ფეხბურთი და ცეკვა – ვინ, როდის და რატომ იცეკვა საფეხბურთო მოედანზე
ავტორი: ტატო ჩანგელია
ფეხბურთში ცეკვა ორგვარია – ერთია პროცესში, ბურთთან უშუალო შეხებისას, ხოლო მეორე გოლის გატანის შემდეგ, აღნიშვნის ჟამს. ეს უკანასკნელი ხშირია თანამედროვე ფეხბურთში, და როგორც საფეხბურთო მატიანე გვეუბნება, ყველაფერი 1990 წელს იტალიაში, მეთოთხმეტე მუნდიალის მერვედფინალურ მატჩში დაიწყო, როცა ასაკში შესულმა ლეგენდარულმა კამერუნელმა ფეხბურთელმა როჟე მილამ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი პირდაპირ რენე იგიტას კარის მიმართულებით დაარტყა, რამაც კამერუნის ნაკრებს ისტორიული შედეგი მოუტანა – ისინი მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ასაკში შესული კამერუნელი ფორვარდი კი სიხარულით დამუხტული სხეულით კუთხურის ალამთან მივარდა და უცნაური მანერების კეთება დაიწყო, ანუ იცეკვა. პირველმა.
მას შემდეგ ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო მოვლენაა, და არც არავის უკვირს, თუმცა მაშინ ბევრმა გაიკვირვა; ცეკვა გოლის აღნიშვნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სქილია, და მას ყველა კონტინენტის ფეხბურთელი ასრულებს, თუმცა განსაკუთრებული სილამაზე, ხიბლი და ბუნებრიობა ამ რიტუალს, სწორედ აფრიკელების და სამხრეთ ამერიკელების ილეთებში ეძლევა.
პირველად საფეხბურთო მოედანზე ცეკვის ამბავში სწორედ ამ ორი კონტინენტის ფეხბურთელები გვახსენდება ხოლმე, მერე კი სხვა დანარჩენი. როჟე მილას ტრადიცია კამერუნში მისმა საფეხბურთო მემკვიდრემ სამუელ ეტოომ გააგრძელა, ის გოლის გატანას უმეტესად ცეკვით აღნიშნავდა.
თუმცა, როცა საქმე ეხებათ ბრაზილიელებს, აფრიკელებიც კი გვერდზე უნდა გავწიოთ, რადგან ცეკვა ამ ადამიანების მთავარი ხელოვნებაა, ისინი არა მარტო გოლს აღნიშნავენ ცეკვით, არამედ თამაშსაც ცეკვით თამაშობენ. ერთი სიტყვით, ბრაზილიელები ფეხბურთს კი არ თამაშობენ, არამედ ცეკვავენ.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი გოლის აღნიშვნის სცენა 1994 წლით თარიღდება: ჰოლანდიის ნაკრებთან გატანილი გოლის შემდეგ ბრაზილიელმა ბებეტომ გუნდელებთან ერთად იცეკვა და ამით შვილის შეძენა აღნიშნა, ამ პერფორმანს შემდეგში – “მამის ცეკვა” ეწოდა.
ცოტა ხანი მივიწყებული ბრაზილიური ტრადიცია ევროპაში სამხრეთ ამერიკიდან გადმოსულმა ფეხბურთელებმა გააღვიძეს – რონალდო, რივალდო, რობინიო, რობერტო კარლოსი, რონალდიონიო… რა დათვლის, რამდენი არიან…
განსაკუთრებით საინტერესო ისტორია აქვს ამ უკანასკნელის, რონალდიონიოს აღნიშვნას, თითქმის ყოველთვის, როცა მას მეტოქის კარში ბურთი გაჰქონდა, ცეკვა-ცეკვით მიდიოდა კუთხურის ალამთან და ხელებით ტელეფონს იმიტირებდა.
წლების შემდეგ გაირკვა, რომ რონი თავის ბავშვობაში მომხდარ ერთ ამბავს აცოცხლებდა: ახალგაზრდობის წლებში მას ერთი გოგო უყვარდა, რომელმაც ის მიატოვა და სხვა, იმდროინდელ ფეხბურთელში გაცვალა, მომავლის ფეხბურთელს კი ასეთი ირონიით შეკაზმული სიტყვა დაუტოვა: როცა დიდი ფეხბურთელი გახდები, დამირეკე.
პატარა ბიჭს მოტივაცია მიეცა და აქტიურად დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა – გრემიოში მოასპარეზე რონი მალევე აღმოაჩინეს პარიზული კლუბის სკაუტებმა და თავისთან გადმოიბირეს, შემდეგ კი ყველასათვის საოცნებო ესპანურ გრანდში გადაბარგდა და ფეხბურთის მოყვარულთა გულებში სამუდამოდ დაიდო საკადრისი ადგილი… ის თითქმის ყოველ ტურში ბავშვობის სიყვარულს მესიჯს უგზავნიდა – “ურეკავდა”.
