fbpx

ბავშვების ნახატებში გადმოცემული შეიარაღებული კონფლიქტების ტრავმები


გააზიარე სტატია


არასამთავრობო ორგანიზაცია “ხსნის საერთაშორისო კომიტეტი” (IRC) 1933 წელს დაარსდა და მისი მიზანია ომის, ოჯახური ძალადობის, არაჰუმანური მოპყრობისა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანების გადაუდებელი დახმარება. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ე.წ. ტოქსიკური სტრესის ქვეშ მყოფი ბავშვების მხარდაჭერაა, ანუ იმ არასრულწლოვნების რეაბილიტაცია, რომლებმაც შეიარაღებული კონფლიქტებისა თუ ომების ფონზე სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს. 

„ხშირად რთულია იმის დაფიქსირება, თუ როგორ აისახება ტრავმა ბავშვების ფსიქიკაზე, რადგან მცირეწლოვნებს უჭირთ გამოთქვან თავიანთი განცდები და ვინმეს გაუზიარონ ემოციები. ჩვენი ფსიქოლოგები მათ გახსნას ხატვის მეშვეობით ცდილობენ“, – განმარტავს ორგანიზაციის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი სარა სმითი. მისი თქმით, ნახატები ნათლად აჩვენებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპეციალისტების დროული ჩარევა ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარების აღმოსაჩენად.

ნახეთ ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში შეგროვებული ნახატები, რომელთა ავტორები კამბოჯის, სიერა-ლეონეს, უგანდის გენოციდისა და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში მიმდინარე ომების მსხვერპლი ბავშვები არიან. 

  • ნახატის ავტორი ყოფილი ბავშვი-ჯარისკაცია, რომელიც უგანდაში „უფლის წინააღმდეგობის არმიის“ (LRA) მეომარი იყო (LRA – გასამხედროებული ფსევდო-ქრისტიანული სექტა, რომლის იდეოლოგიის მიხედვით, ჯანსაღი საზოგადოების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ იმ ბავშვებისგან, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს ცოდვებით არ არიან დამძიმებულნი. ორგანიზაცია აჩოლის ხალხთა რიგებიდან პატარებს იტაცებდა და მათგან მებრძოლებს ზრდიდა).
  • ნახატის ავტორი LRA-ის ყოფილი ბავშვი-ჯარისკაცია. 20-წლიანი ომის განმავლობაში ორგანიზაციამ 30 ათასამდე ბავშვი გაიტაცა და “ბოევიკებად” გაზარდა. 
  • ნახატის ავტორი სირიიდან დევნილი არასრულწლოვანია, რომელმაც დაბომბვის შედეგად მშობლები დაკარგა. 
  • 1991-2002 წლებში სიერა-ლეონეში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ბავშვი-მეომრები იბრძოდნენ როგორც აჯანყებულთა, ასევე სამთავრობო ოფიციალურ შენაერთებში. IRC რეაბილიტაციის ცენტრებში ისინი თავიანთ ამბებს ნახატებით იხსენებდნენ. 
  • მარცხნივ: 16 წლის სირიელი გოგონას ნახატია, რომელიც იორდანიაში ძმებთან ერთად მას შემდეგ გაიქცა, რაც დაბომბვამ მისი მშობლები და და შეიწირა. ნახატზე, რომელზეც დაბომბვაა გამოსახული, მისი ძმის სიზმარია.
  • მარჯვნიც: კამბოჯელი ბიჭის 1979 წლის ნახატია წარწერით: „ნანა, ნუ წახვალ ომში“. 70-იანი წლების ბოლოს IRC ვიეტნამელ, ლაოსელ და კამბოჯელ დევნილებს ეხმარებოდა. 
  • სიერა-ლეონელი ბავშვის ნახატი. 2001 წელი
  • 12 წლის კამბოჯელი ზანას ნახატი: „ტანჯვისთვის დავიბადე“
  • ნახატი ეკუთვნის სირიელ ბავშვს, რომელიც ბერძნულ კუნძულ ლესბოსზე არსებულ დევნილთა ბანაკ “მორიაში” ცხოვრობს. ნახატის ავტორი ერთ-ერთია იმ 18 არასრულწლოვანთაგან, რომლებმაც 2018 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით თვითმკვლელობა სცადეს. ბანაკში მცხოვრები არასრულწლოვნების მეოთხედმა თვითდაზიანებას მიმართა. დანარჩენებში კი მეტყველების უნარის დროებითი მოშლა, პანიკური შეტევები და ღამის კოშმარები დაფიქსირდა. (IRC-ის ცნობით, 3000 კაცზე გათვლილ ბანაკში სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან დევნილი 9000 ადამიანი ცხოვრობს. ომების შედეგად ტრავმირებული არასრულწლოვნები არასანიტარიულ გარემოში ცხოვრობენ, რაც კანის სერიოზულ დაავადებებს და სხვა მძიმე ინფექციებს იწვევს. გარდა ამისა, ბევრი მათგანი მუდმივ შიშში ცხოვრობს, განიცდიან როგორც ფიზიკურ, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობას.)

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.