატებისა და მსოფლიო აღიარების გათვალისწინებით, ისაბელ ალიენდე ყოველი ახალი ნაწარმოების წერას 8 იანვარს იწყებს. 

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

NASA

1964 წელს Ranger 7 – პირველი ამერიკული ავტომატური სადგური გახდა, რომელმაც ახლო მანძილიდან მთვარის ზედაპირის გამოსახულებები დედამიწაზე წარმატებით გადმოაგზავნა. მანამდე ყველა 6 მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა. „გადავწყვიტე, რომ მართვის ცენტრში მყოფი ინჟინრებისა და მეცნიერებისთვის მიწის თხილი დამერიგებინა. ჩავთვალე, რომ ეს ჟესტი დაძაბულობას მოხსნიდა და წარმატებასაც მოიტანდა. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა“,  – იხსენებს NASA-ს მართვის ცენტრის ტრაექტორიის ინჟინერი დიკ უოლოსი.

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

აგატა კრისტი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეტექტიური ნაწარმოებების ავტორი აბაზანაში ვაშლებს მიირთმევდა და უკვდავ სიუჟეტებს თხზავდა.

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

თეოდორ ზოის გეიზელი (დოქტორ სიუზი)

ცნობილი ამერიკელი საბავშვო მწერალი და მულტიპლიკატორი ქუდებს აგროვებდა. მის კოლექციაში 300-ზე მეტი ეგზემპლარი იყო. ნაწარმოებზე მუშაობისას კარადას გამოაღებდა და ქუდებს სათითაოდ ირგებდა. ეს პროცესი მანამდე გრძელდებოდა, სანამ შთაგონება არ ეწვეოდა. კრებულის ავტორის, ელენ ვაინშტაინის თქმით, ამგვარად შეიქმნა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები:  „შლაპიანი კატა“ და „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“.

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

კოკო შანელი

 ფრანგმა დიზაინერმა კოკო შანელმა თავის ცნობილ სუნამოს სახელი მკითხავის რჩევით შეურჩია, რომელმაც დაარწმუნა, რომ ციფრი „5“ წარმატებას მოუტანდა. გარდა ამისა, სახლში 5-იანის ფორმის ბროლის ჭაღი ეკიდა. დიზაინერის ცრურწმენებს მიეწერება ისიც, რომ კოლექციების ჩვენებას წლის მეხუთე თვეს – 5 მაისს აწყობდა. 

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

დიანა ფონ ფურსტენბერგი

მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიზაინერ ქალს მამამ ბავშვობაში ოქროს ოცფრანკიანი მონეტა უსახსოვრა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ფეხსაცმლით ატარებდა და მისთვის იღბლიანი იყო. დიზაინერი მამისგან ნაანდერძევ ჩვევას არ ღალატობს და ყოველი ჩვენებისას მონეტას ფეხსაცმელში აკრავს.

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 

მერი შელი

ინგლისელი მწერალი ქალი, ავტორი წიგნისა „ფრანკეშტეინი, თანამედროვე პრომეთე“, მუშაობისას ყელზე გველს იხვევდა. მისი აზრით, გველი მოძრაობებით კარნახობდა, წერა როდის უნდა შეეწყვიტა ან გაეგრძელებინა.

  • ილუსტრაცია ელენ ვაინშტაინის კრებულიდან

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.