ცეკვის ამბავში ევროპელებსაც არაფერი დაეწუნება, მათ სხვანაირი ცეკვა აქვთ, თავისებური. ალბათ ერთი-ორი კადრი გვითამაშებს კიდეც გონებაში, აგერ, მაგალითად, ტანმაღალი პიტერ კრაუჩი, თავისებური – რობოტის ცეკვით.
გვახსოვს, 2015 წელს “ლივერპული” – “კრისტალ პალასის” შეხვედრა, რომელშიც სტარიჯმა ანგარიში გაათანაბრა, და მან და მისმა თანაგუნდელმა მორენომ საფირმო ცეკვა შემოგვთავაზეს.
როგორც ამბობენ, ფეხბურთი გამოხატავს ერს, ეს გამოთქმა სულაც არ არის აზრს მოკლებული – აგერ, გერმანელების ფეხბურთი იდენტურია მათ ისტორიულ და მენტალურ ცნობიერებასთან – ბოლომდე მებრძოლი “მანქანები”, დისციპლინის უმაღლესი დაცვით. თუნდაც ინგლისელები ავიღოთ თავიანთი პროზაული ფეხბურთით.
ასეა ცეკვაც – მოძრაობის ხელოვნება, ფოლკლორული ნიმუში, რომელიც ადამიანთა ცნობიერებაში სამუდამოდ არის ჩაწერილი და ის ხშირად იჩენს თავს მოედანზეც.
ისევ ბრაზილიას დავუბრუნდეთ – აქ მოხვედრილს, თვალში ყველაზე მეტად სამი რამ მოგვხვდება: პირველი, რა თქმა უნდა, ფეხბურთი – მუნიციპალურ ქვიშის მოედნებზე მორბენალი შიშველი ბიჭები.
მეორე, მოედნებზე მოცეკვავე ქალები და კაცები. მესამე კი – ყავა. ბრაზილიაში ფეხბურთი და ცეკვა ერთმანეთს გამორჩეული აქტიურობით გადაკვეთენ, რადგან ეს ორი რამ მათი ყოველდღიურობაა.
შესაბამისად, ერის ცხოვრებაში, სადაც ცეკვას დიდი როლი უჭირავს, მისი ელემენტები მოედანზეც გადმოდის. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სათქმელია: ლეგენდარული უკრაინელი ფორვარდის, ანდრეი შევჩენკოს ირმის ნახტომის ფორმატის დრიბლინგში და ბურთთან ურთიერთობაში მოდარაჯე კაცის თვალი ადვილად შეამჩნევს უკრაინული ეროვნული ცეკვის – გოპაკის ილეთებს.
აქ აუცილებლად გამოჩნდება სკეპტიკოსი და იტყვის, ეგრე ხომ ცეკვა ჩვენთვის, ქართველებისთვის დიდი რამეაო. მართლაც ასეა. და რატომ არასდროს შეგვინიშნავს ჩვენი ფეხბურთელები ისე თამაშობდნენ, როგორი ცეკვაც გვაქვსო.
ჩვენი ფეხბურთელები მართლაც ისე რომ თამაშობდნენ, როგორი ცეკვაც გვაქვს, ქართული ფეხბურთის საქმე უკეთ იქნებოდა, მაგრამ გასულ წელს, ერთა ლიგაზე, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოდიოდა, თანაც საკმაოდ წარმატებით, და აგერ, მომდევნო ეტაპზეცაა გასული, ერთმა ბიჭმა გაიბრწყინა, ამ ახლად დაარსებული ლიგის ისტორიაშიც ჩაიწერა თავი – პირველი გოლი შეაგდო.
მარტივი მისახვედრია, ლაპარაკი გიორგი ჩაკვეტაძეზეა. არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, რომლის მოძრაობებში – ფინტებში, დიდი დოზით შეიმჩნევა ქართული ცეკვის ელემენტები, განსაკუთრებით კი აჭარულის…
ფაქტობრივად, ჩაკვეტაძის თამაშის სტილი შეგვიძლია მივიჩნიოთ ეროვნულ საფეხბურთო ნიშად, რომელიც გამოხატავს ერის მენტალურ, ისტორიულ, კულტურულ პარადიგმებს. ეს კი უკვე მნიშვნელოვანია, რადგან მილიარდ ადამიანს ფეხბურთი სწორედ ამიტომ უყვარს.
როგორც ბრაზილიელებს, ან ინგლისელებს გამოხატავთ თავიანთი მოძრაობები, ისე უნდა გამოხატავდეს ჩვენი მოძრაობები იმას, რაც ჩვენია, და რაც ძალიან გვიყვარს, გულის სიღრმეში კი ძალიანაც “გვძულს”.
ერთი სიტყვით, ფეხბურთსა და ცეკვას შორის ბევრი მსგავსებაა, ისინი მაინც მოძრაობის ხელოვნებას წარმოადგენენ, თანაც, როგორც ერთი ფეხბურთით შეპყრობილი იტალიელი რეჟისორი იტყოდა: “ფეხბურთი ჩვენი დროის უკანასკნელი საკრალური სანახაობაა. რიტუალია”. მოძრაობებით გამოხატვის საუკეთესო სცენა.