fbpx

სექსი, ხელოვნება და რელიგია


გააზიარე სტატია

ავტორი: ნესტან კვინიკაძე

ფოტო: ნატა სოფრომაძე

 

შესანიშნავი ბილი უაილდერი შესანიშნავ “The Paris Review”-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ცუდი დადგმის თუ პიესისაგან განსხვავებით, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა ამოიღო რეპერტუარიდან, კინოს სხვა ბედი აქვს. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად სულელური თუ ცუდია ფილმი, მას მაინც ბოლომდე გამოწურავენ. კინოსურათი ქვეყნიდან – ქვეყანაში, ეკრანიდან – ეკრანზე იმოგზაურებს.

ბევრი ადამიანი ნახავს. გადის დრო და სახლში მისული, ტელევიზორთან მოკალათებული, აღმოაჩენ, რომ ამ ფილმს ერთ-ერთ არხზე პრაიმ ტაიმში უჩვენებენ. მოგჩერებია. ის რაღაც კვლავ დაგიბრუნდა.  უალდერი ამბობს: “ჩვენ არ ვმარხავთ ჩვენ მკვდრებს, ცუდი სუნის თანხლებით ისინი ჩვენთან რჩებიან”.

კინო თავისი ბედისწერითაც ჰგავს ცხოვრებას. ხშირად გვეცნობა ხოლმე მოცემულობები, ამბები და ადამიანები, იმიტომ რომ ისინი გამუდმებით ბრუნდებიან. მათთან ერთად ვცხოვრობთ.

დედაჩემი სტუმრად თუ დაბადების დღეზე წასვლისას მე და ჩემს დას ყოველთვის ორი რამის გათვალისწინებას გვთხოვდა: 1. ლოგინზე არ დასხდეთ; 2. ბევრი არ ჭამოთ. პირობას ვიცავდით.

ჩვევა ადამიანის ცხოვრების წესს განაპირობებს, შესაძლოა ცხოვრებასაც კი. რა არის ჩვენი კოლექტიური ჩვევა დღეს? 

ღალატი. ღალატია მგრძნობელობის არქონა,  პატივისცემის დეფიციტი და არაპროფესიონალიზმიც. ვიღაცის და რაღაცის. რეალურად კი საკუთარი თავის.

შეგიძლია არ დაეთანხმო მოსაზრებას, რომ ადამიანურ გამოცდილებაში სამი საიდუმლო იმალება: სექსი, ხელოვნება და რელიგია.

მაგრამ, სამივეს ხომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის აზროვნებისა და ცხოვრების ფორმირებაში? სამივე ერთმანეთშია გადაჯაჭვული და ერთმანეთის ქცევაზეა პასუხისმგებელი. სექსი, ხელოვნება და რელიგიაა ის, რაც ადამიანს სამყაროს შეცნობაში ეხმარება.

შესაბამისად, ჩვენი აღქმის სიმძაფრე სწორედ ამ სამ საიდუმლოს უკავშირდება. და ჩვენც, შეთქმულებივით, ურთიერთობის გასარკვევად, ერთმანეთის მხილებისთვის, დასჯისთვის ან ისე, უბრალოდ, სალაღობოდ, სწორედ ამ ინსტრუმენტებით ვმოქმედებთ.

ჩვენ შეგვიძლია სასტიკად დავცინოთ სუსტი ნამუშევრის შემქმნელს, მაშინაც კი, როცა შესაძლოა, მისმა სხვა ნამუშევარმა ყოფნა შეგვიმსუბუქა და წარმოდგენაც კი შეგვიცვალა ბევრ რამეზე. 

ჩვენ შეგვიძლია ადამიანების მანიპულირება  და განადგურებამდე მიყვანა სექსის და სექსუალური გამოცდილების მხილებით. ჩვენში ასე უმტკიცებენ ერთგულებას ავტორიტეტებს. ასე მოგებულა არჩევნებიც. ეს იქცა ერთგვარ დიპლომად, რომელიც წინსვლაში გეხმარება. 

ჩვენ შეგვიძლია რელიგიის დაყვანა მოკლე ქვედაკაბებამდე, საარჩევნო კამპანიამდე და ჰალოუინამდე. ერთი სიტყვით, ჩვენთვის დანაშაული ჩვეულებრივი ამბავია. ღალატი – ჩვევა.

არადა, დანაშაული, როგორც “ბილი უალდერის მკვდარი”, არსადაც არ მიდის. მუდმივად თავს გახსენებს. დღეს მე ვარ მოძალადე, ხვალ ჩემზე იძალადებს სხვა. 

“რა არის ჩვენი გენგეგმა”, მაშინ როცა: “პორშე” გათამაშებულია, ეკლესია ჩაკეტილი, სასამართლო კარიკატურული, პრეზიდენტი კი მუნჯი კინოს მსახიობივით უცნაური და არადამაჯერებელი, რადგან უკვე ხმოვანია კინო? 

რა ვქნათ მიტაცებულ, ჩაბეტონებულ და გადაღებილ ქვეყანაში, დაზარალებულად არცნობილი დაზარალებულებით, ღარიბი მოსახლეობით და მშიერი ბავშვებით სავსე, მოკლული ცოლების, რუსი ჯაშუშებით გამოძეძგილ სახელმწიფოში? როგორ ვიცხოვროთ ძალიან პატარა ტერიტორიაზე მეტისმეტად დიდი ტრაგედიებით?

ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში, სადაც მსჯავრდებულ მწყემსს ამერიკის შეერთებული შტატებიდან წერილი მისდის: დედა, რომელსაც ხადას ხეობაში შვილი, რძალი და 4 წლის შვილიშვილი სასტიკად მოუკლეს, მკვლელს დანაშაულს პატიობს. 

“რა არის ჩვენი გენგეგმა?” იქნებ – სექსი, ხელოვნება და რელიგია? იქნებ ახლაა ის წამი? სიყვარულის ჩვენების წამი. ბოლოს და ბოლოს მარტო ვართ სახლში. უფროსები არ არიან. არავინ არაა. მხოლოდ ჩვენ და მკვდრები.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.